პატიმარი ამბობს, რომ გეგუთის ციხეში ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შეურაცხყოფის გამო პირი ამოიკერა - პენიტენციური უარყოფს

პუბლიკა

პატიმარი ლევან გულუა Info Imereti-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ გეგუთის N14 დაწესებულებაში ციხის ხელმძღვანელობა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ფისქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა.

მისივე თქმით, „ფსიქოლოგიური ტერორის პირობებში ამოიკერა პირი“ და პროტესტის ამ ფორმას მიმართეს სხვა პატიმრებმაც.

პენიტენციური სამსახური პატიმრის მონათხრობს უარყოფს.

„ახლა ვარ მე-10 დაწესებულებაში, ვიმყოფებოდი გეგუთის მე-14 დაწესებულებაში. მომიპარეს იქიდან და გადამიყვანეს N2 დაწესებულებაში.

ზირაქაშვილი მამუკა არის გეგუთის დაწესებულების დირექტორი, უსაფრთხოების უფროსია ტარიელ მეგრელიშვილი, რომლებიც ითხოვდნენ ჩემგან ინფორმაციებს, მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა…

ფსიქოლოგიური ტერორის პირობებში ამოვიკერე პირი. იძულებული გავხდი. ჩემთან ერთად ბიჭებმაც ამოიკერეს პირი, მივმართეთ პროტესტის ზომას, სხვა ბერკეტი ჩვენ არ გაგვაჩნდა იქ.

ამის შემდეგ არც ოქმი, არც საბუთი – არაფერი არ შეუდგენიათ. პირიქით, მოხდა ისე, რომ მოგვახსნევინეს. იქ, კამერებშიც კარგად ჩანს დაწესებულებაში ჩემი გადაადგილება – იქ როგორ მხვდებიან მამუკა ზირაქაშვილი და მისი მოადგილეები…

…მივმართე გიორგი კიკალიშვილს, დეპარტამენტის წარმომადგენელია, თანამდებობის პირი. ავუხსენი ეგ ინფორმაცია და პირიქით, მე-9 დღეს „მომიპარეს“ გეგუთის მე-14 დაწესებულებიდან და გადამიყვანეს მე-2 დაწესებულებაში.

3 დღის შემდეგ გამომიგზავნეს ჩემი პირადი ნივთები“, – ამბობს პატიმარი, რომელიც შემდეგ მე-2 დაწესებულებიდან მე-10 დაწესებულებაში გადავიდა.

პატიმარი სახალხო დამცველთან შეხვედრას და რეაგირებას მოითხოვს.

„ჩემი მოთხოვნაა, რომ საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა და ვიღაც ადგეს, კეთილი ინებოს… ის იოსელიანი რომ გამოდის იქ და დაზეპირებულ ტექსტს რომ ყვება, ჩვენ ვიყავით შესული და არაფერი არ ხდებაო, შემხვდეს პირადად მე და მომისმინოს, მე გავარკვევ ყველა დეტალში და თუ უნდა რეაგირება, გააკეთოს. ვითხოვ რეაგირებას“, – ამბობს ის.

„პუბლიკას“ პენიტენციურ სამსახურში მოკლე ტექსტური შეწყობინების ფორმით განუცხადეს, რომ არანაირ ზეწოლა მასზე არ ყოფილა და რომ ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. უწყება უარყოფს პირის ამოკერვასაც. მათი ცნობით, სხვა ციხეში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას პენიტენციური იღებს სხვადასხვა მიზეზით – ამ მიზეზების განმარტება კი პერსონალური მონაცემებია, რომელთა გამჟღავნება არ შეუძლიათ.