ოთხი წლის წინ 12 წლის მაშა მოსკალიოვა სკოლის დირექტორმა „ანტირუსული“ ნახატის გამო ხელისუფლებასთან დაასმინა. საშინაო დავალებისთვის შესრულებულ ნამუშევარზე გამოსახული იყო ქალი, რომელიც პატარა ბავშვს რუსული რაკეტებისგან იცავდა, ასევე – უკრაინის დროშა წარწერით „დიდება უკრაინას!“ და რუსეთის დროშა წარწერით „არა ომს!“.
„ერთ დღეს სკოლაში ხელოვნების გაკვეთილი გვქონდა. მასწავლებელმა გვითხრა, რომ დაგვეხატა რაიმე პოლიტიკური, მიუხედავად იმისა, რომ ეს, როგორც წესი, აკრძალული იყო. დაგვავალა, დაგვეხატა რაიმე, რითაც ვაჩვენებდით ჩვენს მხარდაჭერას ჯარის, ომისა და პრეზიდენტის მიმართ“, – იხსენებს „ნოვაია გაზეტა ევროპასთან“ ინტერვიუში უკვე 16 წლის მაშა. მისი დავალებით დაინტერესდა თანაკლასელი, რომელმაც ჯერ მასწავლებელს, შემდეგ კი სკოლის დირექტორს აცნობა ნახატის შესახებ. ორი დღის შემდეგ საქმეში პოლიციაც ჩაერთო.
მალევე რუსეთის ქალაქ ეფრემოვის ერთ-ერთ სკოლაში დაწყებულმა გამოძიებამ მაშას მამას, ალექსეი მოსკალიოვსაც მიაკითხა, რომელიც ამ დროისთვის სოციალურ მედიაში უკვე ღიად აკრიტიკებდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას. რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „ოვდ-ინფოს“ თანახმად, დაკითხვების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ ალექსეის.
ხანგრძლივი გამოძიების, შიდა პატიმრობისა და სახლის ძალისმიერი ჩხრეკა-დარბევის შემდეგ, სასამართლომ ალექსეი მოსკალიოვს რუსეთის არმიის „დისკრედიტაციის“ ბრალდებით 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ალექსეი მოსკალიოვი ტულის ოლქში გამოსასწორებელ კოლონიაში გაამწესეს. სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად, მან ციხეში წელწადი და ათი თვე გაატარა. ამ დროის განმავლობაში მისი ქალიშვილი ჯერ ბავშვთა თავშესაფარში იმყოფებოდა, შემდეგ კი გაუცხოებულ დედასთან, რომელთანაც უკვე წლები იყო, კონტაქტი აღარ ჰქონდა.
„ნოვაია გაზეტასთან“ ინტერვიუში ალექსეი მოსკალიოვი ციხის პირობებზეც საუბრობს. „ჩემი დასჯის უამრავ მიზეზს პოულობდნენ; ხან გუშაგებს არ მივმართავდი სათანადოდ, ხან ხელები არ მეჭირა სწორად ან რაღაც ამდაგვარი. როგორც მე მივხვდი, მათ მიიღეს ზარი „ფსბ-დან“ (FSB) და დაავალეს ჩემზე ზეწოლა.“
როგორც ალექსეი იხსენებს, მას ხშირად ლეიბის გარეშე, უბრალოდ საწოლის კარკასზე უწევდა ძილი. თხელ საბანს თავზე იხვევდა ხოლმე, რათა ვირთხების ნაკბენებისა და შესაძლო ინფექციებისგან დაეცვა თავი.
გათავისუფლების შემდეგ
2024 წელს მამა-შვილმა საბოლოო გაერთიანებიდან მალევე რუსეთი დატოვეს და სომხეთში გაემგზავრნენ. იქიდან ცდილობდნენ გერმანიის ჰუმანიტარული ვიზის მოპოვებას, თუმცა უშედეგოდ. გარკვეული დროის შემდეგ საფრანგეთის საელჩოში შეიტანეს საბუთები და თვე-ნახევარში მიღებული ვიზით, 2026 წლის მარტში მოსკალიოვების ოჯახი საფრანგეთში გაფრინდა.
2026 წლის ივლისში მამა-შვილმა საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და ახლა ცხოვრებენ.
მოსკალიოვები „ნოვაია გაზეტასთან“ ჰყვებიან, რომ არცერთს აღარ სურს საქმის დაჭერა ქალაქ ეფრემოვის ხელისუფლებასთან. მაშას თქმით, მათთვის რუსეთში დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა უმაღლეს დონეზე შეიცვლება რამე, თუმცა კი ეჭვი ეპარება, ეს ახლო მომავალში მოხდეს.