„ბიტექსჩეინჯი“ ეროვნულ ბანკს პასუხობს

პუბლიკა

კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯი“ ეროვნული ბანკის განცხადებას პასუხობს, რომელშიც სები კომპანიისთვის 572 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ბიტექსჩეინჯი“ ეროვნული ბანკის განცხადებას „დაუსაბუთებელს და უპასუხისმგებლოს“ უწოდებს. კომპანიის შეფასებით, ასევე დაუსაბუთებელია მარეგულირებლის გადაწყვეტილება, რომლის კანონიერებაც, მისივე ინფორმაციით, სასამართლოშია გასაჩივრებული.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მიუღებელია, როცა ეროვნული ბანკი სადავო დასკვნებს დადასტურებულ ფაქტებად წარმოაჩენს მაშინ, როდესაც მიმდინარეობს გამოძიება სების საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ.

კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ განცხადებით, ეროვნულ ბანკს არაერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია და მტკიცებულებები ყეინიშვილის მიერ რეგულირებული კომპანიების საქმიანობაში შესაძლო ფაქტობრივი მონაწილეობისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

„ეროვნულ ბანკს თვეების განმავლობაში ხელთ ჰქონდა ჩვენი არაერთი ოფიციალური მიმართვა, რომლებშიც დეტალურად იყო აღწერილი შემოწმების მიმდინარეობის, ინტერესთა კონფლიქტისა და კონკურენტების მიმართ შერჩევითი მოპყრობის გარემოებები. ჩვენ ვითხოვდით ამ საკითხების შესწავლას, ნანა ყეინიშვილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან დროებით ჩამოშორებასა და შემოწმების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას.

ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული მოთხოვნები უგულებელყო და შესაბამისი რეაგირების ნაცვლად კომპანიას უპრეცედენტო, ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი და აშკარად არაპროპორციული ჯარიმა დააკისრა“, – წერია განცხადებაში.

კომპანია მარეგულირებლისგან მოითხოვს განმარტებას, როგორ დარეგისტრირდნენ და საქმიანობდნენ ყეინიშვილსა და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები, როგორ დადგინდა მათი ფაქტობრივი მფლობელობა და კონტროლი და როგორ იყო უზრუნველყოფილი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება რეგისტრაციისა და ზედამხედველობის პროცესში.

„პასუხს მოითხოვს ნანა ყეინიშვილისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესების საკითხი. ეროვნულ ბანკს არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია და მტკიცებულებები ყეინიშვილის მიერ რეგულირებული კომპანიების საქმიანობაში შესაძლო ფაქტობრივი მონაწილეობისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. მოვითხოვთ განმარტებას, როგორ დარეგისტრირდნენ და საქმიანობდნენ მასთან და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები, როგორ დადგინდა მათი ფაქტობრივი მფლობელობა და კონტროლი და როგორ იყო უზრუნველყოფილი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება მათი რეგისტრაციისა და ზედამხედველობის პროცესში. რატომ გახდა ნანა ყეინიშვილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან ჩამოშორება შესაძლებელი მხოლოდ საკითხის საჯაროდ გახმაურების შემდეგ, როდესაც შესაბამისი მოთხოვნა თვეებით ადრე გვქონდა წარდგენილი?“, – წერს კომპანია.

„ბიტექსჩეინჯი“ ასევე სვამს კითხვებს გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებული კრიპტოკომპანიის, „კრიპტომატის“ შესახებ: ჩატარდა თუ არა იქ ანალოგიური შემოწმება და რატომ არ გამოიყენა ეროვნულმა ბანკმა მის მიმართ ის საზედამხედველო ზომები, რომლებიც „ბიტექსჩეინჯის“ წინააღმდეგ გამოიყენა.

„შერჩევითი მოპყრობის კონკრეტული მაგალითია ჩვენი პირდაპირი კონკურენტი, გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებული შპს „კრიპტომატი“. მარეგულირებლის უმოქმედობამ „ბიტექსჩეინჯი“ არჩევანის წინაშე დააყენა: ან კონკურენტისგან განსხვავებით ცალმხრივად აგვემოქმედებინა მომხმარებელთა იდენტიფიკაცია, რაც კომპანიის შემოსავლების კატასტროფულ შემცირებასა და გადახდისუუნარობის საფრთხეს ქმნიდა, ან დავლოდებოდით ყველა ოპერატორისთვის შეთანხმებულ თარიღს.

განსაკუთრებით საყურადღებოა მოვლენათა ქრონოლოგია და თანდართული აუდიომტკიცებულება.

2026 წლის 18 თებერვალს გიორგი ბაჩიაშვილი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა პატიმრობიდან. 25 თებერვალს „კრიპტომატის“ წარმომადგენელმა ვახტანგ ვახტანგიშვილმა გვაცნობა, რომ მომხმარებელთა იდენტიფიკაციის ამოქმედების თარიღი — 2 მარტი, 13:00 საათი — ეროვნულ ბანკთან ჰქონდათ შეთანხმებული. შეთანხმებულ თარიღზე იდენტიფიკაცია ორივე კომპანიამ აამოქმედა, თუმცა 13 მარტს „კრიპტომატმა“ იგი კვლავ გათიშა.

ჩვენს შეკითხვაზე ვახტანგიშვილმა 15 მარტს გამოგვიგზავნა თანდართული აუდიოშეტყობინება, რომელშიც ისმის ფრაზები: „რაც ბოლო პერიოდში მოხდა“, „არ გვართვევინებდნენ“, „მოვგვარდით“. ჩანაწერის ბოლოს იგი ასევე აცხადებს, რომ მომხმარებელთა იდენტიფიკაციას მომდევნო სამშაბათს ჩართავდნენ. თუმცა ეს „სამშაბათი“ რამდენიმე თვის განმავლობაში არ დადგა — „კრიპტომატი“ კვლავ აგრძელებდა საქმიანობას მომხმარებელთა იდენტიფიკაციის გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკი, არაერთი შეტყობინებისა და წარდგენილი მტკიცებულების მიუხედავად, მოთხოვნების თანაბარ აღსრულებას არ უზრუნველყოფდა.

აღნიშნული გარემოებები, ბაჩიაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებისა და მანამდე მისი, როგორც „კრიპტომატის“ მნიშვნელოვანი წილის მფლობელის, კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის პრობლემების გათვალისწინებით, მიუთითებს არსებული დაბრკოლებების მოგვარების მცდელობაზე. მიმოწერა და აუდიოჩანაწერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის დასადასტურებლად, რომ ეროვნული ბანკი ინფორმირებული იყო „კრიპტომატის“ საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესებისა და იდენტიფიკაციის ამოქმედების შეთანხმებული პირობების შესახებ. მიუხედავად ამისა, მარეგულირებელმა მოთხოვნების თანაბარი აღსრულება არ უზრუნველყო.

„ბიტექსჩეინჯმა“ იდენტიფიკაციის მოთხოვნების შესრულება განაგრძო, რამაც იგი კონკურენტულად არათანაბარ პირობებში ჩააყენა და შემოსავლების კატასტროფული შემცირება გამოიწვია. ეროვნულ ბანკს დარღვევების შესახებ არაერთხელ მივაწოდეთ წერილობითი შეტყობინებები და ვიდეომტკიცებულებები, თუმცა შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.

ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილი, მძიმე ფინანსური დანაშაულისთვის ნასამართლობის მიუხედავად, კვლავ ფიგურირებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის მფლობელად. ეროვნული ბანკის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ პირს ასეთ მონაწილეობას უკრძალავს.

მოვითხოვთ განმარტებას, რატომ არ იქნა უზრუნველყოფილი აღნიშნული მოთხოვნის აღსრულება, ჩატარდა თუ არა „კრიპტომატში“ ანალოგიური შემოწმება და რატომ არ გამოიყენა მარეგულირებელმა ამ კომპანიის მიმართ ის საზედამხედველო ზომები, რომლებიც „ბიტექსჩეინჯის“ მიმართ გამოიყენა“, – წერს კომპანია და განცხადებას თან ურთავს ვახტანგ ვახტანგიშვილთან საუბრის ჩანაწერებს.

კომპანია მოუწოდებს ეროვნულ ბანკს, შეწყვიტოს სადავო დასკვნების დადასტურებულ ფაქტებად წარმოჩენა და საჯაროდ უპასუხოს მისივე ქმედებებისა და უმოქმედობის შესახებ დასმულ კითხვებს.

„სახელმწიფო მარეგულირებელი ვალდებულია, კანონი თანაბრად აღასრულოს და უზრუნველყოს მიუკერძოებელი ზედამხედველობა. თუ ეროვნული ბანკი კვლავ გააგრძელებს ჩვენი მოთხოვნების უგულებელყოფასა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებას, კომპანიის წარმომადგენლები საჯაროდ, მაქსიმალური დეტალიზაციით წარმოადგენენ მიმდინარე მოვლენების ქრონოლოგიას, დოკუმენტურ მტკიცებულებებსა და ეროვნული ბანკის კონკრეტული თანამდებობის პირების როლს აღნიშნულ პროცესებში, კანონით დასაშვებ ფარგლებში“, – წერს კომპანია.

რას ამბობს ეროვნული ბანკი

10 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ეროვნული ბანკი წერს, რომ „ბიტექსჩეინჯის“ შემოწმება 2026 წლის თებერვალში, გეგმურად ჩატარდა. სების შეფასებით, კომპანიის მტკიცება, რომ დაჯარიმება მის მიერ მარეგულირებლისთვის მიწოდებულ ინფორმაციას უკავშირდება, უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

სების თანახმად, კომპანიას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესებისა და სხვა მოთხოვნების დარღვევისთვის ჯამში 572 118 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა. კომპანიის ორ ადმინისტრატორს კი დამატებით, თითოეულს, 7 000-ლარიანი ჯარიმა.

ეროვნული ბანკის განმარტებით, კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმის უდიდესი ნაწილი — 572 033 000 ლარი — მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების დარღვევას უკავშირდება. სების მტკიცებით, თვითმომსახურების კიოსკებით ოპერაციები მომხმარებელთა სათანადო იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების გარეშე ხორციელდებოდა.

მარეგულირებელი ასევე მიუთითებს მონაცემთა ელექტრონულ სისტემებში არსებულ ხარვეზებზე, საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენისა და აღრიცხვის პრობლემებზე, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ორი საეჭვო ოპერაციის შესახებ ანგარიშგების წარუდგენლობასა და ეროვნული ბანკისთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებაზე.

სების განცხადებით, ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო და მას ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობაზე გავლენა არ ჰქონდა. უწყება განმარტავს, რომ ეს მიმართულება ყეინიშვილის საკურატორო სფეროში არ შედიოდა და საზედამხედველო შემოწმების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა საბჭოს წევრებსაც არ ჰქონდათ.

ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზეა დაწყებული. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებები, რომლებიც პროკურატურას ეროვნულმა ბანკმა გადაუგზავნა.

9 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ყეინიშვილის საკითხის გამოძიების დასრულებამდე ის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს.


9 ოქტომბერს ამ თემაზე „რადიო თავისუფლებამ“ ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა.

  • გამოძიების თანახმად, 2024 წლის 19 ივლისს ნანა ყეინიშვილმა „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებელს, დავით ორჯონიკიძეს, ბიზნესის ახალ კომპანიაში გაერთიანება და წილების  განაწილება შესთავაზა.  გამოცემის მიხედვით, ყეინიშვილი კომპანიას დაახლოებით 800 000 ლარის ინვესტიციას და დამატებით მფარველობასა და ბიზნესის გაფართოებაში დახმარებას სთავაზობდა. სტატიაში აღწერილია ოთხსაათზე მეტი ხანგრძლივობის ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც 2024 წლის 19 ივლისს, ყეინიშვილის სახლში გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა. 

    „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლის, დავით ორჯონიკიძის თქმით, კომპანია იმ დროისთვის სულ მცირე 10 მილიონ ლარად ფასობდა და შეთავაზებული თანხა მოთხოვნილ წილს არ შეესაბამებოდა.

  • აუდიოჩანაწერის აღწერის თანახმად, ყეინიშვილი კომპანიის წარმომადგენლებს ეუბნება, რომ მასთან პარტნიორობა მათ კონკურენტებისგან დაიცავს და ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარება. ამავე დროს, საუბარში საკუთარ გავლენებზე და ბიძინა ივანიშვილთან კავშირზეც მიანიშნებს. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საუბარი მხოლოდ ინვესტირებას არ ეხება — ყეინიშვილი, სავარაუდოდ, საკუთარ გავლენებს ბიზნესის დაცვისა და კონკურენტული გარემოს შეცვლის შესაძლებლობას უკავშირებს.
  • გამოცემის მიერ საჯარო რეესტრის, საბანკო დოკუმენტებისა და სხვა მასალების შესწავლით გამოვლენილია ყეინიშვილისა და მისი ოჯახის პირდაპირი ან ირიბი კავშირები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ კომპანიებთან.

მათ შორისაა:

  • VIP Pay — ყეინიშვილი ჩანაწერში ამ კომპანიას საკუთარ ბიზნესად აღწერს. გამოცემის მიხედვით, სებ-ის საბჭოში არჩევის შემდეგ კომპანიის წილი თავდაპირველად სხვა პირს გადაეცა, 50 დღის შემდეგ კი ყეინიშვილის შვილმა გამოისყიდა.

  • მულტიპრაიმი (ყოფილი მულტიფეი) — ჩანაწერში ყეინიშვილი საუბრობს ახალი საგადახდო პროვაიდერის რეგისტრაციაზე; გამოძიება ამ კომპანიის მფლობელობასა და მისამართს ყეინიშვილის ოჯახთან აკავშირებს.

  • Money Exchange Plus — ვალუტის გადამცვლელი კომპანია, რომლის რეგისტრაციის მონაცემებშიც გამოძიება ყეინიშვილთან დაკავშირებულ პირებსა და მისამართს ასახელებს.
  • Crypto Exchange — ვირტუალური აქტივის პროვაიდერი, რომელთანაც გამოცემამ ყეინიშვილის შესაძლო კავშირი გამოავლინა.

ჟურნალისტური გამოძიების მთავარი კითხვაა, რამდენად თავსებადია ეს კავშირები ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისთვის კანონით დადგენილ შეზღუდვებთან და როგორ ამოწმებდა მარეგულირებელი ამ კომპანიებს.

  • „რადიო თავისუფლების“ ცნობით, დავით ორჯონიკიძემ ფარული ჩანაწერი სუსს 2024 წლის 21 ივლისს გადასცა. მისი მონათხრობის მიხედვით, თავდაპირველად უწყების თანამშრომელი ეხმარებოდა მტკიცებულების მოპოვებაში, მოგვიანებით კი უთხრეს, რომ ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მათი კომპეტენცია არ იყო.

    2025 წლის დეკემბერში სუსის გამომძიებლები თავად „ბიტექსჩეინჯის“ ოფისში მივიდნენ და კომპანიის დოკუმენტები გამოითხოვეს. გამოძიების თანახმად, ამოღების საფუძვლად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტები სახელდებოდა.

    სუსს „რადიო თავისუფლების“ შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია.

  • ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ეროვნული ბანკის შემოწმების პერიოდში — 2024 წლის 18 მარტიდან 2026 წლის 6 თებერვლამდე — „ბიტექსჩეინჯმა“ მომხმარებლის იდენტიფიკაციის გარეშე დაახლოებით 572 ათასი ოპერაცია განახორციელა. თითოეული ოპერაცია ცალკე დარღვევად ჩაითვალა და თითოეულზე 1 000-ლარიანი ჯარიმა განისაზღვრა. გამოცემა წერს, რომ სებს მომხმარებელთა იდენტიფიკაციის პრობლემის შესახებ კომპანიის წერილობითი მიმართვები მანამდეც ჰქონდა მიღებული. „ბიტექსჩეინჯი“ ითხოვდა, ბაზარზე მოქმედი ყველა კომპანიისთვის იდენტიფიკაციის მოთხოვნა თანაბრად ამოქმედებულიყო. გამოძიების მიხედვით, სებს კომპანიის მთავარ კონკურენტთან, გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებულ „კრიპტომატთან“, ანალოგიური შემოწმება არ ჩაუტარებია.