სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ირანი ახლა „კმაყოფილია“ „ტრამპის მარშრუტით“

პუბლიკა

ავტორი: ანი ღულინიანი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სომხეთის პარლამენტში განაცხადა, რომ ირანი „კმაყოფილია“ ტრამპის მარშრუტთან დაკავშირებული „მთელი“ პროცესით. მირზოიანის თქმით, ირანის ეს, ერთი შეხედვით, დადებითი დამოკიდებულება იმ ფონზე, როდესაც თეირანმა მანამდე არაერთხელ და საჯაროდ გამოხატა შეშფოთებას, ირანში ბოლო ვიზიტის შემდეგ მისთვის ნათელი გახდა. 

„ტრამპის მარშრუტი“, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP), სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ის შუამავლობით შეთანხმებული პროექტია. მისი მიზანია აზერბაიჯანის დაკავშირება თავის ექსკლავ ნახიჩევანთან სომხეთის ტერიტორიის გავლით.

ირანმა მანამდე არაერთხელ გამოხატა შეშფოთება პროექტის იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომლებიც ითვალისწინებს ირანის საზღვართან ახლოს აშშ-ის სამხედროების განლაგებას, ასევე – შესაძლო საფრთხეების გამო, რომლებიც, მათი შეფასებით, სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას შეიძლება დაემუქროს. გასულ კვირას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ კიდევ ერთხელ გამოხატა თეირანის შეშფოთება სომხეთის გავლით აშშ-ის მიერ მართული სატრანზიტო დერეფნის დაგეგმილ გახსნასთან დაკავშირებით.

ირანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, 7 ოქტომბერს, პარლამენტში დეპუტატმა არუსიაკ მანავაზიანმა მირზოიანს ირანში ვიზიტისა და ტრამპის მარშრუტის მიმართ ირანის დამოკიდებულების შესახებ ჰკითხა.

5 ოქტომბერს გამართული ვიზიტის ფარგლებში მირზოიანი შეხვდა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს, პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ ღალიბაფს და საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის.

„ირანი კმაყოფილია TRIPP-ის გარშემო მიმდინარე მთელი პროცესით: იმ სრული გამჭვირვალობით, რომელსაც ჩვენ ვიცავთ, ყველა საკითხის განხილვისთვის ჩვენი მზადყოფნით და ასევე იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რომლებსაც სწორედ ამ ინფრასტრუქტურის ამოქმედება თავად ირანსაც მისცემს“, – განაცხადა მირზოიანმა.

ტვირთებისა და საჰაერო ტრანსპორტირების შესახებ დასმული კითხვის პასუხად მირზოიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის მზადყოფნას, გააძლიეროს ურთიერთობები ირანთან საერთაშორისო სანქციების მიუხედავად. მან დასძინა, რომ ირანთან ურთიერთობები სომხეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ამას „საფრთხის ქვეშ არ დააყენებენ“.

სექტემბერში სომხეთში ირანის ელჩმა განაცხადა, რომ ირანი ტრამპის მარშრუტის პროექტს არ ეწინააღმდეგება, თუ ის სრულად სცემს პატივს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არ გამოიწვევს რეგიონში ამერიკული სამხედრო ან უსაფრთხოების ძალების ყოფნას.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.