საპროტესტო აქციების მონაწილე სერგეი ყანჩელის საქმეზე ადვოკატებმა საგამოძიებო ორგანოს ხელახლა მიმართეს და არაერთი საგამოძიებო მოქმედების დაუყოვნებლივ ჩატარება მოითხოვეს.
ადვოკატ გიორგი ჩხეიძის თქმით, 9 ოქტომბერს ყანჩელმა მრავალსაათიანი გამოკითხვის ფარგლებში პროკურატურას მის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა ადვოკატების ცნობით, ამ დრომდე კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.
სერგეი ყანჩელი ამბობს, რომ 27 სექტემბერს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, პოლიციელებმა კუკიის სასაფლაოს მიმდებარედ გააჩერეს, შემდეგ კი სასაფლაოს ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით ემუქრებოდნენ. აქტივისტის განცხადებით, მას ასევე სექსუალური ხასიათის ქმედებების შესრულებას აიძულებდნენ.
ყანჩელი პოლიციის მხრიდან ძალადობას საკუთარ სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს. მან მომხდარი „TV პირველის“ ეთერში დეტალურად გაიხსენა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აქტივისტმა საქართველო უკვე დატოვა.
ადვოკატ გიორგი ჩხეიძის თქმით, საგამოძიებო ორგანოს ამ დრომდე არ ჩაუტარებია ის კონკრეტული მოქმედებები, რომლებიც, დაცვის მხარის შეფასებით, დანაშაულში მონაწილე პირების გამოსავლენად მნიშვნელოვანია.
„9 ოქტომბერს, მრავალსაათიანი გამოკითხვის ფარგლებში, სერგეი ყანჩელმა მის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის თაობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო ორგანოს. ჩვენი ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოს ამ დრომდე არ ჩაუტარებია კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვანია დამნაშავე პირთა გამოსავლენად“, – წერს გიორგი ჩხეიძე.
ადვოკატების განმარტებით, სწორედ ამ მიზეზით მათ საგამოძიებო ორგანოს ხელახლა მიმართეს და ცხრა მოთხოვნა წარუდგინეს:
- კონკრეტული პირების დაუყოვნებლივ გამოკითხვა.
- შესაბამისი ფოტოსურათებისა და ვიდეომასალის (მათ შორის დაზიანებების ამსახველი) კანონით დადგენილი წესით მოპოვება. ადვოკატების თავდაპირველ განცხადებას ერთვის დაზიანებების ამსახველი ფოტოსურათები, თუმცა ეს არ ათავისუფლებს საგამოძიებო ორგანოს კანონით დადგენილი წესით მათი მოპოვების ვალდებულებისგან.
- ამოიღონ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ნივთები.
- დეტალურად დაათვალიერონ შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია (ნორიოს აღმართი #61) და მოიპოვონ კონკრეტული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები.
- დეტალურად დაათვალიერონ დიდუბე – ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 სამმართველო და მიმდებარე ტერიტორია. ხსენებული სამმართველო მდებარეობს შემთხვევის ადგილიდან 200-300 მეტრში და დიდი ალბათობით სწორედ ამ სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ ჩართულები ამ დანაშაულებრივ და ამორალურ ქმედებებში. მოიპოვონ არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერები.
- დაადგინონ ზემოხსენებული სამმართველის თანამშრომლების სახელები, გვარები და მოიპოვონ მათი სამსახურებრივი ფოტოსურათები. ასევე, დაადგინონ თუ რომელი თანამშრომლები ასრულებდნენ 2026 წლის 27 სექტემბერს სამსახურებრივ მოვალეობას.
- ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რომლის ფარგლებშიც სერგეი ყანჩელი აუცილებლად ამოიცნობს ყველა დამნაშავე პოლიციელს.
- პოლიციის ავტომობილებზე არსებული შესაბამისი გადამცემებით დადგინდეს – 2026 წლის 27 სექტემბერს, 15:00-16:00 დროის შუალედში, რომელი ავტომობილები ფიქსირდებოდნენ ნორიოს აღმართი #61 – ის მიმდებარედ.
- გამოიკითხონ ზემოხსენებული სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილეები.
გიორგი ჩხეიძის განცხადებით, საქმეზე დამნაშავე პირების გამოვლენისა და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საგამოძიებო ორგანო ვალდებულია, გამოძიება ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აწარმოოს.
„ამ საქმის „თაროზე შემოდება“ განაპირობებს სამომავლოდ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების განმეორებას. თუკი ვინმე აყენებს ჩრდილს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თუკი ვინმე ცდილობს მის დისკრედიტაციას, ეს არა ადვოკატები ან თავად სერგეი, არამედ პირველ რიგში სწორედ ასეთი „პოლიციელები“ არიან“, – ამბობს ადვოკატი.
ჩხეიძის თქმით, ადვოკატებმა საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველსაც მიმართეს. მისი თქმით, 8 ოქტომბერს მათ ომბუდსმენს სთხოვეს, დაინტერესებულიყო საქმით და შეხვედროდა როგორც ადვოკატებს, ისე სერგეი ყანჩელს, თუმცა, ჩხეიძის განცხადებით, ამ დრომდე მათ სახალხო დამცველის აპარატისგან უკუკავშირი არ მიუღიათ.
„სამართალი ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება ამ საქმეზე და იქნება იმაზე გაცილებით მძიმე, ვიდრე ეს დღეს ვინმეს წარმოუდგენია“, – აცხადებს გიორგი ჩხეიძე.