კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინი მზადაა, უკრაინაზე დარტყმები მხოლოდ არჩევნების დღეს შეაჩეროს.
პესკოვის მტკიცებით, კიევს 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არა არჩევნების ჩასატარებლად, არამედ „ჭრილობების მოსაშუშებლად და ომის გასაგრძელებლად სჭირდება“.
„პრეზიდენტს ამის შესახებ უკვე აქვს ნათქვამი, თუმცა ამ შემთხვევაში შემიძლია, მისი სახელით სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ თუ კიევს ნამდვილად სურს არჩევნების ჩატარება, რუსეთის პრეზიდენტი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, მზად იქნება, სამხედროებს უბრძანოს, რომ არჩევნების დღეს უკრაინაზე დარტყმები არ განახორციელონ. კონკრეტულად არჩევნების დღეს – ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტებაა“, – თქვა პესკოვმა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, პუტინს სურს „გრძელვადიანი მშვიდობა” და არა დროებითი ზავი.
„ჩვენ ცეცხლის შეწყვეტა კი არა, ხანგრძლივი მშვიდობა გვჭირდება, რომელიც თაობებს გაუძლებს“, – თქვა მან.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს.
ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკის „მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნა სურს“, რადგან ის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების ნებართვას კვლავ გასცემს.
„ჯანდაბას, უნდა შეწყვიტოს“, – თქვა ტრამპმა, შემდეგ კი მიანიშნა, რომ უკრაინამ „ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია“.
საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.
ზელენსკის თქმით, მან ტრამპის გუნდს განუცხადა, რომ თუ მათ ნამდვილად სურთ უკრაინაში არჩევნების ჩატარება, „გთხოვთ, უთხარით პუტინს, მოგვცეს ორი თვე, 60 დღე სრული ცეცხლის შეწყვეტისთვის – 60 დღე და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით ნებისმიერი არჩევანისთვის, რომელსაც ჩვენი ხალხი, კერძოდ, უკრაინელი ხალხი გააკეთებს“, – თქვა მან ABC News-თან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპის მიმართ პატივისცემის მიუხედავად, სწორედ უკრაინის საზოგადოებასა და ხალხზეა დამოკიდებული, თუ რომელ ლიდერს აირჩევს.
„დიახ, ჩვენ ომში ვართ და არჩევნების ჩატარება მართლაც რთული საკითხია. საქმე მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიების არარსებობასა და კანონმდებლობისა თუ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლაში არ არის; მთავარია შესაბამისი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის არსებობა, რათა ხალხს ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.