ინდოეთის დედაქალაქ დელიში საარჩევნო სიებიდან მილიონობით ადამიანის ამოღების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს მასობრივი დაკავებები, ინტერნეტის გათიშვა და უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მოჰყვა. დემონსტრანტები საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიანეშ კუმარის გადადგომასა და საარჩევნო სიების გადახედვის პროცესის (SIR) შეჩერებას მოითხოვენ.
ინდოეთში საზოგადოებრივი უკმაყოფილება უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება. თუმცა, საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღა საარჩევნო სიებიდან 130 მილიონი ადამიანის ამოღებამ განაპირობა. Reuters წერს, რომ სიიდან ამოღებულებს შორის 28 მილიონი გარდაცვლილი ადამიანის სახელია;63 მილიონი ის ადამიანია, რომლებმაც საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს, ხოლო 30 მილიონი – იმ ადამიანის მონაცემებია, რომელთა ადგილსამყოფელის დადგენაც ვერ მოხერხდა.
ეს მონაცემები აჩვენებს, რა მასშტაბისაა გადასინჯვა, თუმცა თავისთავად არ ადასტურებს, რომ ყველა ამოღებული ჩანაწერი უფლებამოსილ ამომრჩეველს ეკუთვნოდა.
გასული კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართებოდა. დელის ხელისუფლებამ დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, დედაქალაქში კი უსაფრთხოების მკაცრი ზომები გაატარა.
შაბათ-კვირას დელი ბლოკირებული იყო. ქუჩებში ბარიკადები აღმართეს, გზები გადაკეტეს და სამხედროები განათავსეს. 10 ოქტომბერს, ოპოზიციური პარტია „კოკროჩ ჯანტას“ (Cockroach Janta) მიერ ორგანიზებული აქციის წინ, ხელისუფლებამ მასშტაბური შეზღუდვები დააწესა: გააუქმეს დელის მიმართულებით მოძრავი 245 მატარებელი, დახურეს მეტროს 45 სადგური, დაკეტეს ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები, ქალაქის ცენტრში გათშეს ინტერნეტსერვისები, აქტივისტების ნაწილს კი შინაპატიმრობა შეუფარდეს.
The Guardian-ის ცნობით, 11 ოქტომბერს, დელის აეროპორტში თვითმფრინავის დაშვებიდან მალევე, პარტია „კოკროჩის“ დამფუძნებლები Air India-ს თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს. ოპოზიციის ლიდერები სხვადასხვა პოლიციის განყოფილებაში რვა საათზე მეტხანს ჰყავდათ დაკავებული.
გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანდა, რომ პოლიციელები უხეშად სტუდენტებსა და აქტივისტებს, სცემდნენ მათ და ქუჩებიდან ძალის გამოყენებით მიჰყავდათ. დაკავებულთა შორის ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ. ადვოკატი, რომელიც დაკავებულებს იურიდიულ დახმარებას უწევდა, პოლიციამ ძალით წაიყვანა. დაკავებისას მას პერანგი შემოახიეს.
რეპრესიები მუმბაისაც შეეხო. პოლიციამ მაჰათმა განდის შვილთაშვილი, ტუშარ განდი, ადგილობრივ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის თავიდან ასაცილებლად წაიყვანა. ორშაბათს დელის პოლიციამ ჯანტარ-მანტარი საპროტესტო აქციებისთვის განკუთვნილი ადგილების სიიდან ამოიღო და დემონსტრანტებს სამი ალტერნატიული ადგილი შესთავაზა.
„საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვარ ჩართული და პოლიტიკას უკვე ოთხი ათეული წელია ვაკვირდები, მაგრამ დემონსტრაციისთვის ასეთი მზადება არასოდეს მინახავს. ნებისმიერი საზომით, ეს სრულად გამაოგნებელი იყო“, – განაცხადა პოლიტიკურმა აქტივისტმა იოგენდრა იადავმა, რომელიც თავადაც დააკავეს.
იადავის თქმით, მიუხედავად იმისა, რასაც ის „სახელმწიფოს მიერ გაჩაღებულ ტერორს“ უწოდებს, დელის რამდენიმე უბანში მცირე ჯგუფებმა უსაფრთხოების მკაცრი ზომების მიუხედავად, მოულოდნელი საპროტესტო აქციები გამართეს.
დელის ხელისუფლების მოქმედებებს წინ უძღოდა კონგრესის პარტიის საპროტესტო აქციების წინააღმდეგ პოლიციის მსგავსი აგრესიული ქმედებები. აქციებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რაჰულ განდი ხელმძღვანელობდა. პოლიციის მიერ განდისა და მისი დის, პრიანკას, დაკავების კადრები, რომლებიც ქაოსურ ვითარებაში იყო გადაღებული, ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვისკენ მოუწოდებს და დაკავებებისა და ინტერნეტის გათიშვის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს
მმართველი „ინდოეთის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელმა რავი შანკარ პრასადმა ოპოზიცია არჩევნებში დამარცხების შემდეგ საპროტესტო აქციების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.
„პირველი: ინდურმა დემოკრატიამ ანარქიის გაღვივების მცდელობები აღკვეთა. მეორე: ქვეყანას პარლამენტი მართავს და არა ქუჩა“, – განაცხადა პრასადმა ბრიფინგზე.
The Guardian წერს, რომ საპროტესტო აქციების შეზღუდვა ინდოეთისთვის ახალი მოვლენა არ არის, თუმცა ამჯერად ყურადღებას დედაქალაქში გატარებული ზომების მასშტაბი იპყრობს. ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში ხელისუფლებას წარსულში გაცილებით მკაცრი შეზღუდვები დაუწესებია. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2019 წელი, როდესაც ინდოეთის კონსტიტუციის 370-ე მუხლის გაუქმების შემდეგ რეგიონში ფართომასშტაბიანი შეზღუდვები ამოქმედდა.
მზარდი უნდობლობა საარჩევნო კომისიის მიმართ
სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება გამოხატავს საკითხის პოლიტიკურ მნიშვნელობას პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობისთვის. ხელისუფლება სულ უფრო მზარდ წინააღმდეგობას აწყდება ამომრჩეველთა სიების სპეციალური ინტენსიური გადახედვის გამო. ამავდროულად, იზრდება კითხვები საარჩევნო პროცესის სანდოობასთან დაკავშირებით.
ბოლო საპროტესტო აქციები გიანეშ კუმარის გადადგომის მოთხოვნით მას შემდეგ დაიწყო, რაც გაზეთმა The Indian Express-მა ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, ინდოეთის საარჩევნო კომისიის ორმა სხვა წევრმა: სუხბირ სინგ სანდჰუმ და ვივეკ ჯოშიმ შეშფოთება გამოთქვა ამომრჩეველთა სიებში, რეგისტრაციის პროცედურებსა და ციფრულ სისტემებში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
კუმარს გამოძიებაზე საჯაროდ არ უპასუხია. საარჩევნო კომისიამ კი განცხადებაში აღნიშნა, რომ „განსხვავებული მოსაზრებები“ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნაწილია.
თუმცა, The Guardian-ის თანახმად, საზოგადოების უკმაყოფილება მხოლოდ ამ გამოძიებას არ უკავშირდება. საარჩევნოს სიების „სპეციალური გადახედვის“ პროცესს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მოქალაქეებს რეგისტრაციის რთული პროცედურების გავლას აიძულებს, საზოგადოების ყველაზე დაუცველ ჯგუფებს კი გაურკვევლობასა და ბიუროკრატიულ ჩიხში ტოვებს. კრიტიკოსები და ოპოზიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ პროცესი მმართველი ხელისუფლების სასარგებლოდ არის დაგეგმილი.
ინდოეთის საარჩევნო კომისიის ყოფილმა წევრმა აშოკ ლავასამ განაცხადა, რომ ეს პროცესი უპრეცედენტო და უსამართლოა და შორდება კომისიის ტრადიციულ მიდგომას – ამომრჩეველთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას.
„შვიდ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საარჩევნო კომისია საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა, ამომრჩეველთა სიაში ყველა ის ადამიანი შეეყვანა, ვისაც ხმის მიცემის უფლება ჰქონდა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი განსხვავება ინდური დემოკრატიისა და სხვა დემოკრატიების მუშაობას შორის, სადაც ამომრჩევლად რეგისტრაციისთვის თავად უნდა მიმართო შესაბამის ორგანოს“, – განაცხადა ლავასამ.
მისი თქმით, ამომრჩევლები, რომლებიც მოქალაქეებზე მორგებულ, მოქნილ პროცედურას იყვნენ მიჩვეულნი, ახლა მტრულ სისტემას აწყდებიან. ლავასას შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დემოკრატიისთვის საზიანოა.
ოპოზიცია საარჩევნო პროცესზე კონტროლის დამყარების საფრთხეზე საუბრობს
პოლიტიკური აქტივისტის, იოგენდრა იადავის, შეფასებით, SIR-ის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა უფრო ღრმა პრობლემა გამოავლინა – მმართველი პარტიის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების ხელში ჩაგდების პროცესი.
„არჩევნები ახლა რეჟიმისთვის ლეგიტიმურობის მინიჭების ერთადერთ დარჩენილ მექანიზმად იქცა, ხოლო საარჩევნო პროცესზე კონტროლის დამყარება მისი გადარჩენისთვის გადამწყვეტია. სწორედ ამიტომ არის გიანეშ კუმარის როლი ასეთი მნიშვნელოვანი“, – განაცხადა იადავმა the Guardian-თან.
აქტივისტმა ყურადღება გაამახვილა 2023 წელს მიღებულ კანონზეც, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განხორციელებული ქმედებებისთვის სამართლებრივ იმუნიტეტს ანიჭებს. იადავის თქმით, კანონით გათვალისწინებული დაცვა მოსამართლეებისთვის მინიჭებულ იმუნიტეტზეც კი უფრო ფართოა.
იადავი მიიჩნევს, რომ შემდგომ ეტაპზე საერთო მიზნის გარშემო შეიძლება გაერთიანდეს სამი ძალა: ოპოზიციური პარტიები, ორგანიზებული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები და რიგითი მოქალაქეები.
მისი შეფასებით, მთავრობას, რომელსაც ჯერჯერობით უკან დახევის არანაირი ნიშანი არ გამოუვლენია, გადაწყვეტილების მიღება დროთა განმავლობაში უფრო გაურთულდება.
„რაც უფრო დიდხანს გადადებენ გადაწყვეტილებას, მით უფრო მაღალი იქნება ფსონები“, – განაცხადა მან.
როგორ გრძელდება პროტესტი
ორშაბათს კერალამის შტატის საკანონმდებლო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც გიანეშ კუმარის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. ამავდროულად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოსკენ გაემართნენ და მის წინააღმდეგ ზომების მიღება მოითხოვეს.
პროტესტის გაგრძელების პირობა დადეს მოძრაობა „კოკროჩმა“ და მემარცხენე სტუდენტურმა ჯგუფებმა.
„ადამიანებმა შიშით ცხოვრება აღარ ისურვეს. ისინი ისევ და ისევ გამოვლენ ქუჩაში“, – განაცხადა მემარცხენე სტუდენტურმა ლიდერმა დანიშ ალიმ.
„ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და პროტესტი ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს“, – დასძინა მან.