დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყება 

პუბლიკა

დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის იუსტიციის სახლში განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ახალ პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია და ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომლებსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია არ აქვს მიღებული.

„ფულადი კომპენსაცია განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად გაიცემა და მისი ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარი უკვე გამოიყო, მომდევნო წლებში კი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი.

განაცხადის მიღების შემდეგ, დევნილთა სააგენტოს შესაბამისი სამსახური შემოსულ დოკუმენტაციას რიგითობის მიხედვით დაამუშავებს. ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებული ოჯახების რაოდენობა საბიუჯეტო რესურსის შესაბამისად განისაზღვრება. მნიშვნელოვანია, რომ კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამა.

ფულადი კომპენსაცია პარალელურ რეჟიმში გაიცემა და არ შეაფერხებს არსებული, წარმატებული პროგრამების მიმდინარეობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.


12 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება.

„პროცესების დასაჩქარებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება.

თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან კომპენსაცია, ექნება უფლება, შეიტანოს განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფულადი კომპენსაციის მიღების თაობაზე. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10 ათასი ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე. კომპენსაცია გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით“, – თქვა კობახიძემ.