MDF: 2025 წელს „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო

პუბლიკა

„მედიის განვითარების ფონდმა“(MDF) 2025 წელს მედიის ფინანსური გამჭვირვალობის ანგარიში მოამზადა.

კვლევა სამაუწყებლო მედიის მიერ დეკლარირებული შემოსავლებისა და ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით სხვადასხვა ტიპის მედიასაშუალებებში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკას, ასევე მედიაშინაარსზე საბიუჯეტო დაფინანსების გავლენას აანალიზებს.

ორგანიზაციის ცნობით, კვლევაში გამოყენებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები და საჯარო უწყებებიდან დამატებით გამოთხოვილი ინფორმაცია. ცალკეულ შემთხვევებში, მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკის შესაფასებლად, კვლევა კონტენტის ანალიზსაც მოიცავს.

„პუბლიკა“ გთავაზობთ კვლევის მთავარ მიგნებებს:

MDF-ის მიხედვით, 2025 წლის მონაცემების ანალიზის შედეგად შემდეგი ტენდენცია გამოიკვეთა:

  • 2025 წელს სამაუწყებლო მედიის ჯამურმა დეკლარირებულმა შემოსავალმა 240.6 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი (51%) ნაციონალურ კომერციულ ტელევიზიებზე მოდიოდა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი (37.4%) მოსდევდა.
  • სატელევიზიო ბაზრის საერთო შემოსავალი, წინა წლებთან შედარებით, შემცირდა: 2025 წელს მან 231.3 მლნ ლარი შეადგინა, რისი ძირითადი მიზეზიც არასამაუწყებლო შემოსავლების მკვეთრი კლება იყო.
  • კომერციული სარეკლამო შემოსავლების კონცენტრაცია სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის არხებზე კიდევ უფრო გაიზარდა. თუ 2024 წელს „იმედზე“, „მედია ჰოლდინგზე“, POSTV-სა და GDS TV-ზე კომერციული რეკლამის შემოსავლების 67.4% მოდიოდა, 2025 წელს მათი წილი 82.9%-მდე გაიზარდა. მხოლოდ „იმედმა“, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელების გამო 2026 წელს პოსტვისთან ერთად დაასანქცირა, 2025 წელს მთლიანი სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლის 48.1% მიიღო.
  • სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები შემოსავლის ზრდის მიუხედავად 2025 წელს ზარალზე მუშაობდნენ: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ – 2025 წელი ჯამში 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს, საიდანაც ყველაზე დიდი წილი ტელეკომპანია „იმედზე” მოდის (43.1 მილიონი).
  • უცხოურ დაფინანსებაზე დაწესებულმა ახალმა შეზღუდვებმა მაუწყებლების დაფინანსების გარემო შეცვალა, ფინანსური სირთულეების ფონზე მაუწყებლობა სამმა ტელეკომპანიამ შეწყვიტა ან შეაჩერა. „მთავარი არხის“ გარდა, ფინანსური პრობლემების გამო მაუწყებლობა კიდევ ორმა რეგიონულმა ტელეკომპანიამ („მე-9 არხი“ და „ბორჯომი“) შეაჩერა.
  • უცხოური დაფინანსების შეზღუდვის ახალი წესების აღსრულებაში შერჩევითი მიდგომის ნიშნები გამოიკვეთა. დასავლური წყაროებიდან დაფინანსების გამო მარეგულირებელმა რამდენიმე მაუწყებლის მიმართ ზომები გაატარა, თუმცა ჩინეთის საელჩოს მიერ „ობიექტივის“ ეთერში გადაცემის დაფინანსებაზე იდენტური ზომებისთვის არ მიუმართავს.
  • არათანაბარი პირობები რეგიონული ტელევიზიების საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მხრივაც იკვეთება. კერძოდ, გამოვლინდა შეუსაბამობა საბიუჯეტო კონტრაქტებით მიღებულ თანხასა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის, რაც მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ რეგიონულ მაუწყებელს „ფარვანას” უკავშირდება.
  • ბაზარზე რამდენიმე ტელევიზია კვლავ მფლობელის ან სხვა შემომწირველების დოტაციაზე იყო დამოკიდებული. „ალტ ინფოს“ – 100%, „სეზონი TV-ის“ – 99.5%, „ერთსულოვნების“ – 99.1%, „სილქმედიის“ შემოსავლის 95%, „ფორმულა მულტიმედიის“ – 80,8%, „ობიექტივის“ – 76.9% მფლობელის ან დაკავშირებული პირების შემოწირულობებით ფორმირდებოდა.
  • კონცენტრაციის ტენდენცია რეგიონული ტელევიზიების ბაზარზეც გამოიკვეთა: აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის შემოსავალი რეგიონული ტელევიზიების მთლიანი შემოსავლის 89.25%-ს შეადგენდა. ამავე დროს, კერძო რეგიონული მაუწყებლების უმრავლესობაში შემოსავლების კლება დაფიქსირდა.
  • 2025 წელს რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიასაშუალებებთან და შუამავალ კომპანიებთან გაფორმებული საბიუჯეტო კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 9.28 მლნ ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2023 წლის მონაცემზე დაახლოებით 953 ათასი ლარით ნაკლებია.
  • შეიცვალა საბიუჯეტო რესურსების განაწილების სტრუქტურა. 2023 წელთან შედარებით ონლაინმედიასთან გაფორმებული კონტრაქტები თითქმის გაორმაგდა, ხოლო ნაციონალური ტელევიზიების კონტრაქტები თითქმის განახევრდა. პარალელურად გაიზარდა რეგიონული ტელევიზიებისა და რადიოს დაფინანსება, ხოლო პრესის, სოციალური მედიისა და შერეული კონტრაქტების მოცულობა შემცირდა.
  • მკვეთრად გაიზარდა შუამავალი კომპანიების როლი და მათ გავლით განხორციელებული შესყიდვების კონცენტრაცია. 2025 წელს შუამავლების მეშვეობით გაფორმებული საერთო კონტრაქტების ღირებულებამ 2.19 მლნ ლარს მიაღწია, რაც 2023 წელთან შედარებით 154%-იანი ზრდაა. ათი ყველაზე მსხვილი კონტრაქტიდან რვა შპს „პირველთან“ იყო გაფორმებული, რაც საბიუჯეტო თანხების განაწილებაში რამდენიმე მსხვილი შუამავლის მზარდ როლზე მიუთითებს.
  • საბიუჯეტო რეკლამის განაწილება ნაციონალურ ტელევიზიებში კვლავ უკიდურესად არათანაბარია. 2025 წელს ამ კატეგორიის კონტრაქტების 97.81% კვლევაში სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიებზე მოდიოდა, ხოლო ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად არხებზე – მხოლოდ 1.98%. მხოლოდ „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო.
  • ონლაინმედიაში არა მხოლოდ დაფინანსების მოცულობა გაიზარდა, არამედ შეიცვალა მისი ძირითადი მიმღებებიც. თუ წინა წლებში საბიუჯეტო კონტრაქტების მიღებით „პალიტრა მედიის“ ჰოლდინგში შემავალი ონლაინ გამოცემები ლიდერობდნენ, 2025 წელს ყველაზე დიდი მოცულობის კონტრაქტები „იმედის“ ვებგვერდზე მოდიოდა, ხოლო „პალიტრა მედიის“ გამოცემების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. 2025 წელს Imedinews.ge-სთან ასეთი ხელშეკრულება 17 მუნიციპალურ ორგანიზაციას ჰქონდა გაფორმებული, ხოლო იგივე ტენდენცია 2026 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა.
  • საბიუჯეტო დაფინანსებასთან ერთად „იმედის“ ონლაინპლატფორმაზე ადგილობრივი არჩევნების გაშუქების მკვეთრი ასიმეტრია გამოიკვეთა. ბოლნისის არჩევნების მონიტორინგმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გამოცემამ სულ მცირე 25 პუბლიკაცია დაეთმო, ოპოზიციური „ლელო – ძლიერი საქართველოს“ კანდიდატის კომენტარი კი მხოლოდ ერთხელ გაშუქდა – მაშინ, როდესაც მან კანდიდატურა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოხსნა.
  • საბიუჯეტო კონტრაქტებში გამოიკვეთა სარედაქციო დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული სისტემური რისკები. მონიტორინგმა აჩვენა დაფინანსებული მასალების სარეკლამო ნიშნის გარეშე გამოქვეყნების მოთხოვნა, მედიაში დამკვეთისთვის სპეციალური რუბრიკის ჩაშენება და სოციალური მედიის კომენტარებისა და მოწონებების კონტროლის ვალდებულებები – პირობები, რომლებიც სარედაქციო საქმიანობასა და დამკვეთის ინტერესებს შორის ზღვარს ბუნდოვანს ხდის.
  • რეგიონულ მედიაში განაწილება შედარებით მრავალფეროვანია, თუმცა კონცენტრაციის ტენდენცია იქაც ნარჩუნდება. ოთხ ყველაზე მსხვილ რეგიონულ ტელევიზიაზე ამ კატეგორიის საბიუჯეტო თანხების 55.5% მოდიოდა.
  • დასავლური დაფინანსების საჯარო კრიტიკის მიუხედავად, 2025 წელს რეგიონული მედიის საბიუჯეტო კონტრაქტების ნაწილიც დასავლური საგრანტო რესურსით ფინანსდებოდა. ორი ასეთი ხელშეკრულების დაფინანსების წყარო GIZ-ის გრანტი იყო, ჯამური ღირებულებით 90 000 ლარი.
  • ბეჭდვით და სოციალურ მედიაში საბიუჯეტო ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა: 2023 წელთან შედარებით, პრესაზე – 47.7%-ით, ხოლო სოციალურ მედიაზე – 36%-ით.
  • სრული სურათის დადგენას მონაცემთა არასრულყოფილება და შერეული კონტრაქტების გაუმჭვირვალობა აფერხებს. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ზოგიერთი კომპანია სარეკლამო და საინფორმაციო ხარჯებს არ ასაჯაროებს, ხოლო შერეული კონტრაქტების შემთხვევაში კონკრეტულ მედიაზე გადანაწილებული თანხის იდენტიფიცირება ხშირად შეუძლებელია.
  • რბილი ცენზურის პრობლემა, როდესაც საბიუჯეტო დაფინანსება გავლენას ახდენს მედია შინაარსზე ხელისუფლების მხარდასაჭერად ან მისი ოპონენტების წინააღმდეგ, 2025 წელს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.
  • საბიუჯეტო კონტრაქტების მიმღები მედიების ნაწილში იკვეთება არა მხოლოდ ფინანსური კონცენტრაცია, არამედ სარედაქციო პოლიტიკის პრობლემაც. ბოლო პერიოდში კონტრაქტები მეტწილად იმ მედიებთან ფორმდება, რომლებიც სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ. ამავე დროს გრძელდება საბიუჯეტო ურთიერთობა გამოცემასთან, რომელიც სიძულვილის ენის შემცველ მასალებს აქვეყნებს.
  • კვლავ გამოვლინდა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ინფორმაციული სინქრონის ნიშნები: მათ შორის არასაჯარო ან კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელება, დახურული ჩატების მასალების გამოქვეყნება, დიპლომატებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრების მანიპულაციური გაშუქება და არასაჯარო დოკუმენტების დისკრედიტაციის მიზნით გამოყენება.
  • საბიუჯეტო კონტრაქტების მიმღები მედიის ნაწილი კოორდინირებულად ავრცელებდა დეზინფორმაციულ და დისკრედიტაციულ შინაარსსაც, მათ შორის ჰომოფობიურ და გენდერულ დეზინფორმაციას, ზოგ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიზუალების გამოყენებითაც.
  • გამოიკვეთა ყალბი ანგარიშების გზავნილების მეინსტრიმულ მედიაში სისტემატიური და კოორდინირებული გავრცელების პრაქტიკა. 2025 წელსა და 2026 წლის პირველ ნახევარში 2 ყალბი პროფილის ციტირების 351 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთი და იგივე ანგარიშის სხვადასხვა სახელითა და ვიზუალური იდენტობით.
  • ყალბი ანგარიშების ციტირება გამოიყენებოდა როგორც ხელისუფლების კრიტიკოსებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის დისკრედიტაციისთვის, ისე ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერი გზავნილების გასავრცელებლად. სამიზნეებს შორის იყვნენ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მმართველი პარტიის ექს-პრემიერი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი, პროტესტის დროს დაპატიმრებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, აქტივისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ბიზნესები და ხელისუფლების კრიტიკასთან დაკავშირებული სხვა აქტორები.
  • საჯარო დაფინანსების განკარგვისას არ ყოფილა გათვალისწინებული ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, რაც წინა წლებშიც პრობლემური იყო.“