„ტვ პირველის“ ცნობით, ორი დღის წინ მათ პატიმარი ბექა ცერცვაძე დაუკავშირდათ და უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც მან პატიმარ გიორგი დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადა, ციხის ბადრაგებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.
როგორც სატელეფონო ინტერვიუში ცერცვაძე ჰყვება, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ბადრაგები ეზოდან შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენებდნენ გიორგი დავითაძეს, რაც მან გააპროტესტა. როგორც ის ჰყვება, ამის შემდეგ ბადრაგები მასთან საკანში მივიდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მათთვის წინაარმდეგობა არ გაუწევია დეესკალაციის ოთახში წაიყვანეს, რა დროსაც მასზე ფიზიკურად იძალადეს.
„2 სექტემბრის ღამეს, დავითაძის შესახებ რომ გავრცელდა ინფორმაცია მაგის მერე ციხეზე თანამშრომლები ეზოს მხრიდან მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ქათამს ეძახდნენ და სოლიდარობა გამოვუცხადე გიორგი დავითაძეს.. შემოვიდნენ ჩემთან საკანში, ისე, რომ წინააღმდეგობა არ გამიწევია, მითხრეს, რომ დეესკალაციაში უნდა გადავეყვანე, გამიყვანეს საკნიდან. უცბად გახდნენ აგრესიულები, დამახტნენ თავზე, ჩამიყვანეს დეესკალაციის ოთახში. მე ვითხოვდი ექიმს, ცუდად გავხდი ამათი დაგდებისგან… არ მომიყვანეს ექიმი რომ ვითხოვდი.
რამდენიმე საათში მოვიდა ერთ-ერთი ბადრაგის თანამშრომელი… კიდევ სხვებიც იყვნენ ბევრი, მითხრეს, რომ მივდიოდი „ეტაპში“ მიჭერდა ხელს მთელი ძალით ხორხში, რომ ჩაემტვრია. ისე მოვყავდი, რომ ჩემი ფეხსაცმელების გარდა ვერაფერს ვერ ვხედავდი.
უცბათ ძალიან ბევრი ბათინკი გაჩნდა, ეს იყო სპეცრაზმელები, თვითონ ციხის ტერიტორიაზე იყო შემოყვანილი და ამათ ხელების რტყმევით, ციხის თანამშორმლემა და სპეცრაზმელმა შემიყვანეს ჯერ გასაჩხრეკ აპარატში და მერე ამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფებით წამომიყვანეს „ეტაპში“. მონაწილეობას ამ ყველაფერში იღებდა შოთა ტრაპაიძე, ციხის დირექტორი და მაგის მოადგილეები, დავით ჭანტურია, განსაკუთრებით აგრესიული იყო და დანარჩენი მოადგილეები, დავით ნიკოლეიშვილი და ვიღაცები.“
როგორც ბექა ცერცვაძის ადვოკატმა „ტვ პირველს“ უთხრა, მისთვის გუშინ გახდა ცნობილი, რომ ცერცვაძე უფრო მკაცრ დაწესებულებაში – ლაითურის ციხეში გადაიყვანეს. მისივე თქმით, მათ მიმართეს სახალხო დამცველს. მისივე თქმით, ბექა ცერცვაძე ითხოვს შესაბამის მოპყრობას და იმ ადამიანების კანონის შესაბამისად დასჯას, რომლებმაც მასზე იძალადეს.
„ის ასევე ასახელებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც მასზე გარკვეული სახის პროვოკაციები და ძალადობა განხორციელდა. აღნიშნულზე მიმართულიც კი გვქონდა რუსთავის საქალაქო სასამართლოსთვის, როცა მას მოუწყვეს პროვოკაცია და გამოუწერეს შესაბამისი სახდელი. ბექა ცერცვაძე ითხოვს შესაბამის მოპყრობას და იმ ადამიანების კანონის შესაბამისად დასჯას, რომლებმაც მასზე ძალადობა განახორციელეს. ბექა ცერცვაძის მტკიცებით ეს არის სადამსჯელო მეთოდი მისი მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაყვანა…
ბექა ცერცვაძის პიროვნებიდან გამომდინარე სურთ მისი კონტროლი და შესაბამისად ყოველ წელს გარკვეული პროვოკაციები ხდება. აბრალებენ თითქოს ის იყოს აგრესიული, შეურაცხყოფას აყენებს დაწესებულების თანამშრომლებს… რუსთავის საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე უკვე დაადგინა კიდეც, რომ ეს იყო პროვოკაცია თამამშრომლებმა დააბრალეს, რომ თითქოს ის შეურაცყოფას აყენებდა“,- ამბობს ადვოკატი.
„პუბლიკა“ მომხდართან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურს დაუკავშირდა. დამატებითი ინფომრაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
აქამდე კიდევ ერთი პატიმარი ლაშა ჩაჩანიძე აცხადებდა, რომ რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში ხელკეტებით სცემეს იმის გამო, რომ გიორგი დავითაძეს შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადა. ადვოკატის თქმით, 2 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც სოლიდარობა გამოუცხადა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს, ის საკნიდან გაიყვანეს და ათამდე პირმა სცემა. ამასთანავე ჩაჩანიძემ ადვოკატს მოუყვა, რომ ასევე იძალადეს კიდევ რამდენიმე მსჯავრდებულზე. ადვოკატის თქმით, ლაშა ჩაჩანიძეს აქვს „სერიოზული დაზიანებები მუხლებზე, ხელებზე, ზურგზე, მუცელზე“.
**********************************
გიორგი დავითაძე „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილი დეპუტატის შვილია. დავითაძის ოჯახი მედიასთან პირველად 21 სექტემბერს გამოჩნდა. ისინი ამბობენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დავითაძეზე დეკემბრიდან მოყოლებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობენ.
მამა ამბობდა, რომ მისი შვილი 2025 წლის დეკემბერში დეესკალაციის ოთახში გაიყვანეს, სადაც 9 ბადრაგმა სცემა. გამოძიება დაიწყო, თუმცა შედეგი არ მოჰყოლია.
ოჯახი ამბობდა, რომ მომხდარზე ღიად საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მიხვდნენ რომ გამოძიება არ მიმდინარეობდა. ოჯახი მე-6 პენიტენციური განყოფილების უფროსის შოთა ტრაპაიძეს პასუხისმგებლობაზე საუბრობდა.
21 სექტემბერს ოჯახი მე-6 განყოფილებიდან შვილის სხვა განყოფილებაში გადაყვანას და 2025 წლის დეკემბერში მომხდარი ძალადობის გამოძიებას მოითხოვდა.
21 სექტემბერსვე პენიტენციურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ გიორგი დავითაძე 2025 წლის 21 დეკემბერს ნამდვილად მოთავსდა დეესკალაციის ოთახში, თუმცა ღირსების შემლახავ ქმედებებზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
უწყების თქმით, მისი იქ ყოფნის ამსახველი ჩანაწერები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, კანონით დადგენილი წესით, გადასცა პროკურატურასა და სახალხო დამცველის ოფისს, 2025 წლის 29 დეკემბრის მოთხოვნის საფუძველზე. მასალის დათვალიერების შედეგად, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდადებულზე ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.