ევროკავშირი 38 მილიონ ევროს გამოყოფს სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად საქართველოს მოქალაქეებისთვის.
პროექტების მიმართულებებია:
- პატარა ქალაქებსა და დაბებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა;
- ცვალებადი შრომის ბაზრის შესაბამისი უნარების განვითარება;
- სოციალურ-ეკონომიკური განვითარება სოფლებსა და რეგიონებში, ამ პროცესებში ქალების ჩართულობით;
- ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება და სურსათის ხარისხის ამაღლება;
- ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა;
- უსაფრთხო და ორგანიზებული მიგრაციის ხელშეწყობა;
- კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნა;
- აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერის გაგრძელება.
ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობას 30 წელზე მეტია უჭერს მხარს.
1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში წინსვლის ხელშეწყობისთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობის განვითარება, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში მხარდაჭერა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის ხელშეწყობა.
„საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას.
ამ ძალისხმევის მიმართ ჩვენს ერთგულებას კვლავ ვადასტურებთ. 2026 წელს, ევროკავშირი, ახალი პროექტების განსახორციელებლად, 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოჰყოფს, რითიც განაგრძობს რეალური, დადებითი ცვლილებების განხორციელებას ოჯახებისა და თემებისთვის მთელ საქართველოში“, – აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.