ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით ჰკითხა, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ მის მიმართ წარიმართება სამართლებრივი პროცესი? რაზეც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ კითხვას საფუძველი არ აქვს, შესაბამისად მიაჩნია, რომ „არ უნდა ველოდოთ“.
ასევე კობახიძემ განაცხადა, რომ მდინარაძე გასულია პოლიტიკიდან და მის შესახებ პოლიტიკური შეკითხვები მიზანშეწონილი არაა და არ უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა მამუკა მდინარაძე მისი მეგობარი. თუმცა მისი თქმით, მასთან კომუნიკაცია აქვს:
– პერიოდულად მაქვს ხოლმე, დიახ, კომუნიკაცია.
– მეგობრები იყავით როგორც ვიცი.
– დიახ, გავიმეორებ, მეგობრობა, სხვა თემები – ეს არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხი.
-დღეს ხართ ისევ მეგობრები?
-ეს არ არის თქვენთვის საინტერესო. პოლიტიკასთან დაკავშირებით შეიძლება დასვათ შეკითხვები. მე შეგნებულად არ გპასუხობთ, მნიშვნელობა არ აქვს პასუხი რა იქნება. თუ პოლიტიკასთან გაქვთ შეკითხვები, ეს კითხვები რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დასვათ. მაგრამ პოლიტიკასთან დაკავშირებითაც ასეთ შეკითხვებს არ დასვავმდი იმიტომ, რომ ადამიანი გასულია პოლიტიკიდან. შესაბამისად, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ თემაზე საუბარი, აქტუალური აღარ არის.
-როცა პოლიტიკიდან გავიდა ირაკლი ღარიბაშვილი, მაშინაც გისვამდით თქვენ კითხვას გქონდათ თუ არა რაიმე კომუნიკაცია და მაშინ როცა ვსვამდით კითხვებს, რომ შეიძლება თუ არა ღარიბაშვილის დასჯა მოხდეს და მისი ციხეში გაშვება, მაშინ იღიმოდით კიდეც და ამბობდით, რომ პოლიტიკიდან გასულია. ამ კონტექსტში გეკითხებით ახლა მდინარაძეზე. მაგალითად, როდის გქონდათ მდინარაძესთან ბოლოს კომუნიკაცია, ისევ ის ურთიერთობა გაქთ თუ რაიმე შეცვლილია ამ პროცესში.
-დაგიდასტურებთ, რომ კომუნიკაცია მაქვს. დანარჩენი თქვენთვის არ უნდა იყოს საინტერესო.
-მამუკა მდინარაძეზე შეკითხვები იმიტომ გაჩნდა, რომ ის კონკრეტულმა ადამიანებმა, მათ შორის, თქვენმა მხარდამჭერებმა ახსენეს. დიტო სამხარაძის პოსტშიც ამოიკითხეს მისი გვარი, როცა ის საუბრობდა, რომ „ვპოულობთ ვირთხებს და შესაბამის პასუხს ვცემთ“. რაიმეს ველოდოთ მდინარაძესთან დაკავშირებით სიახლეს?
-ვინ რა ამოიკითხა არ ვიცი, რაც შეეხება თქვენს მინიშნებას, ამას რაიმე საფუძველი არ აქვს.
– რაიმე სამართლებრივ პროცესს უნდა ველოდოთ თუ არა?
– მე გეუბნებით, რომ არავითარი საფუძველი ამ შეკითხვას არ აქვს.
-კითხვის საფუძველი შეიძლება იყოს, პასუხი მითხარით, უნდა ველოდოთ თუ არ ველოდოთ?
-თუ გეუბნებით, რომ საფუძველი არ აქვს, შესაბამისად ჩემი მოლოდინია, რომ არ უნდა ველოდოთ“, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს.