უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო მაია ჩოლოყაშვილის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან გათავისუფლება

პუბლიკა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, უკანონოდ ცნო მაია ჩოლოყაშვილის „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან“ გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ავრცელებს.

მაია ჩოლოყაშვილი სააგენტოში 2011 წლიდან მუშაობდა. 2021 წლის ნოემბერში, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, სააგენტოში თანამშრომელთა კომპეტენციის შეფასების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო. თანამშრომლებს ზოგად უნარებსა და მათემატიკაში ტესტირება და გასაუბრება უნდა გაევლოთ, თუმცა ტესტირება პროფესიულ საკითხებს არ მოიცავდა და კომპეტენციის დადასტურების მინიმალური ზღვარი განსაზღვრული არ ყოფილა.

მაია ჩოლოყაშვილმა წარმატებით გაიარა როგორც ტესტირების, ისე გასაუბრების ეტაპი და მასთან ახალი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. თუმცა 9 თვის შემდეგ მინისტრმა საკადრო წმენდის ახალი ეტაპის დაწყება გადაწყვიტა და რეორგანიზაცია კვლავ წამოიწყო. 2022 წლის 15 იანვარს, მიუხედავად იმისა, რომ მაია ჩოლოყაშვილს რეორგანიზაციის პირველ ეტაპზე ტესტირება და გასაუბრება გავლილი ჰქონდა, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. საფუძვლად მიუთითეს, რომ მისი კომპეტენცია დაკავებულ პოზიციას არ შეესაბამებოდა.

როგორც „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, არცერთი რეორგანიზაციის დროს გასაუბრებას დარგის პროფესიონალები არ ესწრებოდნენ. მათ ნაცვლად კი კომისიაში ექსპერტების რანგში მონაწილეობდნენ პირები, რომლებიც სფეროს წარმომადგენლები არ იყვნენ. ISFED- ის ცნობით, ძირითადად ეს იყვნენ იურისტები, რომლებიც სვამდნენ ზოგად კითხვებს, რომლებსაც მოსარჩელის საქმიანობასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. ამასთან, გასაუბრების აუდიო- და ვიდეოჩაწერა არ ხორციელდებოდა.

მაია ჩოლოყაშვილი სააგენტოში 2011 წლიდან იყო დასაქმებული, არქეოლოგიის სამსახურში, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ ის მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და საგანმანათლებლო სამსახურში გადაიყვანეს. ის ამზადებდა გამოცემებს, პუბლიკაციებს და გზამკვლევებს, მუშაობდა სტატიებზე და სხვ.

„მაია ჩოლოყაშვილის საქმიანობა არსებითად მნიშვნელოვანი იყო სააგენტოს ნორმალური ფუნქციონირებისა და პოპულარიზაციისთვის. მისი საქმიანობა ყოველთვის დადებითად ფასდებოდა და ის სააგენტოს ღირსეული თანამშრომელი იყო, თუმცა ახალი ხელმძღვანელობისთვის სასურველი თანამშრომელი არ აღმოჩნდა და სრულიად დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზად მიუთითეს, რომ მისი კვალიფიკაცია დაკავებულ პოზიციას არ შეესაბამებოდა, მაშინ, როცა ის სააგენტოში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა“, – აღნიშნავს ISFED.

მაია ჩოლოყაშვილმა საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა.

2025-2026 წლებში ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლომ, შემდეგ კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჩოლოყაშვილის სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან” გათავისუფლება უკანონოდ ცნო და მოპასუხეს იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

2026 წლის 2026 წლის 8 ოქტომბერს უზენაესმა სასამართლომაც გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებები.