ომბუდსმენი: ფეიქრიშვილმა ინფორმაცია მოგვაწოდა მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე

პუბლიკა

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 22 ოქტომბერს, ომბუდსმენის რწმუნებულებმა განმეორებითი ვიზიტი განახორციელეს დავით ფეიქრიშვილთან, კლინიკა „ვივამედში“.

როგორც გავრცელებულ ინფომრაციაშია ნათქვამი, ამჯერად მან სახალხო დამცველის აპარატს „დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, მათ შორის, მიუთითა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების სავარაუდო დანაშაულებრივ ჩართულობაზე. ასევე, განმარტა, რომ სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო უწყებასაც, 2026 წლის 21 ოქტომბერს.“

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დავით ფეიქრიშვილის მონახულების მოთხოვნა სახალხო დამცველის აპარატში 2026 წლის 19 ოქტომბერს შევიდა. ომბუდსმენის ცნობით, პატიმართან იმავე დღეს განხორციელდა ვიზიტი, თუმცა მან უარი განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრასა და გასაუბრებაზე.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სიმართლეს არ შეესაბამება საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს 19 ოქტომბერს პირადად სახალხო დამცველი იმყოფებოდა დავით ფეიქრიშვილის მონახულების მიზნით.

მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 19 ოქტომბერს სახალხო დამცველის წარმომადგენელს პატიმარმა ინფორმაცია არ მიაწოდა, დავით ფეიქრიშვილის დედისა და ადვოკატის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მხედველობაში მიღებით, სახალხო დამცველის აპარატმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის შესწავლა.

„კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატმა 2026 წლის 20-21 ოქტომბერს: (1) დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული დანაშაულის თაობაზე მიმართა საგამოძიებო უწყებას; (2) პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე მიმართა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს; (3) დავით ფეიქრიშვილის საკანში განთავსებისა და მასთან ერთად მედიაში დასახელებული სხვა პატიმრების განთავსების დეტალებთან დაკავშირებით, ასევე ვიდეო მეთვალყურეობისა და პატიმრის უსაფრთხოების დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ მიმართა N8 პენიტენციურ დაწესებულებას; (4) დავით ფეიქრიშვილის განთავსების საკანსა და მიმდებარე დერეფანში ვიდეო მეთვალყურეობის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით მიმართა პენიტენციურ სამსახურს“,- ნათქვამია განცხადებაში.

20 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ  მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ფეიქრიშვილის ადვოკატის თქმით, დავით ფეიქრიშვილს 16 ოქტომბერს ციხის საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და კიდე ორი პირი.

„ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, სახის ძვლები ჩამტვრეული და აღენიშნება სისხლნაჟღენთები“ – ამბობს ადვოკატი. მისივე თქმით, თავდამსხმელები აგრძელებენ დავით ფეიქრიშვილზე ზეწოლას და მას ტელეფონის კოდს სთხოვენ. ადვოკატის თქმით, ციხის თანამშრომლებმა ყველაფერი იციან და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.

კლინიკა „ვივამედში“ ადასტურებენ, რომ დავით ფეიქრიშვილი გუშინ საღამოს კლინიკაში შეიყვანეს და ღამით გაწერეს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში. ექიმ ზურაბ ჩხაიძის თქმით, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. 20 ოქტომბერს დავით ფეიქრიშვილი კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა.

ჩხაიძის თქმით, ფეიქრიშვილს ზედა კიდურები აქვს დაზიანებული.

პენიტენციური გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ანგარიშსწორების ფაქტს უარყოფს ვატო ყოფიანიც.

ყიფიანის ადვოკატმა რადიო თავისუფლებას განუცხადა რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა – „ის კატეგორიულად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მასთან ერთად იჯდა, და კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე კონფლიქტს და დაპირისპირებას“.