ქარტია დიტო ჩუბინიძის საქმეზე პროკურატურას მტკიცებულებების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მოუწოდებს, გაასაჯაროოს მტკიცებულებები საქმეზე, რომელზეც „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს.

ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა სამშობლოს ღალატის მუხლით განსაკუთრებით მაღალ მტკიცებულებით სტანდარტს მოითხოვს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ პროკურატურამ უნდა დაასაბუთოს, აქვს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები ჟურნალისტის განზრახვის გამოსაკვეთად და რეალური ზიანის დასადასტურებლად.

მათი შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ჩუბინიძის წინააღმდეგ საქმეს მხოლოდ მისი ჟურნალისტური ნამუშევრები, სხვადასხვა მედიისთვის მიცემული ინტერვიუები და სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსაზრებები დაედოს საფუძვლად.

„ქარტია ელის პასუხს, აქვს თუ არა პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ გამოკვეთოს განზრახვა და დაასაბუთოს რეალური ზიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ ჟურნალისტური ნამუშევრები, სხვადასხვა მედიისთვის მიცემული ინტერვიუები და სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსაზრებებია. მხოლოდ ამის საფუძველზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ჟურნალისტის მიცემა კი საშიშ პრეცედენტს ქმნის“, – წერს ქარტია.

ორგანიზაციის განცხადებით, პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში ამ კითხვებზე პასუხები არ ჩანს. ქარტია ამბობს, რომ ყურადღებით დააკვირდება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს ისინი ბრალად წარდგენილი მუხლის მოთხოვნებს.

ქარტია პროკურატურას მოუწოდებს, ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებული საქმის გამო საზოგადოების მიმართ მეტი ანგარიშვალდებულება გამოიჩინოს და საქმეში არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროოს.

პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა.

ჩუბინიძეს ბრალდება ჯერ არ წარდგენია. ადვოკატის თქმით, ის იმერეთში დააკავეს და თბილისში გადმოჰყავთ. ადვოკატი საქმის მასალებს ჯერ არ იცნობს.

„ჩემთვის ერთადერთი რამაა ცნობილი, რომ ლაზარე ჯორბენაძის თემასთან დაკავშირებით დააკავეს, ამ საქმეზე გამოძიება ხომ მიდიოდა. სავარაუდოდ, მის მიმართ ბრალდების მხრიდან სამშობლოს ღალატის მუხლით არის პრეტენზია, დოკუმენტაცია ჯერ მე არ მინახავს. დიტოს აუცილებლად შევხვდები და გავარკვევ, რა ხდება მის თავს“, – უთხრა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“.