სომხური კომპანია Mobile Centre, რომელიც ძირითადად რუსეთში ტელეფონებისა და სხვა ელექტრონიკის იმპორტსა და რეექსპორტზეა ორიენტირებული, სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის (SRC) მიერ შედგენილი 1,000 უმსხვილესი გადამხდელის სიის მიხედვით, 2026 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, სომხეთის პირველ გადამხდელად დასახელდა.
სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის მონაცემებით, 2021 წელს Mobile Centre გადასახადის გადამხდელთა პირველ ათასეულში 42-ე ადგილს იკავებდა და 4,4 მილიარდი დრამი (12 მილიონი დოლარი) გადაიხადა. 2022 წლიდან კომპანია გადასახადის გადამხდელთა სიის სათავეში მოექცა, ხოლო 2025 წლის ბოლოსთვის მის მიერ გადახდილი გადასახადების მოცულობა თითქმის 18-ჯერ გაიზარდა და 77,8 მილიარდი დრამი (215 მილიონი დოლარი) შეადგინა. 2026 წლის სექტემბრის ბოლოსთვის კომპანიამ ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა და 64,3 მილიარდი დრამის (178 მილიონი დოლარის) გადასახადები გადაიხადა.
2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისა და დასავლეთის შემდგომი სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთი სანქციების გვერდის ავლის მიზნით პოსტსაბჭოთა ქვეყნებს იყენებს – პროდუქცია ჯერ იმ ქვეყნებში შეაქვს, რომლებზეც სანქციები არ ვრცელდება, შემდეგ კი ამ საქონელს რუსეთში აგზავნის. გასულ წელს სომხეთსა და რუსეთს შორის ექსპორტში ტელეფონები და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მოწყობილობები ჭარბობდა.
2025 წელს რუსეთში ექსპორტის მთლიანმა მოცულობამ დაახლოებით 2,9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც სომხეთის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 35%-ს უდრის. ექსპორტის ღირებულების მიხედვით, წამყვან ადგილს რეექსპორტირებული პროდუქცია იკავებდა, მათ შორის მობილური ტელეფონები (789 მილიონი დოლარის ღირებულებით), ტელევიზორები (2025 წლის პირველ ნახევარში – 100 მილიონი დოლარი) და კომპიუტერები.
Mobile Centre-თან ერთად გადასახადის გადამხდელთა პირველი ათეულში შედიან:
- ზანგეზურის სპილენძისა და მოლიბდენის კომბინატი (Zangezur Copper-Molybdenum Combine);
- სიგარეტის მწარმოებელი კომპანიები: Grand Tobacco, Philip Morris Armenia და International Amasis Tabak;
- ორი ბანკი: Arshinbank და Ameriabank;
- ორი IT-კომპანია: Soft Construct და Digitain, რომლებიც ცნობილია ტოტალიზატორებისა და ფსონების ინდუსტრიისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებით;
ასევე Gazprom Armenia, რომელიც რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომის“ 100%-იანი შვილობილი კომპანიაა და სომხეთში ბუნებრივი აირის იმპორტს, ტრანსპორტირებას, შენახვას, განაწილებასა და გაყიდვას მართავს.
Mobile Centre მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების, მათ შორის Xiaomi-ს, Apple-ისა და Samsung-ის სმარტფონების ოფიციალური დისტრიბუტორია.
კომპანია ასევე ყიდის კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს. Mobile Centre-ის მფლობელია სამველ ალექსანიანი, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი პარლამენტარი და სომხეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მეწარმე, რომელიც ასევე ფლობს სუპერმარკეტების ქსელ Yerevan City-ს.
სომხეთის სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის იანვრიდან ნოემბრამდე სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 50%-ით შემცირდა და 6,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რუსეთზე სომხეთის მთლიანი საგარეო ვაჭრობის 35,5% მაინც მოდიოდა. 2025 წლის პირველ ნახევარში სომხეთმა რუსეთში 332 მილიონი დოლარის მობილური ტელეფონები და 100 მილიონი დოლარის ტელევიზორები გაიტანა.
გადასახადის გადამხდელთა ათეულის სიაში წინა წლებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პირველ ადგილს ზანგეზურის სპილენძისა და მოლიბდენის კომბინატი იკავებდა. კომპანიის განცხადებით, 2025 წელს მას 4 600-ზე მეტი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული.