საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ინტერპრესნიუსთან“ ეხმაურება საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება.
ჯაღმაიძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს საპატრიარქოსთვის სრულიად მოულოდნელია, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა.
„საქართველოს საპატრიარქო 2017 წლიდან დაწყებული იმ პროცესის უშუალო ინიციატორი და ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, რომელიც აზარტული თამაშების სფეროში რეგულაციების შემუშავებასა და დაწესებას ისახავდა მიზნად. ამ საკითხზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საპატრიარქოს მხრიდან პროცესს ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III, იმჟამად – საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.
ჩატარდა არაერთი კვლევა, შეგროვდა და გაანალიზდა სტატისტიკური მონაცემები, რომელთა შედეგებიც საზოგადოებას გავაცანით. საბოლოოდ, ხელისუფლებამ მიიღო რეგულაციების მთელი პაკეტი, რაც მეტად მისასალმებელი იყო.
რაც შეეხება ამჟამინდელ საკანონმდებლო ინიციატივას, ის ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა.
ჯერჯერობით საპატრიარქოში აღნიშნულ საკითხზე ფართო მსჯელობა არ გამართულა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება. გავეცანით სახალხო დამცველის პოზიციას და პირადად მე მის არგუმენტებს დიდწილად ვიზიარებ. იმედს ვიტოვებთ, რომ კანონპროექტის ინიციატორებთან დიალოგი სასიკეთო შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსთან“.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება.
კანონპროექტის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი განისაზღვრება როგორც თამაშობა, რომელსაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს და სადაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეა – ეს პროცენტი მეორე მოსმენის დროს შეიცვალა, თავდაპირველად 70% იყო გათვალისწინებული.
კანონპროექტით დგინდება, რომ თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირის ჩატარებისთვის იყენებს და ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის.
ცვლილებით ასევე დგინდება შესაბამისი პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც 50 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება.
არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის წესის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 150 ათას ლარს შეადგენს.
სახალხო დამცველმა მოუწოდა პარლამენტს, არ მიიღონ ეს კანონპროექტი.
ომბუდსმენის შეფასებით, განსაკუთრებით დამაზიანებელია ამ საზოგადოებისთვის სენსიტიური საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, შესაბამისი ექსპერტების და ადამიანის უფლებებზე გავლენის რისკების სრულყოფილად შეფასების გარეშე.
„სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის კანონპროექტების განხილვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკითხის ყოველმხრივ და სრულყოფილ შესწავლას, მათ შორის, შესაბამისი სფეროს ექსპერტების ფართო და სათანადო ჩართულობას.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული ცვლილებების შეფასება არ შემოიფარგლოს მხოლოდ მატერიალური სარგებლის განსაზღვრით და სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე მათი შესაძლო გავლენა და დაკავშირებული რისკები“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
პარლამენტში მეორე მოსმენით განხილვის დროს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფსევდოოპოზიციური „ხალხის ძალის“ წევრები შეკითხვებს სვამდნენ, რა საჭირო იყო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება; ეკა სეფაშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში საუბარი არაა იმ „სოციალურ ფასზე, რაც შეიძლება, ამ კანონპროექტის მიღებამ გამოიწვიოს“.
„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ კანონპროექტმა, შეიძლება, გამოიწვიოს არასასურველი პოპულარიზაცია ამ თამაშების, რომელიც საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა“, – განაცხადა სეფაშვილმა.