პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება.
სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ მოხდეს აღნიშნული კანონპროექტების შემდგომი მიღება.
ომბუდსმენის შეფასებით, განსაკუთრებით დამაზიანებელია ამ საზოგადოებისთვის სენსიტიური საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, შესაბამისი ექსპერტების და ადამიანის უფლებებზე გავლენის რისკების სრულყოფილად შეფასების გარეშე.
„ინიციირებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი მიღების მიზანს წარმოადგენს ტურიზმის განვითარება, ტურნირების უცხოელი მონაწილეების მოზიდვა და ეკონომიკური აქტივობის ზრდა, თუმცა, დოკუმენტი არ შეიცავს:
• საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ცალკე შეფასებას;
• ბარათში არ არის გაანალიზებული შესაძლო სოციალური ზიანი და მისი პრევენციის ხარჯები;
• კანონპროექტის მომზადებაში შესაბამისი ექსპერტებისა და ორგანიზაციების მონაწილეობა არ ყოფილა უზრუნველყოფილი;
• არ არის მიმოხილული სხვა ქვეყნების გამოცდილება;
• განმარტებითი ბარათის თანახმად, ის გავლენას არ მოახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, თუმცა არ ჩანს რას ეფუძნება აღნიშნული შეფასება.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის კანონპროექტების განხილვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკითხის ყოველმხრივ და სრულყოფილ შესწავლას, მათ შორის, შესაბამისი სფეროს ექსპერტების ფართო და სათანადო ჩართულობას.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული ცვლილებების შეფასება არ შემოიფარგლოს მხოლოდ მატერიალური სარგებლის განსაზღვრით და სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე მათი შესაძლო გავლენა და დაკავშირებული რისკები“,- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
საკანონმდებლო პაკეტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილეს და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
მომხსენებლის, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კანონპროექტები სათამაშო ბიზნესის სფეროს სამართლებრივი ჩარჩოს სრულყოფის მიზნით მომზადდა და საერთაშორისო აზარტული ტურნირების საკითხს არეგულირებს.
კანონპროექტის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი განისაზღვრება როგორც თამაშობა, რომელსაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს და სადაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
კანონპროექტით დგინდება, რომ თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირის ჩატარებისთვის იყენებს და ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის.
ცვლილებით ასევე დგინდება შესაბამისი პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც 50 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება.
არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის წესის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 150 ათას ლარს შეადგენს.