პარლამენტმა მიიღო კანონი საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობასთან დაკავშირებით

პუბლიკა

პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობასთან დაკავშირებით.

მიღებული კანონით, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ.

კანონის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი განისაზღვრება როგორც თამაშობა, რომელსაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს და სადაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეა – ეს პროცენტი მეორე მოსმენის დროს შეიცვალა, თავდაპირველად 70% იყო გათვალისწინებული.

დგინდება ასევე პასუხისმგებლობაც წესებისა და პირობების დარღვევისთვის.

საპატრიარქომ და სახალხო დამცველმა კანონი გააკრიტიკეს.

მეორე მოსმენით განხილვის დროს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფსევდოოპოზიციური „ხალხის ძალის“ წევრები შეკითხვებს სვამდნენ, რა საჭირო იყო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება; ეკა სეფაშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში საუბარი არაა იმ „სოციალურ ფასზე, რაც შეიძლება, ამ კანონპროექტის მიღებამ გამოიწვიოს“.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ კანონპროექტმა, შეიძლება, გამოიწვიოს არასასურველი პოპულარიზაცია ამ თამაშების, რომელიც საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა“, – განაცხადა სეფაშვილმა.

კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა „გახარია – საქართველოსთვის“ ფრაქციამ.