სახალხო დამცველი მიესალმება იძულებითი ფსიქიკური მკურნალობის წესში ცვლილებებს

პუბლიკა

სახალხო დამცველი მიესალმება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის წესში განხორციელებულ ცვლილებებს.

პარლამენტმა კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით 28 ოქტომბერს შეიტანა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების თქმით, ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო შეიტანეს.

2026 წლის 30 აპრილში საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც სადავოდ იყო გამხდარი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლები, იძულებითი მკურნალობის გამოყენებაზე სასამართლოს უფლებამოსილება და იძულებითი მკურნალობის ვადა.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ მკურნალობის გაგრძელების საფუძვლების რეგულარული გადამოწმებისა და სასამართლო კონტროლის დამატებითი მექანიზმების დანერგვა ხელს შეუწყობს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაუმართლებელი გახანგრძლივების თავიდან აცილებასა და პაციენტთა უფლებების სათანადო დაცვას.

ცვლილება შევიდა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში და მასთან ერთად, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა“ და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“.

მოქმედი კანონმდებლობით, იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას სისხლის სამართლის მოსამართლე მაქსიმუმ 4 წლამდე ვადით ნიშნავს.

პარლამენტის მიერ დღეს მიღებული კანონით, ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნიდან ორ თვეში ერთხელ განიხილავს და იკვლევს, ისევ არსებობს თუ არა საფუძვლები, რის გამოც იძულებითი მკურნალობის დანიშვნა მოხდა.

კომისიის გადაწყვეტილება როგორც იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის, ასევე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდება.

იძულებითი ფსიქიკური მკურნალობის დანიშვნიდან 6 თვეში ერთხელ, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დოკუმენტაციასთან ერთად სასამართლოს გაუგზავნის და სასამართლო განიხილავს, ისევ არის თუ არა სახეზე საფუძვლები, რომელზე დაყრდნობითაც პირს მკურნალობა შეეფარდა.

ამასთან, მკურნალ ექიმს კვლავ ექნება უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მიმართოს კომისიას, თუ თვლის, რომ პაციენტი ვადამდე გამოჯანმრთელდა.