სამოქალაქო და პროფესიული ორგანიზაციები საერთაშორისო აზარტული თამაშების ტურნირთან დაკავშირებით მიღებული კანონის გაუქმებას მოითხოვენ.
ორგანიზაციებმა განცხადება 28 ოქტომბერს გაავრცელა. პარლამენტმა კანონი დაჩქარებული წესით ასევე 28 ოქტომბერს მიიღო. კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდა ომბუდსმენი და საპატრიარქო.
„ჩვენ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ადამიანის უფლებებისა და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე პროფესიული და სამოქალაქო ორგანიზაციები, გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობას საქართველოში.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას აღნიშნული კანონპროექტის მიღება, უარი თქვას აზარტული თამაშების ბიზნესისათვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე/საგადასახადო შეღავათებზე და სრულად გაითვალისწინოს ადამიანის უფლებებსა და სოციალურ რისკებთან დაკავშირებული შედეგები, ისედაც ამ ბიზნესისგან უკიდურესად დამძიმებულ სოციუმში. ზემოაღნიშნული საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზება ნიშნავს ამ ღონისძიებების მასობრივ პოპულარიზაციას და მოსახლეობის, განსაკუთრებით მოზარდი-ახალგაზრდების მასობრივ დაინტერესებას და ჩართვას ასეთ ტურნირებში.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა საქართველოში რეკორდულ ნიშნულებს აღწევს (88 მილიარდ ლარზე მეტი) და მთლიანი ბიზნეს სექტორის ბრუნვის მესამედზე მეტს შეადგენს. პროცესის შემდგომი სტიმულირება ან ინდუსტრიისთვის რაიმე სახის შეღავათის დაწესება პირდაპირ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.
ლუდომანია (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება) ქვეყანაში გადაიქცა ეპიდემიად, რომელიც იწვევს ათასობით ოჯახის გაკოტრებას, სიღარიბის გაღრმავებას, ოჯახურ ძალადობას, ახალგაზრდა თაობის სოციალურ და ფსიქიკურ დეგრადაციას და, უმძიმეს შემთხვევებში, სუიციდს.
კანონპროექტის მიღება შეიცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე უარყოფითი გავლენის სერიოზულ რისკებს. სახელმწიფოს პირველადი კონსტიტუციური მოვალეობაა საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა და არა სათამაშო ბიზნესის ფინანსური ინტერესების პრიორიტეტიზაცია.
გემბლინგის სექტორი მსოფლიოში მიჩნეულია უკანონო ფინანსური ნაკადებისა და ფულის გათეთრების მაღალი რისკის შემცველ სფეროდ. ნებისმიერი საკანონმდებლო ლიბერალიზაცია ზრდის ფინანსური დანაშაულის რისკებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს (FATF, MONEYVAL).
ჩვენი მოთხოვნებია:
დაუყოვნებლივ შეჩერდეს და გაუქმდეს ინდუსტრიის ინტერესებზე მორგებული კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობას საქართველოში.
გამკაცრდეს არსებული რეგულაციების აღსრულება, მათ შორის ონლაინ სივრცეში უკანონო/უცხოური სათამაშო პლატფორმების ბლოკირება და ანგარიშების უკანონო გადაცემის კონტროლი. ასევე, მოხდეს მოთამაშის ყოველ ჯერზე ვერიფიკაცია, რასაც მარტივად ახდენს თანამედროვე ტექნოლოგები და ხელოვნური ინტელექტი.
შემოღებულ იქნას ლუდომანიის პრევენციისა და მკურნალობის ეროვნული პროგრამა, სადაც სათამაშო ბიზნესის მიერ გადახდილი მიზნობრივი გადასახადები მიმართული იქნება დამოკიდებული პირების უფასო რეაბილიტაციასა და სოციალურ მხარდაჭერაზე.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, დადგნენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ოჯახების სიმტკიცისა და ადამიანის უფლებების მხარეს და უარი თქვან აზარტული თამაშების ბიზნესის ლობირებაზე.“
ხელმომწერი ორგანიზაციები:
დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ
სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმა
ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი
თამბაქოს კონტროლის ალიანსი
არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი
ჯანმრთელობის ფედერაცია
საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო
ახალგაზრდა დიპლომატთა საერთაშორისო ასოციაცია
პედაგოგები ჯანსაღი მომავლისათვის
ჯანმრთელობის აკადემია