კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, დაპირებისამებრ, ნოემბრის ბოლოს დასრულდება. მისივე თქმით, მომავალ წელსაა დაგეგმილი გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია.
„ჭოველიძის ქუჩიდან ელბაქიძის აღმართზე მოძრაობა გავხსენით. ქვედა ფენებში არის კონკრეტული მონაკვეთი მოქცეული, თუმცა აქაც, უკვე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები, საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევა, რომ უკვე საბოლოოდ მოხდეს ასფალტის ბოლო ფენების დაგება.
ეს ერთიანად მოხდება, როდესაც უკვე მთლიანად გამზირზე, ყველა მონაკვეთზე მომზადებული იქნება სამუშაოები იმისთვის, რომ მოასფალტების ბოლო ფენა, ანუ სამუშაოების ბოლო ეტაპი განხორციელდეს. ასე რომ, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
BMG-ს ცნობით, თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი „სმარტ სოლუშენსი” კიდევ ექვსჯერ დააჯარიმა, ექვსივე ჯარიმა დაკავშირებულია კონკრეტული სამუშაოების ვადაგადაცილებით მიმდინარეობასთან, რომელიც მერიის მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოვლინდა. საჯარიმო წერილის თანახმად, სამუშაოები, რომლებიც 20 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, 22 ოქტომბერსაც დასასრულებელი იყო, ხოლო სამუშაოები, რომლებიც 10 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, 23 ოქტომბერსაც დასასრულებელი იყო.
როგორც გამოცემა წერს, აქამდე კომპანია 12-ჯერ იყო დაჯარიმებული, ყველა ჯარიმა დაკისრებული იყო სამუშაოების უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, ახლა დაკისრებული ახალი ჯარიმები კი ეხება უშუალოდ შესრულებული სამუშაოების ვადაგადაცილებას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევებში ერთ თვესაც აღწევს.
BMG-ის მიხედვით, კომპანიას ჯარიმები სამივე მონაკვეთთან დაკავშირებით დაეკისრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მონიტორინგის დასკვნით გამზირის რეაბილიტაცია ვადაგადაცილებით მიმდინარეობს. კომპანია საერთო ჯამში 8 694 ლარით დაჯარიმდა.
პირველი მონაკვეთი: რუსთაველის გამზირი (ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე) ხელშეკრულების ღირებულება: 8,708,341 ლარი. დარღვევები და ჯარიმები:
- მიწის სამუშაოები (უნდა დასრულებულიყო 20 სექტემბერს, არ დასრულებულა 22 ოქტომბრის ინსპექტირებით) — ჯარიმა: 1 741.67 ლარი (წერილი N14-01262963257).
- ხელოვნური ნაგებობები (უნდა დასრულებულიყო 10 ოქტომბერს, არ დასრულებულა 23 ოქტომბრის ინსპექტირებით) — ჯარიმა: 1 741.67 ლარი (წერილი N14-01262964131).
მეორე მონაკვეთი: რუსთაველის გამზირი (ს/ც „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე). ხელშეკრულების ღირებულება: 6,355,905 ლარი. დარღვევები და ჯარიმები:
- მიწის სამუშაოები (უნდა დასრულებულიყო 20 სექტემბერს, არ დასრულებულა 22 ოქტომბრის ინსპექტირებით) — ჯარიმა: 1 271.19 ლარი (წერილი N14-01262963335).
- ხელოვნური ნაგებობები (უნდა დასრულებულიყო 10 ოქტომბერს, არ დასრულებულა 23 ოქტომბრის ინსპექტირებით) — ჯარიმა: 1 271.19 ლარი (წერილი N14-01262964123).
მესამე მონაკვეთი: კოსტავას ქუჩა და რუსთაველის გამზირი (ჭოველიძის ქუჩიდან ს/ც „მერანამდე“). ხელშეკრულების ღირებულება: 6,673,141 ლარი. დარღვევები და ჯარიმები:
- მიწის სამუშაოები (უნდა დასრულებულიყო 20 სექტემბერს, არ დასრულებულა 22 ოქტომბრის ინსპექტირებით) — ჯარიმა: 1 334.63 ლარი (წერილი N14-01262963295).
- ხელოვნური ნაგებობები (უნდა დასრულებულიყო 10 ოქტომბერს, არ დასრულებულა 23 ოქტომბრის ინსპექტირებით) — ჯარიმა: 1 334.63 ლარი (წერილი N14-01262964126).
„სმარტ სოლუშენის“ 100%-ის მფლობელია ლევან გოგსაძე, რომელსაც ცოლად ჰყავს ბექა ოდიშარიას მეუღლის და.
თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი სამ ნაწილად გამოაცხადა. თითო ტენდერი თითო მონაკვეთს მოიცავს. კერძოდ: თ. ჭოველიძის ქუჩა – სავაჭრო ცენტრი „მერანი“, სავაჭრო ცენტრი „მერანი“ – ბესიკის ქუჩა და ბესიკის ქუჩა – თავისუფლების მოედანი.
ჯამურად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 19 954 650 ლარით განისაზღვრა.
მოგვიანებით ხელშეკრულებით თანხა გაიზარდა და ამჟამად 20.5 მილიონს აჭარბებს.
გარდა „სმარტ სოლუშენისა“, რუსთაველის გამზრიზე ასევე მუშაობენ „AWARD“ და „ნიუკონსი“, GWP-ისა და „თბილისი ენერჯის“ კონტრაქტორები.