პატიმრობაში მყოფი ძმების ფეიქრიშვილების დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებით, ტელეფონები, რომლებიც გამოძიებამ მისი სახლიდან ამოიღო და დალუქულ მდგომარეობაში იყო, მის შვილს, დავით ფეიქრიშვილს საკანში შეუტანეს და ცემით და მუქარის გამოყენებით გახსნას აიძულებდნენ.
„როცა იჭერენ ტელეფონი ხომ ილუქება, იდება პარკში და სახლიდან ისე გააქვთ. შემდეგ როცა იხსნება, ადგილზე უნდა იყოს რამდენიმე პირი, ვინც უფლებამოსილია და ვის წინაშეც გაიხსნება ეს ყველაფერი და დათვალიერდება.
საიდან მოხვდა ჩემი შვილიშვილის, ნიკო ფეიქრიშვილის და დავით ფეიქრიშვილის ტელეფონები, რომლებიც იყო დალუქულ მდგომარეობაში იმ პირების ხელში, რომლებიც ელაპარაკებოდნენ ვატო ყიფიანს კამერაში. როცა აჩვენებდნენ ამ ტელეფონებს, დათუნამ [ფეიქრიშვილი] იცნო მისი და ნიკოს ტელეფონი.
ამაზე რას გვიპასუხებს პროკურორი და ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი, როგორ მოხვდა ამ დამნაშავეების ხელში ეს ტელეფონები? გამოიძიონ. ვაკის პოლიციიდან როგორ უნდა მოხვედრილიყო ვიღაცასთან? ეს ზუსტად ის ტელეფონებია, რომლებზეც იყო ლაპარაკი – „ეს გახსენი, ის გახსენი, ეს გვაჩვენე“. დათუნამ ეს ჩვენებაშიც დაწერა.
სამი დღე ცემდნენ [დავით ფეიქრიშვილს], ერთი დღე კი არა და ცემის პარალელურად ხდებოდა ეს ყველაფერი და ზეწოლა“, – ამბობს ნინო აბრამიშვილი „პუბლიკასთან“ საუბარში.
მან ასევე უპასუხა პაატა სალიას გუშინდელ განცხადებასაც.
მინისტრმა დაადასტურა, რომ მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული, დავით ფეიქრიშვილი, რომელიც „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს, საკანში მარტო არ ყოფილა და მასთან სხვა პირები შეასახლეს.
შეკითხვაზე, იყვნენ თუ არა ესენი ვატო ყიფიანი და მისი თანხმლები პირები, პაატა სალია პასუხობს, რომ „ამას გამოძიება დაადგენს“.
„ძალიან გაცოფებული ვარ. პაატა სალია ათი დღე იყო გაჩუმებული და მეთერთმეტე დღეს ილაპარაკა, რა კარგია ჩვენი სისტემაო… იქამდე რომ ამბობდნენ, თავის თავი ცემაო [დავით ფეიქრიშვილმა]. სიმძიმესაც ვერ გრძნობს, ვერც პასუხისმგებლობას. თანამდებობის პირმა უნდა იგრძნოს ის პასუხისმგებლობა, რომ რაზე ილაპარაკოს პირველადაც და მერეც. როცა საკითხი არის გამწვავებული და დიდი რეზონანსი აქვს, ჯერ მოსახლეობას უპასუხე რა მოხდა და მერე უკვე დანარჩენი გაკვრით ილაპარაკე.
მე მესმის, რომ ბევრი რაღაცის თქმა ჯერ არ შეუძლია, იმიტომ, რომ გამოძიება მიდის, მაგრამ როცა ხარ თანამდებობის პირი, ადამიანებს უნდა მისცე ინფორმაცია. ვალდებული ხარ. ახლა ის თავდაცვის რეჟიმშია“, – ამბობს ის.
ნინო აბრამიშვილის თქმით, ის დანებებას არ აპირებს და ბოლომდე იბრძოლებს სიმართლის დასამტკიცებლად, რადგან დასაკარგი არაფერი აქვს.
იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ დაადასტურა, რომ მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული, დავით ფეიქრიშვილი, რომელიც „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს, საკანში მარტო არ ყოფილა და მასთან სხვა პირები შეასახლეს.
„ერთი რამე შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად [დავით] ფეიქრიშვილი არ იყო მარტო საკანში“, – თქვა სალიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
წამყვანის შეკითხვაზე, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ფეიქრიშვილთან სხვა პირები შეასახლეს? – სალია პასუხობს – „დიახ“.
შეკითხვაზე, იყვნენ თუ არა ესენი ვატო ყიფიანი და მისი თანხმლები პირები, პაატა სალია პასუხობს, რომ „ამას გამოძიება დაადგენს“. სალია არც იმას აკონკრეტებს, ვინ შეასახლა სხვა პირები ფეიქრიშვილის საკანში, თუმცა ის ციხის თანამშრომლის ჩართულობას არ გამორიცხავს.
მე-8 პენიტენციურ განყოფილებაში მყოფი ბრალდებულის, დავით ფეიქრიშვილის, ცემის შესახებ ინფორმაცია 19 ოქტომბერს გავრცელდა. ადვოკატის განცხადებით, ფეიქრიშვილს ციხის საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) და კიდევ ორი პირი.
ცემაზე ცნობები იმავე დღეს „კატეგორიულად უარყო“ პენიტენციურმა დაწესებულებამ.
მეორე დღეს, 20 ოქტომბერს, ფეიქრიშვილის დედა პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა და შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მოითხოვა.
20 ოქტომბერს დავით ფეიქრიშვილი დაზიანებით იყო გადაყვანილი „ვივამედში“, რაც კლინიკის დირექტორმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ პაციენტს მრავლობით დაზიანებები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა, თუმცა იმავე დღეს გაწერეს და დააბრუნეს პენიტენციურში.
მოგვიანებით დავით ფეიქრიშვილი ისევ „ვივამედში“ დააბრუნეს.
ბრალდებულის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის პარალელურად პროკურატურამ გამოძიების დაწყებაზე გაავრცელა განცხადება. გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
თავის მხრივ, ფეიქრიშვილის ბრალდებები უარყო ვატო ყიფიანმა და განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დავით ფეიქრიშვილს არ შეხვედრია.
22 ოქტომბერს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ფეიქრიშვილის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სახალხო დამცველმა პროკურატურას დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.
26 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.
ამავე დროს, პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა. იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, პატარიძემ თანამდებობა დატოვა, მის ნაცვლად კი ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა.