ავტორები: რაფიგ შაჰბაზოვი და ასლან ბაირამოვი
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს რამიზ მეჰდიევს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის აღსრულება გადაუვადდა. 88 წლის მეჰდიევს ბრალად ედება სახელმწიფო ღალატი, ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა, ფულის გათეთრება და ქრთამის აღება.
მეჰდიევი პრეზიდენტის ადმინისტრაციას 1995-2019 წლებში ხელმძღვანელობდა და ამ თანამდებობაზე მუშაობდა როგორც ჰეიდარ ალიევის, ისე მისი ვაჟის, ილჰამ ალიევის პრეზიდენტობის დროს.
ათწლეულების განმავლობაში ის აზერბაიჯანის პოლიტიკურ სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო და მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ და საკადრო გადაწყვეტილებებს აკონტროლებდა. თუმცა მოგვიანებით მისი პოზიციები მკვეთრად დასუსტდა და პროცესი აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული იმ ცნობებით დასრულდა, რომელთა თანახმადაც, მეჰდიევი სახელმწიფო გადატრიალებასა და ილჰამ ალიევის მკვლელობას გეგმავდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლების მტკიცებით, მეჰდიევი, ბაქოსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის ფონზე, უცხოური მხარდაჭერით მთავრობის დამხობას ცდილობდა.
თუმცა ანალიტიკოსებმა ეჭვქვეშ დააყენეს სავარაუდო გადატრიალების გეგმის დასადასტურებლად საჯაროდ წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობა და საქმე ალიევის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის უფრო ფართო პროცესის ნაწილად შეაფასეს.
განაჩენს წინ უძღოდა აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2025 წლის ოქტომბერში დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიება. უწყება 88 წლის მეჰდიევს ბრალს სდებდა უცხოურ სადაზვერვო სამსახურებთან შეთქმულებაში, რომლის მიზანიც ხელისუფლების დამხობა იყო. სასამართლომ მისი აქტივების კონფისკაციის გადაწყვეტილებაც მიიღო, თუმცა სასამართლოს განჩინებაში მითითებული ქონების დეტალები არ გასაჯაროებულა.
ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ უძრავ ქონებას, კომპანიების წილებსა თუ სხვა აქტივებს შეეხება კონფისკაცია და რა არის მათი საერთო ღირებულება.
განაჩენი ასევე ითვალისწინებს საკითხის განხილვის მიზნით წარდგინების მომზადებას, რათა მეჰდიევს სახელმწიფო ჯილდოები ჩამოერთვას.
რა ბრალდებები წარუდგინეს რამიზ მეჰდიევს?
მეჰდიევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო. 14 ოქტომბერს საბაილის რაიონულმა სასამართლომ მას ოთხი თვით შინაპატიმრობა შეუფარდა. შემდგომში აღკვეთის ღონისძიების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა.
2026 წლის 12 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მეჰდიევი და კიდევ რამდენიმე პირი უცხოური სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით აზერბაიჯანში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ცდილობდნენ.
გამოძიების მტკიცებით, 2025 წლის აგვისტო-სექტემბერში მეჰდიევმა მოამზადა დოკუმენტი სახელწოდებით „წინადადებები სახელმწიფო მმართველობის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ“. სავარაუდოდ, დოკუმენტი ოპოზიციური პარტია აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ალი ქერიმლის გადაეცა, რის შემდეგაც ის უცხოური სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებს გაუგზავნეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეჰდიევი ასევე დაადანაშაულა 17 მილიონ აზერბაიჯანულ მანათზე (10 მილიონ აშშ დოლარზე) მეტი თანხის გათეთრებაში. გამოძიების ვერსიით, თანხა დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული.
2026 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ მას ქრთამის აღების ბრალდებაც წარუდგინეს.
საქმის წინასწარი სასამართლო სხდომა 21 სექტემბერს გაიმართა. პროცესს მოსამართლე მურად ასლანოვი უძღვებოდა. საქმეზე ასევე ბრალდებულია მეჰდიევის ყოფილი თანაშემწე ელდარ ამიროვი. მისი საქმის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ გავრცელებულა.
აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმმა 28 ოქტომბერს მეჰდიევის აკადემიიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
მეჰდიევის საქმესთან ფარგლებში დააკავეს კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი
26 ოქტომბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბალაკანის რაიონში მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანის პარტიის“ ყოფილი თავმჯდომარე აზად ბალაევი გაფლანგვისა და კორუფციის ბრალდებით დააკავა. 2025 წელს ბალაევის სახელი ფიგურირებდა სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალების საქმეში, რომლის ორგანიზებასაც, ხელისუფლების მტკიცებით, მეჰდიევი ცდილობდა.
აზერბაიჯანული მედიასაშუალებების ცნობით, აზად ბალაევის დაკავებას წინ უძღოდა ის ინფორმაცია, რომელიც ისლამ რზაევის საქმის გამოძიებისას გამოვლინდა.
2025 წლის ოქტომბერში ასევე დააკავეს ბალაკანის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი ისლამ რზაევი. თუმცა მისთვის წარდგენილი ბრალდებები სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალების გეგმას პირდაპირ არ უკავშირდება. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვასა და ქრთამის განმეორებით აღებაში დასდეს ბრალი. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა ოთხი თვით შეუფარდა.
ხელისუფლებას რზაევის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების ზუსტი დეტალები არ გაუმჟღავნებია.
დაკავებების შემდეგ, ნოემბრის დასაწყისში, ალიევმა ახალდანიშნულ პირებთან შეხვედრა გამართა და კორუფციის საკითხზე ისაუბრა.
„აზერბაიჯანის საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ყველა სახელმწიფო მოხელე, რომელიც შეცდომას დაუშვებს, საბოლოოდ სასამართლოსა და კანონის წინაშე აგებს პასუხს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები დღესაც არის. თუმცა საზოგადოებისთვის ისიც ნათელია, რომ არც ერთი უკანონო ქმედება დაუსჯელი არ დარჩება“, – განაცხადა ალიევმა მაშინ.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.