თეოლოგები ხელისუფლებას სათამაშო ბიზნესის შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმების განხილვისკენ მოუწოდებენ

პუბლიკა

თეოლოგები ხელისუფლებას სათამაშო ბიზნესის შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვისა და გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

მათი შეფასებით, ერთი მხრივ, კანონმდებლობა მოქალაქეთა მონაწილეობას ზღუდავს, მეორე მხრივ კი, საერთაშორისო სათამაშო ტურნირებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებით ბიზნესის გაფართოების დამატებით სტიმულებს ქმნის.

„კანონის მთავარი პრობლემა მის შინაგან წინააღმდეგობასა და იმ შესაძლო შეფარულ მექანიზმებშია, რომლებიც საზოგადოებრივი დაცვის სახელით დაწესებული შეზღუდვების პარალელურად სათამაშო ბიზნესის წახალისებას შეიძლება ემსახურებოდეს“, — ნათქვამია მართლმადიდებელი თეოლოგების მიმართვაში.

მათი შეფასებით, მსხვილი საპრიზო ფონდებისა და საერთაშორისო ღონისძიებების წახალისებამ შესაძლოა აზარტული თამაშები საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, უფრო მიმზიდველი გახადოს. თეოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს სახელმწიფო პოლიტიკის თანმიმდევრულობასა და მოქალაქეთა დაცვის ეფექტიანობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ლუდომანია არა მხოლოდ ინდივიდის, არამედ მისი ოჯახის, სოციალური გარემოსა და მთლიანად საზოგადოების პრობლემაა. მათი თქმით, სათამაშო ბიზნესის მასშტაბები და ონლაინკაზინოების ხელმისაწვდომობა საქართველოში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

„ლუდომანია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია მძიმე სულიერ და სოციალურ პრობლემად განიხილავს, არაერთი ადამიანის ცხოვრებაზე აისახა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და ოჯახურ ურთიერთობებს“, — წერენ თეოლოგები.

მიმართვაში ციტირებულია ილია II-ის 2015 წლის სააღდგომო ეპისტოლეც, რომელშიც ის სათამაშო ბიზნესის საფრთხეებზე საუბრობდა. ეპისტოლეში აღნიშნულია, რომ ონლაინკაზინოების ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ქმნის რისკებს, რადგან მათ შესაძლოა ფინანსური პრობლემები შეექმნათ, დაკარგონ ქონება და ოჯახური ურთიერთობები.

თეოლოგების განცხადებით, ეკლესია წლების განმავლობაში მხარს უჭერდა სათამაშო ბიზნესის რეგულირებას და ისეთი მექანიზმების შემოღებას, რომლებიც ადამიანებსა და ოჯახებს ლუდომანიისგან დაიცავდა.

„ჩვენ, მართლმადიდებელი თეოლოგები, ვიზიარებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას სათამაშო ბიზნესის მკაცრი და პასუხისმგებლიანი რეგულირების აუცილებლობის შესახებ“, — ნათქვამია მიმართვაში.

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ეკონომიკური განვითარების მიზანი ადამიანის სოციალური და სულიერი კეთილდღეობის ხარჯზე არ უნდა მიიღწეოდეს. მათი პოზიციით, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ადამიანის, ოჯახის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და მომავალი თაობების ინტერესები.

თეოლოგები ხელისუფლებას მოუწოდებენ, საკითხზე ფართო დისკუსია გამართოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ამ საკითხის მკვლევარ მეცნიერებთან და გადახედოს უკვე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის განიხილოს მათი გაუქმების საკითხიც.

მიმართვას ხელს აწერენ თეოლოგიის დოქტორები შოთა კინწურაშვილი და მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგიის მაგისტრი შოთა რაზმაძე, თეოლოგიის მაგისტრი გიორგი გველესიანი და ფილოსოფიის მაგისტრი შოთა ყურუა.