სოციალურ ქსელებში ორგანიზებულად შეიქმნა სომეხი მაღალჩინოსნების ყალბი ანგარიშები

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი და რაფიგ შაჰბაზოვი

სომხეთის რამდენიმე მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში მათი სახელებისა და ფოტოების გამოყენებით ყალბი ანგარიშები შეიქმნა. ცალკე გაფრთხილება გაავრცელა სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა და განაცხადა, რომ ბანკის სახელით ყალბი დოკუმენტები ვრცელდება.

სომხეთის მაღალჩინოსნები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მსგავსი თავდასხმების სამიზნეები ადრეც გამხდარან. მსგავსი შემთხვევების ბოლო ტალღა 2025 წლის ბოლოსა და 2026 წლის დასაწყისშიც დაფიქსირდა.

28 ოქტომბრიდან ყალბი ანგარიშები შეიქმნა პარლამენტის თავმჯდომარე რუბენ რუბინიანის, ერევნის მერი ტიგრან ავინიანის, განათლების მინისტრ ჟანა ანდრეასიანის, გარემოს დაცვის მინისტრ ჰამბარძუმ მატევოსიანის, ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანისა და ადამიანის უფლებათა დამცველ ანაჰიტ მანასიანის სახელით.

ყალბი ანგარიშების შესახებ გავრცელებულ განცხადებებში თანამდებობის პირებმა და მათმა პრესსპიკერებმა მოქალაქეებს, თანამშრომლებსა და შესაბამისი უწყებების პარტნიორებს მოუწოდეს, უგულებელყონ ამ ანგარიშებიდან გაგზავნილი შეტყობინებები, არ გააზიარონ პირადი ან სამსახურებრივი ინფორმაცია, არ განახორციელონ ფულადი გადარიცხვები, ასევე დაბლოკონ ანგარიშები და პლატფორმებს მათ შესახებ შეატყობინონ.

სომხეთის ცენტრალურმა ბანკმაც გაავრცელა გაფრთხილება მის სახელზე შექმნილი ყალბი დოკუმენტების შესახებ, რომლებსაც თაღლითები იყენებენ.

ბანკმა გამოაქვეყნა თაღლითური დოკუმენტების მაგალითები და აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც თაღლითები მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ ყალბი მინდობილობების, ცნობებისა თუ სხვა დოკუმენტების წარდგენით, თითქოს ისინი ბანკის მიერ არის გაცემული.

„ამ მეთოდის გამოყენებით თაღლითები ცდილობენ, მოქალაქეების სახელით სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციისგან სესხები მიიღონ ან სხვა თაღლითური ოპერაციები განახორციელონ“, – განაცხადა სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა.

სომხეთის ხელისუფლებას აღნიშნულ თავდასხმებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კიბერუსაფრთხოების ორგანიზაცია CyberHub-ის თანადამფუძნებელმა არტურ პაპიანმა OC Media-სთან საუბრისას განაცხადა, რომ არ მიაჩნია შემთხვევითობად ის ფაქტი, რომ მთავრობის კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლები ერთსა და იმავე პერიოდში გახდნენ თავდასხმების სამიზნეები.

„ჩემი აზრით, ეს აშკარად უკავშირდება საზოგადოების ნდობის შერყევის მცდელობებს. ადამიანები იწყებენ ეჭვის შეტანას იმაში, არის თუ არა თანამდებობის პირის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ნამდვილი თუ ყალბი და მართლაც ამ ადამიანმა გამოაქვეყნა ის თუ არა“, – განაცხადა პაპიანმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა მსგავსი მცდელობების გახშირებაზე 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრის ბოლომდე. ამ პერიოდში CyberHub-მა რამდენიმე პლატფორმაზე, განსაკუთრებით კი WhatsApp-სა და Facebook-ზე, სხვა პირების სახელით მოქმედების არაერთი მცდელობა დააფიქსირა. Facebook კვლავ რჩება მთავრობის შიდა და საჯარო კომუნიკაციის ძირითად პლატფორმად.

პაპიანის თქმით, იმ პერიოდში დაფიქსირდა ტექსტური შეტყობინებები, რომლებიც, როგორც ჩანდა, Google Translate-ის ან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იყო ნათარგმნი. ზოგიერთ ტექსტში რუსული სიტყვებიც იყო დატოვებული.

თუმცა, პაპიანმა გააფრთხილა საზოგადოება, რომ ეს გარემოება საკმარისი არ არის იმ დასკვნის გასაკეთებლად, თითქოს თავდასხმების უკან რუსეთი დგას, რადგან რუსული ენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება.

ამასთან, მისი ვარაუდით, აღნიშნული ქმედებები, სავარაუდოდ, სომხეთის კონტექსტში გარკვეული ცოდნის მქონე ადამიანების მიერ იყო ორგანიზებული და შესაძლოა, აზერბაიჯანიდან ან რუსეთიდან მომდინარე „ჰიბრიდული თავდასხმების“ ნაწილი ყოფილიყო.

„როგორც ჩანს, მიზანი ადამიანების დაშინება და მათი რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში ჩართვა. ეს ძალიან ჰგავდა ჯაშუშური ქსელის ჩამოყალიბების მცდელობას“, – განაცხადა პაპიანმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს იმის დასადგენად, თუ ვინ დგას ბოლო შემთხვევების უკან ან რა იყო მათი მოტივი. პაპიანმა ასევე სკეპტიციზმი გამოხატა იმის მიმართ, რომ Meta-სთვის მიმართვის შემთხვევაში შესაძლოა სასარგებლო ინფორმაციის მიღება მოხერხდეს.

„შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ეს ბოლო შემთხვევა წინა თავდასხმებს ჰგავს? დიახ, ბევრი თვალსაზრისით, რადგან, როგორც ჩანს, დამნაშავეები ადგილობრივ კონტექსტს იცნობენ, მომხმარებლების ანგარიშებიდან პროფილის ფოტოებს იწერენ და ასე შემდეგ. თუმცა, ვარაუდების ფარგლებს მიღმა უფრო შორს წასვლა სახიფათო შეიძლება იყოს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს შემთხვევაში, რადგან დასკვნების გამოტანას ფაქტებზე დაყრდნობით ვცდილობთ“, – დასძინა პაპიანმა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.