ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებლების" 33-წევრიან სიაშია

პუბლიკა

ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებლების სიაში” წელსაც მოხვდა. ის ამ სიაში 2025 წელსაც იყო.

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2026 წელს ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ მოქმედი 33 „პრესის თავისუფლების მტაცებლის“ სია შეადგინა.

„რა აქვთ მათ საერთო? მედიის თავისუფლებისადმი სიძულვილი. მათი იარაღი შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა მიზანი ერთია — დამოუკიდებელი ხმების გაჩუმება და ინფორმაციის მიღების უფლების ხელყოფა. პრესის გასაჩუმებლად ისინი სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, მათ შორის ჟურნალისტების მკვლელობას, დაპატიმრებას, პროპაგანდასა და ტროლების არმიებს.

ეს ირონიული „დაჯილდოების სია” ხაზს უსვამს იმ მეთოდების მრავალფეროვნებასა და სისასტიკეს, რომლებსაც ჟურნალისტიკის ჩასახშობად იყენებენ, – წერს RSF.

სია დაყოფილია ხუთ კატეგორიად:

1. პოლიტიკური — ისინი ახშობენ ინფორმაციას საკუთარ ქვეყნებში

  1. ილჰამ ალიევი — აზერბაიჯანი

  2. ალექსანდრე ლუკაშენკო — ბელარუსი

  3. ვლადიმერ პუტინი — რუსეთი

  4. დანიელ ორტეგა და როსარიო მურილიო — ნიკარაგუა

  5. ჰაიბათულა ახუნზადა — ავღანეთი

  6. მუჰუზი კაინერუგაბა — უგანდა

  7. დონალდ ტრამპი — აშშ

2. უსაფრთხოება — ისინი კლავენ, ესხმიან თავს და აპატიმრებენ ჟურნალისტებს

  1. ისრაელის შეიარაღებული ძალები — ისრაელი

  2. ჩინეთის კომუნისტური პარტია — ჩინეთი

  3. „ხალისკოს ახალი თაობის“ კარტელი და სხვა კარტელები — მექსიკა

  4. ბურკინა-ფასოს სამხედრო ხუნტა — ბურკინა-ფასო

  5. მუჰამედ ბინ სალმანი — საუდის არაბეთი

  6. აბდელ ფათაჰ ალ-სისი — ეგვიპტე

  7. M23 — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

  8. დუმბუიას სამხედრო ხუნტა — გვინეა

3. სამართლებრივი — ისინი ჟურნალისტებს სასამართლო დევნას უქვემდებარებენ

  1. ბრენდან კარი — აშშ

  2. რეჯეფ თაიფ ერდოღანი — თურქეთი

  3. ჯონ ლი კა-ჩიუ — ჰონგ-კონგი

  4. როსკომნადზორი — რუსეთი

  5. ადანის ჯგუფი — სამხრეთ აზია

  6. კასიმ-ჟომარტ ტოკაევი — ყაზახეთი

4. ეკონომიკური — ისინი მედიას ფინანსურად აზარალებენ

  1. Alphabet და Meta — აშშ

  2. ბიძინა ივანიშვილი — საქართველო

  3. ვლადიმირ ტაბაკი — რუსეთი

  4. ვინსენტ ბოლორე — საფრანგეთი

  5. უილიამ რუტო — კენია

5. სოციალური — ისინი დისკრედიტაციას უწევენ მედიას და ჟურნალისტების მიმართ უნდობლობას აღვივებენ

  1. ილონ მასკი — აშშ

  2. Honest Reporting — ისრაელი

  3. რობერტ ფიცო — სლოვაკეთი

  4. ხავიერ მილეი — არგენტინა

  5. მარგარიტა სიმონიანი — რუსეთი

  6. OpIndia — ინდოეთი

  7. Rapid Communication Intervention Battalion — ბურკინა-ფასო.

რა წერია RSF-ის სიაში ბიძინა ივანიშვილზე:

პროფაილი: მილიარდერი ოლიგარქი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, რომელიც კვლავ რჩება საქართველოს მთავრობის რეალურ ძალაუფლების ცენტრად. მისი ბიზნესიმპერია და გავლენების ქსელი საშუალებას აძლევს, შებოჭოს ქვეყნის მედია გარემო, განსაკუთრებით კი ხელისუფლებისადმი ლოიალური ტელეარხების „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ მეშვეობით.

მისი გავლენით, ეკონომიკური რესურსები და სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებელი მედიის მოგუდვის პოლიტიკას ემსახურება – როგორიცა ფინანსური ზეწოლა, რეპრესიული კანონები, ცენზურა და სამართლებრივი დევნა.

დამოუკიდებელი ჟურნალისტები სტიგმატიზებული არიან, მათ  აშინებენ და აჩუმებენ.

2026 წელს დაფიქსირებული ქმედებები

  • დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის, მზია ამაღლობელის, პატიმრობაში დატოვება. უზენაესმა სასამართლომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა, ასევე უარი ეთქვა ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნაზე.
  • ახალი რეპრესიული კანონების მიღება, რომლებიც უცხოური დაფინანსების გარკვეულ ფორმებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას უკავშირებს და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას;
  • კომუნიკაციების კომისიის მანიპულირება იმ ტელეარხების დასასჯელად, რომლებიც ხელისუფლებას ანგარიშვალდებულებას სთხოვენ (განსაკუთრებით „ფორმულა TV“ და „ტვ პირველი“). საქმე იქამდეც მივიდა, რომ მათ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული გარკვეული გამონათქვამების გამოყენება აუკრძალეს.
  • ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართლებრივი დავებისა და სანქციების ზრდადი ტენდენცია, მათთვის საპარლამენტო აკრედიტაციის შეზღუდვასთან ერთად.