წითლიძე: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატორებთან საკონსტიტუციოს წევრების საზეიმო გარემოში გამოჩენა პრობლემურია

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრი ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოჩენაზე შეკითხვებს სვამს.

მისი შეფასებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის პარალელურად ამ აკრძალვის ინიციატორი პოლიტიკური გუნდის ლიდერების საკონსტიტუციო სასამართლოს ღონისძიებაზე გამოჩენა პრობლემურია.

„რამდენად შეესაბამება სასამართლოს ინსტიტუციური ნეიტრალიტეტისა და მოსამართლეთა ეთიკის სტანდარტებს ასეთი ღონისძიების ჩატარება მიმდინარე პოლიტიკური დავის ფონზე? რატომ არ გადაიდო ღონისძიება, მით უფრო, რომ ის სასამართლოს ამოქმედების ზუსტ თარიღს – 1996 წლის 10 სექტემბერს – არ ემთხვევა?…

რამდენად მისაღებია, რომ იმავე ღონისძიებაზე მოსარჩელე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები საჯაროდ აკეთებდნენ კომენტარებს მიმდინარე საკონსტიტუციო დავაზე და ფაქტობრივად წინასწარ აცხადებდნენ, რა გადაწყვეტილებას ელიან სასამართლოსგან?“, – სვამს შეკითხვას ანა წითლიძე.

მას ასევე აინტერესებს, იყვნენ თუ არა მიწვეული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ და პარლამენტშიც არიან წარმოდგენილი და თუ არა, რა იყო ამის მიზეზი.

„რატომ არ არის წარმოდგენილი სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის ამსახველ დოკუმენტურ ფილმში არც ერთი კადრი წინა ხელისუფლების პერიოდიდან, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში გადმოვიდა და ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა?

რამდენად მართებულია საიუბილეო ფილმში თენგიზ შარმანაშვილის წარმოჩენა, რომელიც ამჟამად იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, რომლის მიერ ინიციირებულ საქმეზეც სასამართლომ უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს?

ეს კითხვები არ ეხება მხოლოდ ერთ ღონისძიებას. ისინი ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, მის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და საზოგადოების ნდობას“, – განაცხადა წითლიძემ.

მისი შეფასებით, ნაცვლად კონსტიტუციური ღირებულებებისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ზეიმისა, საზოგადოებამ მიიღო „ქართული ოცნების“ პარტიული ზეიმი.

5 ნოემბერს გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი, შალვა პაპუაშვილი და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელს განიხილავს.

სარჩელის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის 88 დეპუტატია.