მსოფლიო ბანკის პროგნოზით, COVID-19 -ის პანდემია და სასაქონლო ფასების მკვეთრი ვარდნა გავლენას იქონიებს ფულადი გზავნილების შემოდინებაზე საქართველოში.
მსოფლიო ბანკი გამოცემაში მსოფლიოში ზოგად მდგომარეობას მიმოიხილავს. პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს მოსალოდნელია ფულადი გზავნილების გლობალური ვარდნა დაახლოებით 20 პროცენტით COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის და იზოლაციის გამო.
„უახლეს ისტორიაში ჯერ არნახული სავარაუდო კლება განპირობებული იქნება ძირითადად მიგრანტი მშრომელების ხელფასების და დასაქმების შემცირებით, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის დროს გაცილებით მეტად მოწყვალდნი არიან მასპინძელ ქვეყანაში სამუშაოს და ანაზღაურების დაკარგვის გამო. ფულადი გზავნილები დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მიმართულებით (LMICs) სავარაუდოდ შემცირდება 19.7 პროცენტით 445 მლრდ. აშშ დოლარამდე, რაც ბევრი დაუცველი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური საარსებო წყაროს დაკარგვას ნიშნავს, “- ამბობენ მსოფლიო ბანკში.
მსოფლიოს ბანკში ამბობე, რომ როგორც კვლევები მიუთითებს, ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად ამსუბუქებს სიღარიბეს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, აუმჯობესებს კვების ხარისხსთან დაკავშირებულ საკითხებს , უკავშირდება განათლებაზე დანახარჯების ზრდას და ამცირებს ბავშვის შრომას არაუზრუნველყოფილ შინამეურნეობებში. ფულადი გზავნილების კლება გავლენას მოახდენს ოჯახების უნარზე აღნიშნული მიმართულებებით ხარჯების გაწევის თვალსაზრისით, რადგან მათი ფინანსები დაიხარჯება საკვების არქონის პრობლემის გადაწყვეტასა და გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.
პროგნოზის მიხედვით, ფულადი გზავნილების ნაკადების ვარდნა მოსალოდნელია მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყველა რეგიონში, განსაკუთრებით ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (27.5 პროცენტი), საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში (23.1 პროცენტი), სამხრეთ აზიაში (22.1 პროცენტი), ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში (19.6 პროცენტი), ლათინური ამერიკის და კარიბის აუზის ქვეყნებში (19.3 პროცენტი), და აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში (13 პროცენტი).
მოფლიო ბანკის შეფასებით 2021 წელს ფულადი გზავნილების დონე დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 5.6 პროცენტით, 470 მლრდ. აშშ დოლარამდე მოიმატებს. ფულადი გზავნილების პერსპექტივა კვლავაც გაურკვეველი რჩება, ისევე როგორც COVID-19- ის გავლენა გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე და დაავადების გავრცელების შეზღუდვის ღონისძიებებზე. წარსულში მშრომელები გაცილებით მეტ ფულს რიცხავდნენ შინ კრიზისის და რთულ პერიოდებში. თუმცა, ამჯერად პანდემიამ გავლენა იქონია ყველა ქვეყანაზე და დამატებითი გაურკვევლობები შექმნა.
„საქართველოში 2016 წლიდან მოყოლებული ფულადი გზავნილების შემოდინება იზრდებოდა და უკანასკნელ წლებში მშპ -ის 10 პროცენტს გადააჭარბა, სადაც აღინიშნებოდა გზავნილების შედარებით მძლავრი ნაკადი ევროკავშირის ქვეყნებიდან და ისრაელიდან. უცხოეთიდან მიღებული გადარიცხვები საქართველოს მოქალაქეებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. შინამეურნეობების 20 პროცენტი აღნიშნავს, რომ 2019 წელს ფულად შემოსავალს უცხოეთში მცხოვრები ნათესავებისგან იღებდა.
COVID-19 -ის პანდემია და სასაქონლო ფასების მკვეთრი ვარდნა გავლენას იქონიებს ფულადი გზავნილების შემოდინებაზე საქართველოში, რამდენადაც ძირითადი ქვეყნები, საიდანაც გზავნილების მიღება ხდება, კრიზისის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ (მაგ. იტალია, რუსეთის ფედერაცია, შეერთებული შტატები), “- ამბობენ მსოფლიო ბანკში.