პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მთავარ მოედანზე მომხდარი სროლის შედეგად 6 ადამიანი ადამიანი დაიღუპა, ათამდე კი – დაშავდა. დაღუპულია 4 ქალი და 2 კაცი. დაშავებულთა შორის 2 პოლიციელია, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
პოლიციის ცნობით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე კაცი მანქანით მთავარ მოედანზე შევიდა და მანქანიდან შემთხვევითი მიმართულებით სროლა დაიწყო. სამართალდამცველებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს. ის დაჭრილია და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებული პოლონეთის მოქალაქეა.
პოლიციის სპიკერმა თქვა, რომ ეჭვმიტანილს „სამხედრო სტილის სამოსი“ ეცვა და მან „სამხედრო იარაღი“ გამოიყენა.
პოლონეთის ვიცე სპიკერმა კი X-ზე დაწერა, რომ თავდამსხმელი არასდროს ყოფილა პოლონური არმიის შემადგენლობაში და არც მოქმედი სამხედროა.
ამ დროისთვის უცნობია თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე თავდასხმის მოტივი და დაშავებულთა მდგომარეობა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში მომხდარს „ტრაგიკული“ უწოდა და აღნიშნა, რომ თავდასხმის შესახებ ინფორმაციას მუდმივად იღებს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელია – პოლონურმა პოლიციამ ეს ინფორმაცია უარყო. პოლიციამ ასევე არ დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2 ადამიანია დაკავებული.