ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირების მანდატი ნეთანიაჰუს მთავარ მეტოქე გადი აიზენკოტს მიანიჭა

პუბლიკა

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს, პარტია „იაშარის“ ლიდერ გადი აიზენკოტს ახალი მთავრობის ფორმირების მანდატი მიანიჭა.

გადაწყვეტილება 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური ჩიხის ფონზე მიიღეს, როდესაც ვერც ერთმა პოლიტიკურმა ბლოკმა საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.

ნეთანიაჰუ, რომელიც ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდხანს იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს, თანამდებობის შენარჩუნებისთვის იბრძვის. არჩევნებში მისმა რელიგიურ-ნაციონალისტურმა კოალიციამ უმრავლესობა დაკარგა, თუმცა პარლამენტში ყველაზე დიდ პოლიტიკურ ბლოკად დარჩა.

ყოფილი სამხედრო მეთაური აიზენკოტი არაბულ პარტიებთან ალიანსის შექმნას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი მხარდაჭერით საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას შეძლებდა. მიუხედავად ამისა, არაბულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებიც ნეთანიაჰუსა და მისი ულტრამემარჯვენე მოკავშირეების პოლიტიკას რასისტულად მიიჩნევენ, მთავრობის ფორმირების მთავარ კანდიდატად აიზენკოტი დაასახელეს. შედეგად მან ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო.

პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, იცხაკ ჰერცოგმა აიზენკოტი პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიწვია, სადაც მას მთავრობის ფორმირების მანდატი ოფიციალურად გადაეცემა.

აიზენკოტს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 28 დღე აქვს ვადის დამატებით 14 დღით გახანგრძლივების შესაძლებლობით. მისი შესაძლო სტრატეგიებია არაბული პარტიების გარე მხარდაჭერით უმცირესობის მთავრობის შექმნა, ულტრამართლმადიდებლურ პარტიებთან კოალიციის ჩამოყალიბება ან ნეთანიაჰუსთან ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირება. თუმცა ანალიტიკოსები სამივე სცენარს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ.

თუ აიზენკოტი მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს, ეს შესაძლებლობა სხვა კანდიდატს მიეცემა. წარუმატებლობის შემთხვევაში პარლამენტს კიდევ ერთი კანდიდატის დასახელება შეეძლება. პროცესისთვის დაახლოებით 100-დღიანი ვადაა განსაზღვრული. თუ ამ პერიოდში მთავრობა ვერ ჩამოყალიბდება, ქვეყანაში ახალი არჩევნები გაიმართება.

არჩევნების შედეგად ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ქნესეთში 27 მანდატი მოიპოვა, ხოლო მისმა კოალიციამ ჯამში 53 ადგილი მიიღო, რაც უმრავლესობისთვის საჭირო 61 მანდატზე ნაკლებია. აიზენკოტის პარტია „იაშარი“ 21 მანდატით მეორე უმსხვილეს პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა, მისმა კოალიციამ კი 48 ადგილი მოიპოვა. ისრაელის არაბული უმცირესობის წარმომადგენელმა ორმა პარტიამ ჯამში 19 მანდატი მიიღო, რაც უპრეცედენტო შედეგია.

66 წლის გადი აიზენკოტი მაროკოდან ემიგრირებული ებრაელების ოჯახში დაიბადა. პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, ისრაელის პირველი ლიდერი იქნება მიზრაჰული თემიდან, რომელიც ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მცხოვრები ებრაელების შთამომავლებს აერთიანებს.

თავშეკავებული და მედიის ყურადღებისგან თავის არიდების მოყვარული აიზენკოტი პოლიტიკაში 2022 წელს ჩაერთო. 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ის მცირე ხნით ნეთანიაჰუს ომისდროინდელი მთავრობის წევრი იყო, მოგვიანებით კი ოპოზიციაში დაბრუნდა.

ოპოზიციაში ყოფნისას აიზენკოტი ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობას, მათ შორის ღაზის სექტორში სამხედრო კამპანიის მართვას, საჯაროდ აკრიტიკებდა და პირობა დადო, რომ მის მთავრობაში აღარ იმსახურებდა.

მის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ იმიჯზე გავლენას ახდენს პირადი ტრაგედიაც: 2023 წლიდან ღაზის სექტორში მიმდინარე ბრძოლებში მისი ვაჟი და ორი ძმისშვილი დაიღუპნენ.

საარჩევნო კამპანიის დროს აიზენკოტი განსაკუთრებულ ყურადღებას საკუთარ სამხედრო გამოცდილებასა და უსაფრთხოების საკითხებში კომპეტენციაზე ამახვილებდა. ის საუბრობდა მის მიერ შემუშავებულ ე.წ. „დაჰიას დოქტრინაზე“, რომელიც თავდასხმებზე არაპროპორციული სამხედრო ძალით პასუხის გაცემას გულისხმობს. აღნიშნული დოქტრინა მან 2006 წელს, ლიბანში, ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ ომის დროს, სამხედრო მეთაურის რანგში გამოიყენა.

აიზენკოტი ასევე აკრიტიკებს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელი მოსახლეების მხრიდან პალესტინელებზე ძალადობას, რომელიც 2023 წლიდან გაიზარდა და ისრაელსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვის ერთ-ერთ მიზეზად იქცა.

ის ასევე ეწინააღმდეგება ნეთანიაჰუს ულტრამემარჯვენე კოალიციის პარტნიორებს: იტამარ ბენ-გვირსა და ბეცალელ სმოტრიჩს. ორივე მათგანს დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ პალესტინელების მიმართ ძალადობის წახალისების გამო სანქციები დაუწესა.