ვეკუას სკოლა სასწავლო პროცესს იმავე შენობაში გააგრძელებს 

პუბლიკა

ვეკუას სკოლა სასწავლო პროცესს იმავე შენობაში გააგრძელებს – ამის შესახებ განცხადება ვეკუას სკოლის facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს, 8 ნოემბერს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის შეხვედრა გაიმართა, სკოლის გარეთ კი მოსწავლეები საპროტესტო ბანერებით იყვნენ შეკრებილნი.

შეხვედრის პარალელურად საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სამინისტროს პოზიცია – ერთ-ერთმა მშობელმა, მარი გაბედავამ „პუბლიკასთან” განაცხადა, რომ შეხვედრაზე სკოლის დირექტორმა მათ სამინისტროს წარმომადგენლის, ლალი კალანდაძის შეტყობინება წაუკითხა:

„ვინაიდან ფართის მოძიებას არ ეყო ეს ორი დღე, ამასთანავე, სულ რომ ხვალ ვიშოვოთ ფართი, გარკვეული დრო დასჭირდება გარდამავალ პერიოდს – ხელშეკრულების გაფორმება, 112-ის დასკვნა და ა.შ. თქვენი სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:

სამხარაულის ბიუროს გაეგზავნა დამატებითი მოთხოვნა სიღრმისეული ანალიზის გასაკეთებლად. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია მანამდე იყო ზეპირი, ჩაითვალა, რომ დამატებით ჩართონ ექსპერტები ამ პროცესში.

მანამდე, სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობაში. ამასთანავე, ორშაბათიდან ადგილზე გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება.

ჩაიკეტება რამდენიმე საკლასო ოთახი, ხოლო სწავლისთვის გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ოთახები. დაემატებიან მანდატურები.

რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსს, რომელუც ვეკუას სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად მზად იქნება 2027 წლის სექტემბერში”, – ვკითხულობთ მესიჯში, რომელსაც მარი გაბედავა ავრცელებს.

მოგვიანებით, სასწავლო პროცესის გაგრძელებასა და სამომავლო გეგმების შესახებ განცხადება გაავრცელა ვეკუას სკოლის ადმინისტრაციამაც:

1. სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იმავე შენობაში — უსაფრთხო ნაწილში.

2. უახლოეს ერთ კვირაში სკოლა შეიმუშავებს ახალ საგაკვეთილო ცხრილს შემჭიდროვებული საათობრივი დატვირთვით.

3. სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ სკოლა 2027 წლის სექტემბერში სასწავლო პროცესს დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის შესაბამის ფართში, სადაც გათვალისწინებული იქნება სრულფასოვანი სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ყველა პირობა.

4. შეიქმნება მშობლების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც აიღებს ვალდებულებას, გააკონტროლოს და თვალი ადევნოს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას და შესაბამისი ვადების დაცვას ტექნიკური უნივერსიტეტის მე-10 კორპუსში”, – წერია განცხადებაში.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ამ სკოლის შენობის ავარიულობასთან დაკავშირებითაც არსებობს ექსპერტიზის დასკვნა და რომ ალტერნატიულ სივრცეში სწავლის გაგრძელებაზე სამინისტრო სკოლასთან მოლაპარაკებებს მართავდა.