თურქეთში, იზმირის პროვინციაში, ქალაქ ალიაღაში, მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სასამართლომ გამოძიების დასრულებამდე ინფორმაციის გავრცელების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. აკრძალვა ვრცელდება ბეჭდურ მედიაზე, ტელევიზიაზე, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში გავრცელებულ ყველა სახის ინფორმაციაზე.
ამის შესახებ თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის უმაღლესი საბჭო (RTÜK) 9 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.
RTÜK-ის ცნობით, ალიაღას სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლომ გადაწყვეტილება ალიღას პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. აკრძალვა მოქმედებს გამოძიების დასრულებამდე და შეეხება შემთხვევასთან დაკავშირებულ ყველა სახის ახალ ამბავს, ინტერვიუსა და კომენტარს.
RTÜK-ის განცხადებით, გადაწყვეტილების საფუძველია დეზინფორმაციისა და საზოგადოებრივი მღელვარების თავიდან აცილება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და გამოძიების შეუფერხებლად წარმართვა. საბჭომ მაუწყებლებს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისკენ მოუწოდა.
აფეთქება 9 ნოემბერს HABAŞ-ის რკინისა და ფოლადის ქარხანაში მოხდა. შემთხვევის შედეგად, არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 17-ია, დაშავებულთა რაოდენობა კი 14-მდე გაიზარდა.
Balkan Insight-ის ინფორმაციით, თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ვედათ იშიქჰანმა განაცხადა, რომ აფეთქება სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარმა შემთხვევამ გამოიწვია – ჩამოვარდნილმა მასალამ ბუნებრივი აირისა და ჟანგბადის მილები დააზიანა.
შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. Balkan Insight-ის ცნობით, საქმეზე ექვსი პირია დაკავებული.