ზვიად მაისაშვილის ცემის ბრალდებით დაკავებულ სპეცრაზმელებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ

პუბლიკა

ზვიად მაისაშვილის ცემის ბრალდებით დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ. ინფორმაცია ადვოკატმა „პუბლიკას” დაუდასტურა. ამასთან მათ 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეეფარდათ. ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილის თქმით, საქალაქო სასამართლომ განაჩენი საქმეზე დღეს გამოიტანა. 

ზვიად მაისაშვილს სპეცრაზმელები თავს დაესხნენ 2024 წლის 30 ნოემბერს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევის დროს. გავრცელებულ კადრში ჩანს, როგორ ურტყამს მას ათამდე შავებში ჩაცმული ნიღბიანი პოლიციელი. ერთი მათგანი მას ფერდებში წიხლს ურტყამდა, მეორე – სახეში ასევე ფეხს, მესამემ კი დახმარების სათხოვნელად წამოწეულს ისევ წიხლს დაამატა. თავდასხმის შედეგად მან მიიღო ტვინის შერყევა და ცხვირის მოტეხილობა.

შემთხვევიდან 8 თვის თავზე მას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

დღეს განაჩენი დადგა ჟურნალისტ გურამ როგავას თავდასმის ეპიზოდთან დაკავშირებითაც. ბრალდებულ სპეცრაზმელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

8 მაისს პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულ 4 სპეცრაზმელსა და დაცვის პოლიციის 1 თანამშრომელს – გ.კ.-ს, ზ.ჩ.-ს ა.ბ.-ს, ტ.ბ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.