ევროკავშირი ღაზის სექტორში არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ისრაელს ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად დაშვებისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ღაზას სექტორში მომხდარმა წყალდიდობამ და ზამთრის მკაცრმა პირობებმა კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც გამოფიტული მოსახლეობის მდგომარეობა, გაზარდა საფრთხეები და გააღრმავა ადამიანური ტანჯვა.
ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვა ნებისმიერ ვითარებაში აუცილებელია. ეს გულისხმობს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ასევე სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებების დაცვას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნასერის საავადმყოფოზე განხორციელებული ბოლო საჰაერო დარტყმა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.
„ღაზის კონფლიქტის დასრულების ყოვლისმომცველი გეგმით გათვალისწინებული ჰუმანიტარული დახმარების ვალდებულებები სრულად უნდა შესრულდეს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
ისრაელს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარებისა და აღდგენისთვის საჭირო მხარდაჭერის შეუფერხებელი დაშვება და ფართომასშტაბიანი მიწოდება, ასევე გახსნას ღაზის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.
ისრაელმა ხელი უნდა შეუწყოს გაეროსა და მისი სააგენტოების, ასევე ჰუმანიტარული ორგანიზაციების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და შეასრულოს საერთაშორისო სამართლით, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ყველა ვალდებულება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული დახმარება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის უნდა გამოიყენებოდეს და შეიარაღებულმა ჯგუფებმა ის საკუთარი მიზნებისთვის არ უნდა მიითვისონ.
ევროკავშირი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგაც ღაზაში სამხედრო დარტყმები გრძელდება. ამასთან, არსებული შეზღუდვების გამო მოსახლეობას კვლავ არ მიეწოდება აუცილებელი ნივთები, მათ შორის მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა, რის გამოც ადამიანებს ღირსეული ცხოვრების პირობები არ აქვთ.
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის პრინციპისადმი და მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ და სრულად შეასრულონ გაეროს უშიშროების საბჭოს 2803-ე რეზოლუციით გათვალისწინებული დებულებები, გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებისა და საერთაშორისო პოლიტიკური და სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად.
ეს გულისხმობს „ჰამასისა“ და სხვა არასახელმწიფოებრივი შეიარაღებული ჯგუფების მიერ იარაღის სრულად ჩაბარებასა და შეიარაღების გაუქმებას, ისრაელის ძალების სრულად გაყვანას ღაზას სექტორიდან და ღაზას სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლას.
„ჰამასს“ ღაზას სექტორის მომავალ მმართველობაში არანაირი როლი არ უნდა ჰქონდეს“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
ევროკავშირის ამ განცხადებას გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების შეფასებით, ევროკავშირის განცხადება „სრულიად დაუბალანსებელია“ და „ახალისებს „ჰამასის“ მიერ განიარაღებაზე უარის თქმას“.
„განცხადებაში უგულებელყოფილია მშვიდობის საბჭოს ხელმძღვანელობითა და ისრაელის ხელშეწყობით განხორციელებული უპრეცედენტო ჰუმანიტარული ძალისხმევა. ამ დროისთვის ღაზას სექტორში შეტანილია 93 000-ზე მეტი კარავი და 8 600-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი, რომლებსაც ზამთრისთვის საჭირო მარაგები და აუცილებელი აღჭურვილობა გადაჰქონდათ.
განცხადებაში ასევე უგულებელყოფილია ის ფაქტი, რომ „ჰამასი“ განუწყვეტლივ იყენებს საავადმყოფოებს ტერორისტული ოპერაციებისთვის და ჰუმანიტარულ დახმარებას სამხედრო ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად მიმართავს.
ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს „ჰამასის“ დაუყოვნებლივი განიარაღება, რათა ღაზის სექტორი დემილიტარიზებული გახდეს და მისი აღდგენა დაიწყოს“, – ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.