მოძრაობამ „სოციალური დემოკრატიისთვის” პოლიტიკური პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა გამართა

პუბლიკა

მოძრაობამ „სოციალური დემოკრატიისთვის” პოლიტიკური პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა გამართა.

ყრილობის წევრებმა საერთო კრებით აირჩიეს 16 ადამიანი, რომლებიც მომდევნო 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ მოძრაობის მართვასა და საქმიანობას. ასევე დაამტკიცეს პარტიის წესდება და აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები.

ახალი პოლიტიკური ძალა აერთიანებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, სოციალური სამართლიანობისთვის, შრომითი უფლებებისა და გარემოს დაცვისთვის მებრძოლ ადამიანებს, სტუდენტებს, ემიგრანტებს, „რომელთა მთავარი მიზანია, ააშენონ პოლიტიკურად და ეკონომიკურად სამართლიანი სახელმწიფო“.

„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” აცხადებს, რომ პარტიის შექმნა ეხმიანება ქვეყანაში არსებულ მწვავე პოლიტიკურ კრიზისს, სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობას, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოშლას, ევროკავშირისგან ქვეყნის სრულ იზოლაციას, რაც გზას უხსნის ავტორიტარიზმის სწრაფ გაძლიერებას.

მათი განმარტებით, პარტია ეფუძნება ძლიერ შიდა დემოკრატიას და პოლიტიკის სრულიად ახლებურ ხედვას, რომლის მიზანია პოლიტიკაზე გავლენა დაუბრუნოს ხალხს, პოლიტიკის მამოძრავებელ ძალად კი საზოგადოების ნამდვილი პრობლემები აქციოს.

პარტიის განცხადებით, მათი ხედვა ეფუძნება პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის დემოკრატიულ გარდაქმნას, სამართლიანი მართლმსაჯულების, ადგილობრივი დემოკრატიის, ღირსეული შრომისა და ანაზღაურების, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის, განათლების, სოციალური და გარემოს დაცვის ძლიერი სისტემების შექმნას.

დღევანდელ სადამფუძნებლო ყრილობაზე სიტყვით გამოვიდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები.

სოფო ვერძეულმა პარტიის დაფუძნების მთავარ მიზეზად ღირსების, მოქალაქეთა უფლებებისა და სუვერენიტეტის დაცვა დაასახელა. მისი თქმით, არ შეეგუებიან ადამიანების ჩაგვრას, გარიყვას და მოქალაქეების პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევას.

„თუ რჩება კითხვა, რატომ ვაფუძნებთ პარტიას, ჩვენი პასუხი მარტივია – ეს არის ჩვენი ღირსების დასაცავად გადადგმული ნაბიჯი, რადგან ღირსება ვერ არსებობს იქ, სადაც უსამართლობა ნორმაა და სადაც სოლიდარობის ადგილი არ არის. ჩვენ ვორგანიზდებით და ვამბობთ, რომ ადამიანების ჩაგვრას, გარიყვას, პოლიტიკურ ინსტრუმენტებად ქცევას ჩვენი თანხმობა არასდროს ექნება. ეს ჩვენი სუვერენულობის და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად გადადგმული ნაბიჯია.

ეს არის ჩვენი პასუხი შიშის პოლიტიკაზე, რომლითაც ცდილობენ, რომ გმართონ. ჩვენმა საზოგადოებამ, რომელიც ათწლეულებია რუსული ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს, ძალიან კარგად იცის მშვიდობის ფასი და ისიც იცის, რომ ეს პირველ რიგში ნიშნავს სოციალურ მშვიდობას და არა საზოგადოებრივ შუღლს, რომელიც ასე გვანაწევრებს და გვასუსტებს.

ჩვენს ხალხს ძალიან კარგად ახსოვს უსამართლობასთან და მჩაგვრელ სისტემასთან ბრძოლა. ჩვენ ერთხელ მოვახერხეთ უარი გვეთქვა ასეთი მმართველობისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელით შეგვეცვალა ის, რაც ავტორიტარიზმიდან ავტორიტარიზმამდე წრეზე გვატარებს. ეს პოლიტიკური და ეკონომიკური ბორკილებია, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ადევს.

ამიტომაც, თუ ამ მოჯადოებული წრის დასრულება გვინდა, ამ ბორკილებისგან ერთდროულად უნდა გავთავისუფლდეთ. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიას მომავალი ვერ ექნება სოციალური სამართლიანობის გარეშე და პირიქით, სამართლიანობა ვერ იარსებებს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის გარეშე.

სწორედ ამას გულისხმობს სოციალური დემოკრატია და ის პოლიტიკური შეთანხმება, რომლითაც დღეს ჩვენ ვაფუძნებთ ახალ პოლიტიკურ ერთობას. დღევანდელი გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური პარტია, უნდა იქცეს პასუხად ქვეყანაში გავრცელებულ სასოწარკვეთასა და ნიჰილიზმზე. უნდა იქცეს შესაძლებლობად პოლიტიკიდან განდევნილი, ხმაწართმევნილი, გაღარიბებული და დაჩაგრული ადამიანებისთვის. უნდა გახდეს მოქალაქეებისთვის აზრის დაბრუნების და თავად მოქალაქეების პოლიტიკაში დაბრუნების საწინდარი.

დღეს ჩვენ ვაცხადებთ სოციალ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებას, რომელიც იბრძოლებს თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, სოლიდარობისთვის და გვჯერა, რომ საერთო ძალისხმევვით მოვიპოვებთ იმას, რაც ჩვენ ხალხს გვეკუთვნის“, – თქვა მან.

გოტა ჭანტურიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პარტია წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობის 99%-ს.

„ჩვენ ვართ 99%! ჟურნალისტი, მაღაროელი, სტუდენტი, ლექტორი, პოეტი, სუპერმარკეტის მოლარე, გარემოვაჭრე თუ ოჯახი, რომელიც ვალის გამო უკანასკნელ საცხოვრისს კარგავს.

მუდმივად გვაჯერებენ, რომ უმცირესობაში ვართ ან რომ ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე ესა თუ ის უმცირესობაა, რომელიც უნდა აკრძალო, დათრგუნო, გარიყო.

სინამდვილეში ერთადერთი უმცირესობა, რომელიც საფრთხის უქმნის ამ ქვეყანას, სწორედ ის პოლიტიკური კლასი, ფინანსური კორპორაციები და ბიზნეს ელიტები არიან, რომლებიც ერთმანეთზე გადაჯაჭვულები, აგერ უკვე 35 წელია ძარცვავენ და ანადგურებენ ამ ქვეყანას და პერსპექტივას უკლავენ მის მომავალს“, – თქვა ჭანტურიამ.

მანვე თანამშრომლობა შესთავაზა საზოგადოების სხვადასხვა პროფესიულ და სოციალურ ჯგუფს.

„ვთავაზობთ თანამშრომლობას მასწავლებლებს, რომლებმაც ამ ქვეყნის განათლება უმძიმეს პირობებში შეინარჩუნეს. ამაყები ვართ, რომ როგორც 1919 წლის დამფუძნებელ კრებაში დეპუტატების მნიშვნელოვან ნაწილს მასწავლებლები შეადგენდნენ, ჩვენი მოძრაობის წევრებს შორისაც უამრავი მასწავლებელი და ლექტორია. 

ჩვენ თანამშრომლობას ვთავაზობთ სტუდენტებს; თეატრისა და კულტურის მუშაკებს; მშრომელებს – მეტროს მემანქანეებს, კურიერებს, ტაქსის მძღოლებს, ექიმებს, ძიძებს; და, რა თქმა უნდა, ცხოველებისა თუ მიწა-წყლის დამცველებს – ბალდის, სურების, სულორის, საირმის, რიონის ხეობის, ონისა და შქმერის მცველებს.

ჩვენი მიზანია, ეს ბრძოლები ერთმანეთს დავუკავშიროთ, რადგან მასწავლებლის, მაღაროელის, სტუდენტის, მშრომელისა თუ ბუნებისა და ცხოველების დამცველის მოთხოვნები ერთმანეთისგან განუყოფელია – ეს არის მოთხოვნა, ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც სამართალი არსებობს ადამიანისთვისაც, ცხოველისთვისაც და მთლიანად ცოცხალი გარემოსთვის. მათი შეკავშირებით იქმნება ძალა, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ წინააღმდეგობა, არამედ ქვეყნის გარდაქმნა“, – თქვა მან.