სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, აზარტული თამაშების სექტორის გაფართოება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხების სათანადო შეფასების გარეშე, მნიშვნელოვან სოციალურ რისკებს ქმნის. ორგანიზაცია ვრცელ კვლევაში პარლმენტის მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება.
ორგანიზაციის თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების ორგანიზებისა და სათამაშო ბიზნესისთვის დამატებითი საგადასახადო შეღავათების მინიჭებას ითვალისწინებს, პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც აზარტული თამაშების ბაზარი იზრდება, ხოლო „დამოკიდებულების პრევენციისა და მკურნალობის სახელმწიფო სისტემა კვლავ განუვითარებელია”.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს, კერძოდ:
„2025 წელს აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვამ 88.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც ბიზნესსექტორის მთლიანი ბრუნვის 34.8%-ია;
2019-2023 წლებში ექვსმა უმსხვილესმა ონლაინსათამაშო კომპანიამ დაახლოებით 1.94 მილიარდი ლარის დივიდენდი გასცა;
2026 წლის მონაცემებით, სათამაშო საქმიანობაში მონაწილეობის შეზღუდვის სისტემაში 1.57 მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე იყო რეგისტრირებული, მათ შორის 41 042 პირი დამოკიდებულ პირთა სიაში ირიცხებოდა;
2024 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში 15-16 წლის მოსწავლეთა 9.5%-ს ბოლო 12 თვის განმავლობაში ფულზე უთამაშია” – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
ორგანიზაციის თქმით, ცალკე საყურადღებოა ფულის გათეთრებისა და ფინანსური ნაკადების არასათანადო კონტროლის რისკებიც, რომლებიც სექტორის გაფართოებასთან ერთად კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, სახელმწიფო პოლიტიკა სათამაშო ბიზნესის სფეროში კვლავ მსხვილი კომპანიების ეკონომიკური ინტერესების წახალისებაზეა ორიენტირებული, მაშინ როდესაც ამ საქმიანობით გამოწვეული სოციალური დანახარჯები მთლიანად საზოგადოებას აწვება.
„მნიშვნელოვანია, რომ აზარტული თამაშების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა დაეფუძნოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების, სოციალური დაცვისა და ფინანსური უსაფრთხოების ერთობლივ დაცვას. ამისათვის საჭიროა რეგულაციების აღსრულების მონიტორინგის გაძლიერება, არასრულწლოვანთა დაცვის მექანიზმების ეფექტიანი კონტროლი, თამაშზე დამოკიდებულ პირთათვის ხელმისაწვდომი სამკურნალო და სარეაბილიტაციო სერვისების განვითარება, პრევენციული პროგრამების დანერგვა, ფინანსური ზედამხედველობის გაუმჯობესება ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მიღებამდე მათი ეკონომიკური, სოციალური და უფლებრივი შედეგების სრულყოფილი შეფასება.
თუ სათამაშო ბიზნესის გაფართოებასა და მისთვის ეკონომიკური შეღავათების დაწესებამდე იმ ადამიანებისა და ჯგუფების დაცვის ეფექტიანი მექანიზმები არ არსებობს, რომლებიც ამ საქმიანობის თანმდევი რისკების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან, სახელმწიფო ვერ შეძლებს ამ მასშტაბურ პრობლემასთან ბრძოლას.
დღეს არსებული პოლიტკის გათვალისწინებით “ქართული ოცნება” მხოლოდ პოპულისტური მიზნებით რეაგირებას პრობლემაზე, მაგრამ არ დგამას სისტემურ ნაბიჯებს საზოგადოებრივ ჯანრთელობის, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა დაცვის და რისკების პრევენციის მიმართულებით” – ვკითხულობთ კვლევაში.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესის გაფართოებას უნდა ახლდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა, დამოკიდებულების პრევენციისა და მკურნალობის ეფექტიანი მექანიზმები და სოციალური რისკების სათანადო შეფასება და ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური კეთილდღეობის ხარჯზე მიღებული გადაწყვეტილებების გამართლება.