პროკურატურის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას.
უწყება განცხადებაში წერს, რომ აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია.
უწყება განმარტავს, რომ პროკურატურას წერილით ორი ლინკი მიაწოდეს. ესენია:
- ადვოკატის, იოსებ ბარათაშვილის მიერ 2 ნოემბერს მედიასთან გაკეთებული კომენტარი, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით;
- ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 9 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შესახებ, რომელსაც ის მიიჩნევდა არაკანონიერად.
მათივე თქმით, ვინაიდან, ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაცხადებული ინფორმაცია იყო ზოგადი და არ შეიცავდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს, დღეს 16 ნოემბერს გამომძიებელი შეხვედრას აპირებდა ღარიბაშვილთან „გარემოებების დაზუსტების მიზნით, თუმცა მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე”.
ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლები გასაუბრებას „გავრცელებული პრაქტიკით ხსნიან”, გასაუბრებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და იმ შემთხვევაში თუკი გამოძიება დაიწყება, ირაკლი ღარიბაშვილი მზადაა, „ჩვენება მაგისტრატ მოსამართლესთან” მისცეს.
ირაკლი ღრიბაშვილი ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო შანტაჟზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და პოლიტიკურ დევნაზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა. მისი განცხადებით, 17 აგვისტოს საჯაროდ გამოაქვეყნა ხელისუფლებისგან მიღებული წერილი, რომელსაც შანტაჟის ხასიათი ჰქონდა და შეიცავდა ულტიმატუმს. ღარიბაშვილის მტკიცებით, ხელისუფლებამ წერილში მითითებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემდეგ მას „აბსურდული” ბრალი წარუდგინა, ხოლო პროკურატურამ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიუხედავად, გამოძიება არ დაიწყო.
„შემდეგ დახურეს პროცესი და დამალეს მასალები, სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე”, – წერდა ირაკლი ღარიბაშვილი.