ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთთან დაკავშირებულ 113 ფიზიკურ და იურიდიულ პირს 

პუბლიკა

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ სანქციები დაუწესა რუსეთთან დაკავშირებულ 12 ფიზიკურ და 101 იურიდიულ პირს.

ევროკავშირის თანახმად, სანქციები შეეხო იმ ეკონომიკურ სექტორებში მოქმედ პირებს, რომლებიც რუსეთის აგრესიული ომის დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ და რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის საქმიანობას უწყობენ ხელს.

დღეს სანქცირებულთა სიაში თითქმის 50 რუსული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტია. ევროკავშირი ამბობს, რომ რუსეთის საბანკო სექტორის წინააღმდეგ სანქციების ეტაპობრივი გამკაცრებითა და გაფართოებით, ევროკავშირი ზღუდავს ფინანსურ არხებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება სახელმწიფო შემოსავლების დამუშავება და რუსეთის საომარი მოქმედებების დაფინანსება.

გარდა ამისა, ევროკავშირი რუსეთის ელექტრონული კომერციის სექტორის წინააღმდეგაც ამკაცრებს ზომებს. სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის მსხვილი საცალო ვაჭრობის კომპანია Wildberries-ის ერთადერთ აქციონერ ტატიანა კიმს, ასევე კიდევ ერთი მსხვილი რუსული ელექტრონული კომერციის კომპანიის, Ozon-ის საკონტროლო წილის მფლობელ ფიზიკურ პირს.

Ozon-ის საკონტროლი წილის მფლობელი ფიზიკური პირი 2026 წლის 11 ნოემბრამდე ალექსანდრ ჩაჩავა იყო – ის კომპანიის აქციების 34.95%-ს ფლობდა. თუმცა, კომპანიამ 11 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომ ალექსანდრ ჩაჩავას მიერ კონტროლირებადი კომპანიები აღარ აკონტროლებენ სააქციო საზოგადოება „O23“-ს და შესაბამისად, ჩაჩავა და მის მიერ კონტროლირებადი კომპანიები აღარ აკონტროლებენ Ozon-ის 75 628 658 აქციას, რომელსაც სააქციო საზოგადოება „O23“ ფლობს. განცხადების თანახმად, სააქციო საზოგადოება „O23“-ს ახალი მაკონტროლებელი აქციონერი არ ჰყავს.

ევროკავშირის საბჭომ სანქციების სიაში ასევე შეიყვანა რუსეთის ნავთობისა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი დამატებითი კომპანიები და ბიზნესმენები. სანქცირებული ენერგეტიკული კომპანიები მართავენ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალს, ასევე საქმიანობენ ნავთობისა და გაზის მოპოვებისა და წარმოების სფეროში.

ასევე ევროკავშირი მიზანში იღებს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტსაც. სანქციები დაუწესდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჩინეთში, სეიშელის კუნძულებსა და ომანში რეგისტრირებულ სხვადასხვა კომპანიას, რომლებიც რუსული წარმოშობის ნედლ ნავთობს ყიდულობენ. სიაში ასევე მოხვდნენ ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ ან მართავენ ევროკავშირის შემზღუდავი ზომების ქვეშ მოქცეულ გემებს და უკანონოდ ახორციელებენ რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას, ამასთანავე, მაღალი რისკის შემცველ საზღვაო გადაზიდვებში მონაწილეობენ.

დღევანდელი სანქციები მიღებულია ევროკავშირის იმ შემზღუდავი ზომების ფარგლებში, რომლებიც მიმართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფის ან მათთვის საფრთხის შექმნის წინააღმდეგ.

სანქცირებულ პირებსა და კომპანიებს აქტივები გაეყინებათ. ასევე აკრძალულია მათთვის, პირდაპირ ან ირიბად, ფინანსური სახსრებისა თუ ეკონომიკური რესურსების გადაცემა ან მათი სასარგებლოდ ასეთი რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, სანქციების სიაში შეყვანილ ფიზიკურ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და ტრანზიტით გადაადგილება ეკრძალებათ.