თბილისის სააპელაციო სასამართლომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ არხიდან გათავისუფლებული წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკატერინე ელიაძის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. ინფორმაციას „მედიაჩეკერი“ ავრცელებს.
ნინო ზაუტაშვილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და წამყვანის შესაბამის პოზიციებზე აღდგენას მოითხოვდა. სასარჩელო მოთხოვნებში ასევე მითითებული იყო, რომ თუ მისი სამსახურში აღდგენა ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნებოდა, განაცდური აენაზღაურებინათ.
„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად, სამსახურიდან 2025 წლის 11 აპრილს გაათავისუფლა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „მოამბის“ ყოფილი წამყვანის საჩივარიც, რომლითაც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი „პირველი არხიდან“ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას მოითხოვდა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციომაც.
2015 წლის 11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დისციპლინური მოკვლევის საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანები, ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
იმავე დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც არხი აღნიშნავდა, რომ ზაუტაშვილის და ჩიქოვანის გათავისუფლება სამართლიანი გადაწყვეტილებაა.
მათივე განცხადებით, „დისციპლინური წარმოების ფარგლებში მაუწყებლის სხვა თანამშრომლების: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის, ამავე გადაცემის წამყვანის, იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულია სხვა სახის დისციპლინური სანქციები”.
გათავისუფლებული ტელეწამყვანების სოლიდარობის ნიშნად საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ორმა თანამშრომელმა – მონიტორინგის მენეჯერმა, თეა კახიანმა და რადიოს წამყვანმა, დავით ველიჯანაშვილმა დატოვეს.
17 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ კრიტიკული მოსაზრებებისთვის, „რეპუტაციული ზიანის” საფუძვლით კიდევ 3 თანამშრომელი გააფრთხილა: გადაცემა „რეალური სივრცის” რედაქტორი ტუხა კვინიკაძე, „შაბათ-კვირის შოუს” კორესპონდენტი ანა აბაკელია და „შაბათ-კვირის შოუს” აღმასრულებელ პროდიუსერი თამარ ჯინჭარაული.
სამივე მათგანის დისციპლინარული სანქციის ბრძანებაში წერია, რომ მიზეზი არის „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება”.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ ტექნიკისა და ტექნოლოგიების მემონტაჟეთა და გრაფიკოსთა ჯგუფის მემონტაჟე-ოპერატორი, გივი კიტიაც გააფრთხილა.
პირველ მაისს ნინო ზაუტაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის გადაცემას „რეალურ სივრცეს“ ხურავდნენ.
„რეალური სივრცის“ სარედაქციო გუნდმა 5 მაისს განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჯერ ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს, შემდეგ კი თავად გადაცემა დახურეს, არხმა გადაწყვიტა, გუნდის მაუწყებლის სხვადასხვა არხსა თუ გადაცემის საწარმოო გუნდში გაანაწილოს.