ადვოკატის ცნობით, დაკავებული ცხოველთა დამცველი დავით ზანდუკელი ბრალს არ აღიარებს

პუბლიკა

ცხოველთა თავშესაფრის დაცვაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული დავით ზანდუკელის ადვოკატმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა. დათა ჯავახიშვილის თქმით, ზანდუკელი „კატეგორიულად უაროფს იმას, რასაც აბრალებენ”. მისივე თქმით, ასეთი რამ არ მომხდარა და საქმეში არსებობენ მოწმეებიც. ჯავახიშვილის თქმით, ზანდუკელის დაკავება „დაკვეთის შესრულებაა”, რომ ცხოველთა სხვა უფლებადამცველებიც გააჩერონ.

„კატეგორიულად უარყოფს, რასაც აბრალებენ. საერთოდ, რასაც აბრალებენ, არ მომხდარა. რაღაც ფაქტი ხომ უნდა ჰქონდეთ. მოწმეებიც არიან. ახლა ეცდებიან, რაღაცნაირად შეცვალონ გარემოებები და დაამძიმონ.

ის ადამიანი, რომელმაც პირველმა დადაგინა, რას უკეთებდნენ ცხოველებს და ამაში ჩართულები იყვნენ ადმინისტაციული უწყებები, უნდათ,  დასაჯონ, რომ სხვებიც გააჩერონ. ამ მიმართულებით ვმუშაობთ ჩვენ, რათა საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმზ. ფრონტის ხაზზე იყო, ამხელდა მათ. არ სიამოვნებდათ ასეთი ადამიანი, რომელიც საზოგადოებას აჩვენებს, თუ ვისთან აქვთ საქმე. დაჭერით ემუქრებოდნენ. თბილისის მერმა განაცხადა, რომ ცხოველთა დამცველები თურმე დასაძინებლები არიან და რომ აქეთ აპირებდნენ დასჯას. ეს არის დაკვეთის შესრულება“, – ამბობს „პუბლიკასთან“ დავით ზანდუკელის ადვოკატი დათა ჯავახიშვილი.

დავით ზანდუკელი 16 ნოემბერს თბილისში ცხოველთა თავშესაფარში შესვლის მცდელობისას დაცვის თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, თბილისში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა. დაცვის თანამშრომელმა მათ ტერიტორიაზე შესვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ მასზე ფიზიკურად იძალადა“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები თავშესაფრებში შინაური ცხოველების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და მოკვლის შემთხვევებს აპროტესტებენ. ისინი მუნიციპალურ თავშესაფართან მივიდნენ და უბნებიდან წაყვანილი მიკედლებული მიუსაფარი ცხოველების ნახვა და გამოხსნა სურდათ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.