ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კაია კალასის განცხადებას უპასუხა იმის შესახებ, რომ ირიასთან განახლებული შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება იქნება.
დე ფაქტო უწყება წერს, რომ კალასის განცხადება „უადგილოა და რეალური ვითარების დამახინჯებულ აღქმას ეფუძნება.“
ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხის მესამე ქვეყანასთან ევროკავშირის შეთანხმების პირობებთან დაკავშირება, ისევე როგორც რესპუბლიკის მიმართ ტერმინის – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები“ – გამოყენება მიუღებელია.“
ე.წ. საგარეოს თქმით, „ფაქტია, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მას რუსეთი და რიგი სხვა ქვეყნები აღიარებენ“ და ამ „ფაქტის“ იგნორირება საერთაშორისო საზოგადოებას არ შეუძლია საქართველოს პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ.
„სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ ჩვენი აღიარება პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებისკენ სწრაფვას ასახავს“, – ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
მედიის ცნობით, „სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდა, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების შეფასებისას უფრო გაწონასწორებული და ობიექტური მიდგომა გამოიყენოს და უარი თქვას პოლიტიკური შანტაჟისა და სხვა ქვეყნების სუვერენული გადაწყვეტილებების გადასინჯვის მცდელობებზე.“
კაია კალასის თქმით, სირიასთან განახლებული შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება იქნება.
კალასმა განცხადება 16 ნოემბერს საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ სირიასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად გააკეთა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი განიხილავს სირიასთან 2008 წელს მოლაპარაკებული ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც მხარეებს თანამშრომლობისთვის საჭირო ჩარჩოს შეუქმნის. პარალელურად კი დაიწყება მუშაობა ახალი, მოდერნიზებული შეთანხმების მანდატზე.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრებმა ახალი შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით არაერთი საკითხი წამოჭრეს. მათ შორისაა ადამიანის უფლებების დაცვის მკაფიო ვალდებულებები და საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხი.