ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეების ცემის საქმეზე ბრალდებულ 3 პოლიციელს 6-6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

პუბლიკა

ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეების ცემის საქმეზე ბრალდებულ 3 პოლიციელს – ირაკლი კაციტაძეს, ბექა კუხალაშვილსა და მიხეილ ჯინჭარაძეს 6-6 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯათ. ინფორმაცია „პუბლიკას“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

განაჩენი მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გუშინ, 17 ნოემბერს, გამოაცხადა.

საუბარია 2022 წელს ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები 2026 წლის 13 ივნისს „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გაავრცელა.

ერთ-ერთ ჩანაწერში ისმის, რომ პოლიციელები მოქალაქეზე ძალადობენ, სავარაუდოდ, ყალბი ჩვენების მიღების მიზნით. „TV პირველის“ ინფორმაციით, კადრებს თავად პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩატში აგზავნიდნენ.

IT-სპეციალისტმა, გიორგი კვიცარიძემ „სამართალდამცველების მხილების მიზნით“ პოლიციელების ჩატში შეაღწია და ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა. კვიცარიძე ახლა პატიმრობაშია. ის ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც მისი დედა, ეთერ კვიცარიძე ამბობს, კადრების გამო მას „პოლიციელებმა ნარკოტიკი ჩაუდეს“.

„ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ შსს-მ კადრების ავთენტურობა დაადასტურა და განაცხადა, რომ კადრები 2022 წელს არის გადაღებული, თუმცა ეს დანაშაული თითქმის 4 წლის შემდეგ, 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და ისინი პროკურატურამ დააკავა.

„საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული“, – განაცხადა შსს-მ.

პროკურატურის ვერსიით, 2022 წლის 2 ივლისს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში „გამოძიება დაიწყო მობილური ტელეფონის ძარცვის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვიდეოკადრებში დაფიქსირებული პირები პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. პოლიციის შენობაში ყოფნისას ხსენებულ პირებს პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ძარცვის ფაქტის აღიარება და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

სამივე პოლიციელს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის არაერთი სპციალისტი კადრებში ასახულ პოლიციელების ქმედებებს წამებად აფასებს.