„ანტიანექსიური პლატფორმა" მიიჩნევს, რომ მინსკში ახალი პოლიტიკური არხის შექმნა სერიოზული საფრთხის შემცველია

პუბლიკა

საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმა მიიჩნევს, რომ მინსკში ახალი პოლიტიკური არხის შექმნა ჟენევის ფორმატის შესუსტების, რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის უკანა პლანზე გადაწევისა და ოკუპაციის პოლიტიკის ნორმალიზების სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. ამის შესახებ პლატფორმის დამფუძნებლებმა: პაატა დავითაიამ და თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე ისაუბრეს.

თეონა აქუბარდიას თქმით, საზოგადოებამ ხელისუფლებისგან უნდა მიიღოს მკაფიო პასუხი, თუ რატომ დასთანხმდა ქართული მხარე რუსეთს შეხვედრის მინსკში გამართვას და რა გარანტია არსებობს, რომ ეს პროცესი არ ემსახურება ჟენევის ფორმატის შესუსტებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დეოკუპაციის გარეშე ნორმალიზებას.

„მინსკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ მოადგილეებს შორის გუშინდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ საქმე გვაქვს არა აბაშიძე-კარასინის იმავე პრაღის არაფორმალური ფორმატის გაგრძელებასთან, არამედ სრულიად ახალი, მაღალი დონის პირდაპირი არხის შექმნასთან.

შეხვედრა ოფიციალურ გარემოში სახელმწიფო დროშების ფონზე მიმდინარეობდა და რუსეთმა მას ორი საგარეო უწყების ოფიციალური კონტაქტის სახე მისცა და არა არაფორმალური შეხვედრის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელთან, რაზეც ქართულ მხარეს არ ჰქონია პროტესტი.

ეს განსაკუთრებით საგანგაშოა მაშინ, როცა რუსეთი საქართველოსგან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მოითხოვს, დეოკუპაციის გარეშე. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: ხომ არ ხდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების ნიადაგის მომზადება ისე, რომ დეოკუპაცია წინაპირობად აღარ განიხილებოდეს?

აქვე, მინსკის ფორმატის ყველაზე სერიოზული საფრთხე უსაფრთხოებისა და კონფლიქტის საკითხების ამ ახალ ფორმატში გადატანას უკავშირდება.

მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2024 წელს მიხეილ გალუზინი ღიად აცხადებდა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები მინსკში უნდა გადატანილიყო, დღეს უკვე საქართველოს ხელისუფლება მართავს რუსეთთან ახალ პოლიტიკურ შეხვედრას სწორედ მინსკში და უშვებს უსაფრთხოების საკითხების განხილვას ამ ფორმატში. ამიტომ, ეს უკვე უბრალო დამთხვევა აღარ არის. ჩნდება რეალური საფრთხე, რომ მინსკში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პარალელურად პოლიტიკური არხი ჩამოყალიბდეს – ზუსტად იმ მიმართულებით, რასაც რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა.

ჟენევის ფორმატი ერთადერთი მოქმედი საერთაშორისო მოლაპარაკების მექანიზმია, რომელშიც ევროკავშირი, გაერო და ეუთო მონაწილეობენ და სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, რუსეთის პასუხისმგებლობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილება. ამ საკითხების რუსეთთან ორმხრივ პოლიტიკურ ფორმატში გადატანა ასუსტებს საერთაშორისო ჩართულობას და საქართველოს მოლაპარაკების პოზიციებს საქართველოს სუვენეტიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესების გათვალისწინებით.

ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილის გუშინდელი განცხადება, რომ რუსეთთან საუბრის შიში უნდა დავძლიოთ, პრობლემის არსს გვერდს უვლის. საქართველოს საზოგადოებას დიალოგის არ ეშინია. მთავარი კითხვაა, რა პირობებით მიმდინარეობს ეს დიალოგი, რა დღის წესრიგითა და ვისი ინტერესების გათვალისწინებით.

შესაბამისად, ანტიანექსიური პლატფორმა მიიჩნევს, რომ მინსკში ახალი პოლიტიკური არხის შექმნა შეიცავს ჟენევის ფორმატის შესუსტების, რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის უკანა პლანზე გადაწევისა და ოკუპაციის პოლიტიკის ნორმალიზების სერიოზულ საფრთხეს.

ამიტომ, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან მკაფიო პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

– რატომ დასთანხმდა ქართული მხარე რუსეთს მინსკში შეხვედრაზე?

– რატომ არ იმუშავა რუსეთთან ახალ ფორმატში არა მინსკში, არამედ ჟენევაში შეხვედრის შესაძლებლობაზე?

– რას მოიცავს რუსეთის მიერ ნახსენები „პრაქტიკული შეთანხმებები”?

– როგორ გაიმიჯნება ეს ახალი ფორმატი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისგან?

– რა გარანტია არსებობს, რომ ეს პროცესი არ ემსახურება ჟენევის ფორმატის შესუსტებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დეოკუპაციის გარეშე ნორმალიზებას?

მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არ შეიძლება მოექცეს რუსეთის მიერ ნაკარნახებ პოლიტიკურ ჩარჩოში. რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დეოკუპაციის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების გარეშე დაუშვებელია“, – განაცხადეს „ანტიანექსიური პლატფორმის“ დამფუძნებლებმა

19 ნოემბერს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი და სერგეი ლავროვის მოადგილე მიხეილ გალუზინი შეხვდნენ. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ისინი „ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით კონტაქტების გაძლიერებაზე“ შეთანხმდნენ. მათივე თქმით, შეხვედრა რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გაიმართა.

გიორგი ზურაბაშვილი 21 ოქტომბრიდან პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად არის დანიშნული რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.