ენერგოომბუდსმენმა ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების საქმის შესწავლა დაიწყო.
ენერგოომბუდსმენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ მიწოდებული პირველადი ინფორმაციით, ბინაში, სადაც 19 ნოემბერს აფეთქება მოხდა, ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა.
გარდა ამისა, ამავე ინფორმაციით, ბინაში დამონტაჟებული იყო ბუნებრივი გაზის ორი დანადგარი – ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა. რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას კი ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა.
„მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 19 ნოემბერს, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა შემთხვევის დღესვე გამოითხოვა ინფორმაცია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიისგან და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაიწყო საკითხის შესწავლა.
კომპანიისგან მიღებული პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა. ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ არსებული მონაცემებიც მიუთითებს, რომ ბინა, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოიყენებოდა.
ამავე ინფორმაციით, ბინაში დამონტაჟებული იყო ბუნებრივი გაზის ორი დანადგარი – ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა. რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აგრძელებს საკითხის შესწავლასა და შესაბამისი გარემოებების შეფასებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
19 ნოემბერს ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი მეხუთე სართულზე გაზის გამათბობლის ჩართვა გახდა.
ნანგრევებში მოყოლილებიდან ცოცხალი მხოლოდ 3 წლისა 9 თვის თაია გადარჩა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს კიდევ 4 დაშავებული. მათგან ერთ-ერთის, 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – მას სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული.
კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.