რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 19 ნოემბერს მინსკში ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მას შეკითხვა დაუსვა „თვალსაზრისის“ წარმომადგენელმა შემდეგი ფორმულირებით: „სამწუხაროდ, ბოლო 34 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ნამდვილად არ აღდგენილა. თუმცა, აქედან გამომდინარე, შეიძლება თუ არა ასეთ დონეზე დიალოგის განახლება იმ ნაბიჯად მივიჩნიოთ, რომელიც პერსპექტივაში მხარეებს დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენისკენ დააახლოებს?“
ზახაროვამ პასუხის დასაწყისში აღნიშნა: „თქვენს კითხვას კითხვის ნიშნის ნაცვლად ძახილის ნიშანს დავუსვამდი… თუმცა, ვალდებული ვარ, ვრცლად გიპასუხოთ“.
მან გაიმეორა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი გზავნილი შეხვედრის შესახებ, რომ მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე, უპირველესად, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.
ზახაროვასვე განცხადებით, მიაღწიეს მთელ რიგ პრაქტიკულ შეთანხმებებს და ხაზგასმით აღინიშნა ადამიანებს შორის კონტაქტების გაძლიერების მნიშვნელობა.
„თქვენ მიერ ნახსენები და ჩემ მიერაც აღნიშნული ფორმატი გაგრძელდება რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და ურთიერთობების გაუმჯობესების ინტერესებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივას, ქართულ მხარეს მსგავსი ინიციატივით არ მოუმართავს“, – განაცხადა ზახაროვამ.
19 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი მოადგილეები.
გიორგი ზურაბაშვილი შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით იყო მისული.
ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრამ „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატი მაღალი დიპლომატიური რანგის სტატუსით განაახლა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთმა და საქართველომ ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით:
„ხაზი გაესვა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.
მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ შეხვედრები აღნიშნული ფორმატის ფარგლებში და მადლობა გადაუხადეს ბელარუსულ მხარეს პირველი შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის“;
რუსული საგარეო უწყება წერს, რომ შეხვედრა რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გაიმართა.
„შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე აზრები ვრცლად გაცვალეს. განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობას დაეთმო. მიღწეულია რამდენიმე პრაქტიკული შეთანხმება. ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.
ორივე დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბელარუსულ მხარეს რუსეთ-საქართველოს შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით კონტაქტებს გააგრძელებენ“, – წერია განცხადებაში.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ქართულ მხარეს არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში, რომ თუნდაც, ეს ყოფილიყო მინსკში.
„ზოგადად, ბოლო წლებში ჩვენ რუსეთთან ურთიერთობებსა და დამოკიდებულებაში უნდათ, რაღაცნაირად დანერგონ შიში დიალოგის, საუბრის შიში და სრული მიუღებლობა. მეორე მხრივ, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს ყველაზე მეტი და დიდი პრობლემები და საუბრისა და დიალოგის გარეშე, თუკი ვსაუბრობთ რაღაც პრობლემის გადაჭრაზე თუ მოგვარებაზე, ბუნებრივია, ამის გაკეთება არის შეუძლებელი.
შესაბამისად, პირველ რიგში, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
„საქართველოს დიპლომატთა საზოგადოების“ შეფასებით, რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ქართული მხარის მიერ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნა და შეხვედრის ადგილად მინსკის განსაზღვრა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.
მაკა ბოჭორიშვილის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ირაკლი კობახიძის სპეცწარმომადგენლის სტატუსით სერგეი ლავროვის პირველ მოადგილეს, მიხაილ გალუზნის დღეს ბელარუსში, მინსკში შეხვდება. შეხვედრის ზუსტი დრო უცნობია.
დიპლომატების განცხადებით, საერთაშორისო მედიატორების გარეშე, ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოს დედაქალაქში გამართვა მხოლოდ ტექნიკური ან ლოგისტიკური საკითხი არაა. ეს პოლიტიკური არჩევანია, რომელიც რუსეთისთვის ხელსაყრელ გარემოში და მისაღებ ფორმატში მოლაპარაკებების წარმართვას ნიშნავს.
„ქართული ოცნების“ დიალოგი რუსეთთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის ნაცვლად, რუსეთის პირობებით ურთიერთობების ნორმალიზებას ემსახურება.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხით გაფართოება და ამ პოზიციაზე მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნა შეგვიძლია მივიჩნიოთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად, რაც საქართველოს აქამდე დეკლარირებულ მიდგომას ეწინააღმდეგება და ამავდროულად საფრთხის ქვეშ აყენებს ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატს“, – აცხადებენ დიპლომატები.