ცნობილია, ვინ იქნებიან თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიში

პუბლიკა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა დღეს, 20 ნოემბერს, პრესკონფერენცია გამართეს და რიგით 27-ე ფესტივალთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს.

კინოფესტივალი 29 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე გაგრძელდება. კინოჩვენებებს „ამირანი“ უმასპინძლებს. ბილეთების გაყიდვა რამდენიმე დღით ადრე დაიწყება ონლაინ და კინოთეატრ „ამირანის“ სალაროში.

ცნობილია, რომ 29 ნოემბერს, ფესტივალის გახსნაზე, მაყურებელი 2026 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებული რეჟისორის, პაველ პავლიკოვსკის „სამშობლოს“ იხილავს.

წლევანდელი ფესტივალის პროგრამა 80-მდე ქართულ და უცხოურ ფილმს მოიცავს. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს თანამედროვე ქართულ და საერთაშორისო კინოს, აღმოაჩინოს ახალი ავტორები და განსხვავებული კინემატოგრაფიული ხედვები.

კინოჩვენებების ბადე დღეებისა და საათების მიხედვით, კინოფესტივალის დირექტორის, გაგა ჩხეიძის თქმით, მომდევნო კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი.

ფესტივალის პროგრამა მოიცავს შემდეგ სექციებს:

  • ევროპული ფორუმი
  • დამზადებულია გერმანიაში
  • ფრანგული კოლექცია
  • იტალიური პალიტრა
  • დოკუმენტური სამყარო
  • უკრაინული ამბები
  • აპოლო: კინოს მეხსიერება
  • ქართული პანორამა
  • განსაკუთრებული სეანსები

ქართული პანორამა საკონკურსო სექციაა. კინოფესტივალის ოფიციალური პრიზი „ოქროს პრომეთე“  შემდეგ ოთხ კატეგორიაში გადაეცემა საუკეთესო ფილმებს:

  • •საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;
  • საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი;
  •  საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;
  •  საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.

საკონკურსო ფილმებს ორი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს: ერთი განიხილავს მხატვრული ფილმების კატეგორიას, ხოლო მეორე – დოკუმენტურს.

თითოეული ჟიური სამი წევრისგან შედგება. 

მხატვრული ფილმების ჟიურიში იქნებიან: რეჟისორი ნინო ჟვანია, რეჟისორი ილო ღლონტი, მხატვარი და მსახიობი გუგა კოტეტიშილი;

დოკუმენტური ფილმების ჟიურიში იქნებიან: რეჟისორი კოტე კალანდაძე, პროდიუსერი და რეჟისორი მარიკა ჭაჭია და კინომცოდნე დიანა მაღლაკელიძე.

გარდა ფესტივალის პრიზისა, ევროკავშირი გასცემს ორ ჯილდოს „ქართულ კინოში ადამიანის უფლებების საუკეთესო ასახვისთვის“ როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში.

ასევე, დოკუმენტური კინოს ასოციაცია DOCA დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულს სპეციალური ფულადი პრიზით დააჯილდოვებს.

აღნიშნული პრიზების გარდა, წელს პირველად, დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა OC Media გადასცემს პრიზს კავკასიაში გადაღებული საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის.

კინოფესტივალის ტრადიციული ჯილდო „საპატიო პრომეთე“  წელსაც გადაეცემა ერთ ქართველ და ერთ უცხოელ კინემატოგრაფისტს – მფლობელები იქნებიან ქართველი რეჟისორი დიტო ცინცაძე და გერმანელი მსახიობი და მწერალი ჰანს ციშლერი.

კინოფესტივალთა ორგანიზატორთა პრესკონფერენციას ესწრებოდნენ „გოეთეს ინსტიტუტის“, შვედეთისა და ჰოლანდიის საელჩოს წარმომადგენლები და იტალიი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ფაბიოლა ალბანეზე.

სამხრეთ კავკასიაში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორმა და კულტურული პროგრამების ხელმძღვანელმა ლაურა ჰარცმა პრესკონფერენციაზე გერმანული სექციის „დამზადებულია გერმანიაში“ ფილმები წარადგინა და აღნიშნა, რომ თბილისში სტუმრებიც ჩამოვლენ, მათ შორის იქნება გერმანელი კინოპროდიუსერი ინგო ფლისი.

წლევანდელი კინოფესტივალის პარტნიორები არიან:

  • ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში;
  • გაერო;
  • გოეთეს ინსტიტუტი;
  • ფრანგული ინსტიტუტი;
  • პოლონეთის საელჩო;
  • ნორვეგიის საელჩო;
  • ნიდერლანდების საელჩო;
  • ავსტრიის საელჩო;
  • ლატვიის საელჩო;
  • შვეიცარიის საელჩო;
  • დოკიმენტური კინოს ასოციაცია DOCA;
  • სტოქტონ რეკორდსი.

სპონსორები: „თიბისი კონცეპტი“, „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“, „სტოქტონი“ და სასტუმრო „რუმსი“.

ფესტივალის მედიამხარდამჭერები: „პუბლიკა“, at.ge, On.ge, „ტაბულა“ და „ინდიგო“.