„მითების დეტექტორი“: თორნიკე რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეოები ვრცელდება

პუბლიკა

„მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტის თორნიკე რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ ქსელებში ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული ვიდეოები ვრცელდება.

„მითების დეტექტორმა“ გადაამოწმა რამდენიმე „ფეისბუქ“ გვერდსა და Tiktok ანგარიშზე გამოქვეყნებული მასალა და დაასკვნა, რომ გავრცელებული ვიდეოები, სადაც თორნიკე რაზმაძე 1. ნარკორეალიზატორს დასაქმების თხოვნით მიმართავს; 2. კორპუსის სადარბაზოში, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას დებს, ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით არის შექმნილი, რაზეც მიუთითებს, როგორც ვიზუალური ხარვეზები, ისე AI-ის ამომცნობი ხელსაწყოები.

რაც შეეხება მესამე პოსტს, რომელსაც ანონიმური „ფეისბუქ“ გვერდი ავრცელებს, მითების დეტექტორი აცხადებს, რომ ის მტკიცებულების გარეშეა და მისი ღია წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.

„ანონიმური „ფეისბუქ“ გვერდი „პოლიტიკანის” მიერ გავრცელებულ ვიდეოს გადამოწმების შედეგად შემდეგი გარემოებები იკვეთება:

  1. თორნიკე რაზმაძის მეტყველება შენელებული და მისი რეალური ხმის ტემბრისგან განსხვავებულია.
  2. ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ვერსიაში სახეზე მარცხენა თვალთან ჩანს ხალი, რაც ავთენტურ ვიდეოსთან შეუსაბამოა.
  3. თვალშისაცემია ტუჩების დისპროპორციაც და უძრავი მიმიკა, რომელიც ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ვერსიაზე იკვეთება.

1. კადრი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოდან 2. კადრი თორნიკე რაზმაძის მიერ გამოქვეყნებული ავთენტური. წყარო: მითების დეტექტორი

 

„პოლიტიკანის” მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყო InVID-ის თანახმად, 96%-იანი ალბათობით ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული.

„ტიკტოკზე“ გამოქვეყნებული ვიდეო შედარებით მოკლე და დაბალი რეზოლუციის არის. ვიდეოზე აღბეჭდილი ადამიანის სახე სრულყოფილად არცერთ კადრში არ ჩანს, რაც მის იდენტიფიცირებას ართულებს. ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყო Sightengine-ით გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ აღნიშნული ვიდეოც 77%-იანი ალბათობით ხელოვნური ინტელექტით გენერირებულია.

წყარო: მითების დეტექტორი

რაც შეეხება „განულებული ოპოზიციის” მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, ის მტკიცებულებების გარეშეა, რადგან არ არის დაკონკრეტებული დედის სახელი, რომელიც შვილის ნარკოტიკებით გარდაცვალებაში თორნიკე რაზმაძეს ადანაშაულებს, არც სოციალური მედიის პოსტის ლინკია მითითებული. ღია წყაროებით არ იძებნება ინფორმაცია დავით ბუაჩიძის ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვალებასთან დაკავშირებით“, – წერს „მითების დეტექტორი“.

მათი ინფორმაციით, ანონიმური „ფეისბუქ“ გვერდები „განულებული ოპოზიცია” და „პოლიტიკანი” ხელისუფლების ოპონენტების დისკრედიტაციის კამპანიებში ადრეც იყვნენ ჩართული; ისევე როგორც Tiktok გვერდი – DaDash Pirveli.

სამოქალაქო აქტივისტმა თორნიკე რაზმაძემ დღეს, 23 ნოემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის წინააღმდეგ შეტევა, რამაც უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა მიიღო.

კერძოდ, რაზმაძის ინფორმაციით, ერთ-ერთ „ფეისბუქ“ ჯგუფში ვრცელდება მისი ტელეფონის ნომერი, რომ თითქოს ის ნარკოტიკს ყიდის.

„ჩემს ტელეფონის ნომერს აქვეყნებენ სხვადასხვა ჯგუფში, თითქოს ნარკოტიკებს ვყიდი და ამ ნომერზე უნდა დამირეკონ. ჩემზე შეტევამ მიიღო სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა, მხოლოდ პროპაგანდა აღარაა ეს”, – წერს თორნიკე რაზმაძე.

აქტივისტი წერს, რომ „ფეისბუქ“ ჯგუფში – „დიდი დიღომი – დიღმის ჯგუფი“ – გამოქვეყნებული განცხადების სქრინშოტი WhatsApp-ის საშუალებით უცნობმა პირმა გაუგზავნა. მისივე თქმით, თავად პოსტი ვეღარ იპოვა.