ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა

პუბლიკა

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა. ახალი შეზღუდვები რუსეთის საბანკო და კრიპტოინფრასტრუქტურას, ენერგეტიკულ სექტორს, ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს, სავიზო რეჟიმს, ასევე სპორტისა და კულტურის სფეროებს მოიცავს.

სანქციების ახალი პაკეტი ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

ფინანსური სექტორი

ევროკავშირი ტრანზაქციების აკრძალვას დამატებით 60 რუსულ ბანკზე ავრცელებს. სანქციების შედეგად, ეს ბანკები SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან გაითიშება.

შეზღუდვები ასევე შეეხება კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ პლატფორმებსა და საგადახდო ქსელებს. ევროკომისიის განცხადებით, ყურადღება გამახვილდება არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ მესამე ქვეყნებზეც, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

ამ მიმართულებით მუშაობის გასაძლიერებლად ევროკომისიამ კრიპტოსანქციების სამუშაო ჯგუფიც შექმნა, რომლის მიზანი საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაცია იქნება.

ენერგეტიკული სექტორი და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი:

ევროკავშირი აფართოებს ენერგეტიკული მომსახურების აკრძალვას. ახალი შეზღუდვებით, ევროპულ კომპანიებს აეკრძალებათ რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობაში, ექსპლუატაციასა და შეკეთებაში მონაწილეობა. პირველად, აკრძალვა ელექტროენერგეტიკულ მომსახურებებსაც შეეხება.

გარდა ამისა, სანქციების სიას რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 70-ზე მეტი გემი დაემატება. ევროკომისია ასევე გემების იმ ტანკერების აკრძალვას სთავაზობს, რომლებიც რუსეთში არიან დაზღვეული.

სავიზო შეზღუდვები

ევროკომისია რუსეთის ყოფილ მებრძოლებს ევროკავშირში შესვლას აუკრძალავს.

კომისიის განმარტებით, ევროპაში რუსეთის სპეცსამსახურების არაკონვენციური და ძალადობრივი აქტივობების გააქტიურების ფონზე, ყოფილი მებრძოლები უსაფრთხოების რისკს წარმოადგენენ და მათ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ.

რუსული კომპანიების მმართველი ორგანოები

ახალი პაკეტი ევროპელებს აუკრძალავს რუსეთში მოქმედი კომპანიების მმართველ ორგანოებში თანამდებობების დაკავებასაც. ევროკომისიის განცხადებით, რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩვეულ რეჟიმში საქმიანობის გაგრძელება დაუშვებელია.

სპორტი და კულტურა

შეზღუდვები შეეხება სპორტისა და კულტურის სფეროებსაც. ევროკომისიის პოზიციით, სპორტული ღონისძიებები პროპაგანდის ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს.

ახალი ზომების მიხედვით, ევროკავშირში ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებებში რუსულ გუნდებსა და სპორტსმენებს რუსეთის დროშის ქვეშ ასპარეზობა აეკრძალებათ. ასევე აიკრძალება რუსეთის ოფიციალური სიმბოლოების გამოფენა.

გარდა ამისა, შეიზღუდება რუსი სპონსორებისგან ევროპული სპორტული და კულტურული ორგანიზაციებისთვის ფინანსური ნაკადები. რუსებს ასევე აეკრძალებათ ევროპაში დაფუძნებული სპორტული ფედერაციების მმართველ ორგანოებში თანამდებობების დაკავება.

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის პოზიცია უცვლელია: „ჩვენ უკრაინას ვაძლევთ ძალას, უზრუნველყოს მშვიდობა, ხოლო რუსეთს – ყველა მიზეზს, რომ მშვიდობა აირჩიოს“.