25 ნოემბრიდან ძალაში შევიდა ცვლილება შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურების შესახებ 2010 წლის დადგენილებაში.
ცვლილებით განისაზღვრა ახალი, წონის მიხედვით გამოსათვლელი მომსახურების საფასური.
ახალი წესის მიხედვით, საქონლის იმპორტისას – თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას – განისაზღვრა საფასური: ყოველ ერთ კილოგრამზე 3 ლარი.
ეს საფასური დაემატა შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურების ჩამონათვალს და ვრცელდება სეს ესნ-ის 61–65 სასაქონლო ჯგუფებში კლასიფიცირებულ საქონელზე, მათ შორისაა:
- ტანსაცმელი და ტანსაცმლის დანამატები (როგორც ნაქსოვ/ტრიკოტაჟი, ისე ქსოვილისგან შეკერილი ნაწარმი);
- სხვა მზა საფეიქრო ნაწარმი, მათ შორის თეთრეული, ფარდები და პლედები;
- ფეხსაცმელი, გეტრები და მათი ნაწილები;
- თავსაბურავები და მათი ნაწილები.
დადგენილებაში გათვალისწინებულია გამონაკლისები. კერძოდ, კილოგრამზე სამი ლარის ახალი საფასური არ ეხება:
- მეორად ტანსაცმელსა და სხვა ნახმარ ნივთებს, ასევე ნახმარი ან ახალი ქსოვილის ნარჩენებს (6309 და 6310 სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებულ საქონელს);
- საქონელს, რომლის გაფორმებისას წარდგენილია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ან დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში გაცემული წარმოშობის სერტიფიკატი ან წარმოშობის დეკლარაცია;
- შემთხვევებს, როდესაც გაფორმება ხდება საბაჟო დეკლარაციის გამარტივებული სპეციალური ფორმის („ფორმა 4“-ის) გამოყენებით, ან როცა პირი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით თავისუფლდება მომსახურების საფასურის გადახდისგან.
ცვლილების თანახმად, წონის მიხედვით განსაზღვრულ ახალ საფასურს (კილოგრამზე 3 ლარს) პირი იხდის იმ შემთხვევაში, თუ საქონლის წონის მიხედვით გამოთვლილი თანხა დადგენილებით განსაზღვრული სხვა შესაბამისი მომსახურების საფასურის ოდენობას აღემატება. ასეთ შემთხვევაში პირი ახალი საფასურის გადახდის შემდეგ იმავე დადგენილებით ჩამოთვლილი შესაბამისი მომსახურების საფასურებისგან თავისუფლდება.
დადგენილებით ასევე დაზუსტდა, რომ საბაჟო დეკლარაციის შევსების მოთხოვნის დროის მიხედვით სხვადასხვა შეზღუდვა მოქმედებს: ერთი – თუ დეკლარაციის შევსება საქონლის საქართველოში შემოტანამდეა მოთხოვნილი, და მეორე – სხვა შემთხვევებში.